სოფლის გორაკებიდან ულამაზესი პანორამა იშლება - „საქართველოს პურის ბეღელი“, შირაქის ველის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც 35 კილომეტრზეა გადაჭიმული და მარცვლეული კულტურების სახნავ-სათესად გამოიყენება. ამ ტერიტორიაზე ყველაზე დინჯი და მშვიდი მდინარე ალაზანი ჩამოდის. მისი ნაპირების გასწვრივ XIX საუკუნეში სამი სოფელი დასახლდა და მათ შორისაა არხილოსკალო.
დღესდღეობით, აქ, მიტოვებული სამხედრო აეროდრომი და დაცლილი ანგარები მოგზაურთა საყვარელი ადგილია ფოტომოგონებების დასაგროვებლად.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი დაბალი მთის კლიმატური კურორტია.
არხილოსკალო ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს. აქ უმეტესად მზიანი დღეები და სტეპის სუსტი მშრალი ქარები იცის. ამ ტერიტორიაზე, 500 მეტრის რადიუსში, მზის სხივებს სამკურნალო თვისებები აქვს და განსაკუთრებით სასარგებლოა თირკმელების ანთების დროს.
სოფელი თანამედროვე ცხოვრებით ცხოვრობს. აქ ღამის გათენება შესაძლებელია კოტეჯებშიც და კარავშიც - ამისთვის არხილოსკალოს გაშლილ ვაკეზე ბევრი კარგი ადგილია.
სოფელში ერთი საინტერესო არქეოლოგიური ძეგლია აღმოჩენილი - ძვ. წ. I საუკუნის და ახ. წ. I საუკუნის სამაროვანი.
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია კი სულ ახალგაზრდა ტაძარია - ის საქართველოს პატრიარქის კურთხევითა და ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით აიგო. როცა ტაძრის საძირკველს თხრიდნენ, მიწაში ისეთი რამ აღმოაჩინეს, რომელმაც ხალხში ლეგენდად გავრცელებული უმძიმესი ამბავი დაადასტურა... თუმცა ამის შესახებ ადგილზე მოგიყვებიან.
და კიდევ, არხილოსკალოდან კავკასიონს უნდა გადახედო - ეს სასწაული ემოციაა და ის ენერგია მოაქვს, რომელიც 21 წლის ბიჭს ოლიმპიურ ჩემპიონად აქცევს და მთელი მსოფლიოს გასაგონად ათქმევინებს: ჩემი სამშობლოა არხილოსკალო, საქართველო!