KA
2024-10-09T18:49:07.000000Z
თბილისის სატელევიზიო  კოშკი - ტელეანძა

თბილისის სატელევიზიო კოშკი - ტელეანძა

ყველა ქალაქშია ერთი გამორჩეული ადგილი, ძეგლი ან შენობა, რომლითაც სტუმრებს თავს ამახსოვრებს, ადგილობრივებისთვის კი ძალიან შინაური და ძვირფასია. ასეთი „სავიზიტო ბარათი“ და სიმბოლოა თბილისისთვის ტელეანძა.
სარჩევი

ტელეანძა ათწლეულებია ქალაქს მთაწმინდის პლატოდან გადმოჰყურებს და მისი კომუნიკაციების ბურჯია.

ისტორია

თბილისში ტელეანძა 1955-56 წლებში აიგო. ნაგებობა 185 მეტრის სიმაღლის იყო და მისი აშენების შემდეგ სატელევიზიო მაუწყებლობაც დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ ძველი ანძის რესურსები შეზღუდული იყო და მას არხების გაზრდის საშუალება არ ჰქონდა, მისი ჩანაცვლება გადაწყდა. 1972 წელს თანამედროვე დიზაინის ანძა აიგო, რომელიც დღემდე ამშვენებს ქალაქს. ძველი ანძა კი ქალაქ გორთან ახლოს გადაიტანეს. 

ამჟამად ანძის სიმაღლე 277.5 მეტრია. 2017 წლამდე ის 274.5 მეტრის სიმაღლის იყო, თუმცა კოშკის შემადგენელი კონსტრუქციული ელემენტი — სუპერტურნიკეტული ანტენა დაემატა, რის შემდეგაც მისი სიმაღლე 3,5 მეტრით გაიზარდა. 

1955 წლიდან ანძას „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ მართავს. ტელეანძის საკომუნიკაციო სისტემები კი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა ტრანსლირება, MMDS, პეიჯერი და მობილური გადამცემი და კომერციული ტელევიზია.

საინტერესო ფაქტები

თბილისის ანძა

თბილისის ანძა ევროპის უნიკალური ანძების სიაშია შეტანილი. აღსანიშნავია, რომ მისი კონსტრუქციის პროექტზე  კიევის მეტალოკონსტრუქციების კვლევითმა ინსტიტუტმა იმუშავა. მათ ეკუთვნით ასევე კიევისა და ერევნის ანძის პროექტებიც, რომლებიც თბილისის ანძის მსგავსია. 

თბილისის ანძა წითელი და თეთრი ფერისაა, რაც საერთაშორისო სტანდარტს იმეორებს და თავისი ფუნქციაც აკისრია, ეს ფერები შერჩეულია იმისათვის, რომ მფრინავმა ობიექტმა შორი მანძილიდანაც შეამჩნიოს. საინტერესოა, რომ ანძა ხუთ წელიწადში ერთხელ იღებება. დაახლოებით ამდენივეა მისი ღებვის ხანგრძლივობაც. მისი შეღებვა იწყება ზედა წერტილიდან ქვედა მიმართულებით.

ანძა ქარის დროს 9 მეტრზე იხრება, კონსტრუქცია კი 9-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი.

თბილისის ანძა პერიოდულად, სადღესასწაულოდ თუ სხვა დანიშნულებით, სხვადასხვა ფერად ნათდება. ის ზღვის დონიდან 719,2 მეტრის სიმაღლის მთაზე დგას და თბილისის თითქმის ყველა წერტილიდან მოჩანს.

ტელეანძის დათვალიერება

თბილისის ანძა ღამით

თბილისის ტელეანძას ამ ეტაპზე ტურისტული და სანახაობრივი ფუნქცია არ აქვს, შესაბამისად, მასზე ასვლა და დათვალიერება ქალაქის სტუმრებისთვის შეზღუდულია, თუმცა დაანონსებულია მისი გაფართოება და 70 მეტრის სიმაღლეზე, პანორამული გადმოსახედისა და კვების ობიექტების მოწყობა. 

საგულისხმოა, რომ ტელეანძებს ტურისტული ფუნქცია მრავალ ქვეყანაში აქვს. თბილისის შემთხვევაშიც მისი დათვალიერება სრულიად უსაფრთხო იქნება სტუმრებისთვის, რადგან  ციფრული მაუწყებლობა გამოსხივებისაგან დაცულია.

ამჟამად ტელეანძაზე ასვლა თანამშრომლებს შეუძლიათ, რომლებიც მრგვალ შენობამდე ლიფტით სარგებლობენ. ტელეანძას 80-ამდე ადამიანი ემსახურება.

ადგილმდებარეობა

თბილისის ტელეანძა მთაწმინდის პლატოზე მდებარეობს. თუ მისი საინტერესო კუთხიდან დანახვა გსურს და ქალაქის ხედებით ტკბობას ან დასვენებას გადაწყვეტ, მთაწმინდის პარკს უნდა ესტუმრო. ის თავისუფლების მოედნიდან მანქანით დაახლოებით 15 წუთის სავალზეა და მუდმივად იზიდავს ტურისტებსა თუ ადგილობრივებს. პარკამდე ყველაზე სწრაფად შეგიძლია ფუნიკულიორით იმგზავრო, რომელიც ყველა სეზონზე სრული დატვირთვით მუშაობს და 500-მეტრიანი გზის დაფარვას 3 წუთს ანდომებს. აქ ასევე ადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ავტობუსი, რომელიც რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანს გაივლის.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა