KA

მახინჯაური - გამაჯანსაღებელი კურორტი შავ ზღვაზე

მახინჯაური ბათუმის ცენტრიდან ჩრდილოეთით 6 კმ-ში, ზღვის დონიდან 15 მეტრზე, კარა-დარესა და მწვანე კონცხებს შორის მდებარეობს. უნიკალური ნოტიო სუბტროპიკული მიკროკლიმატი, ზღვისა და მთების სიახლოვე შესანიშნავ საშუალებას იძლევა აქ დასვენებისა და გაჯანსაღებისთვის. 
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
5:40 სთ
ბათუმი
0:20 სთ
ქუთაისი
2:20 სთ

კურორტის შესახებ

მახინჯაური ცნობილი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. აქაურ მინერალურ წყალს ადგილობრივები სამკურნალოდ გასული საუკუნის დასაწყისიდან იყენებდნენ. 

წყლის პირველი მეცნიერული კვლევა მახინჯაურში 1912 წელს ჩატარდა. როგორც ამბობენ,  სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი აქ მას შემდეგ შეიქმნა, რაც ერთ-ერთმა დამსვენებელმა სამკურნალო თერმული წყაროები აღმოაჩინა. 

ზღვაზე მკურნალობის საუკეთესო ფაქტორად ჰელიოთერაპია და თალასოთერაპია მიიჩნევა, თუმცა მახინჯაურში არის მინერალური წყაროებიც, რომლებსაც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებენ. მახინჯაური  ცნობილია თავისი „გოგირდის აბანოებითაც“. 

მოსახერხებელი ადგილმდებარეობა და სამკურნალო წყაროები ძირითადი მიზეზია იმისა, რომ მახინჯაურს მთელი წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი სტუმრობს.

მახინჯაურის ბუნება 

მახინჯაური ცნობილია თავისი ბოტანიკური ბაღითაც. ბაღი შედგება ზედა, ქვედა და ზღვისპირა პარკებისგან, სადაც ტროპიკული მცენარეების სილამაზით დატკბები. აქვეა მტირალას ეროვნული პარკი და პლატფორმები გადამფრენ ფრინველებზე დასაკვირვებლად. 

გართობა და დასვენება

მახინჯაურის პატარა, კენჭოვან სანაპიროს სიმწვანეში ჩაფლული ბორცვები დაჰყურებს. ზღვა და პლაჟი აქ განსაკუთრებული სისუფთავით გამოირჩევა. სანაპიროდან  ბათუმისა და მისი შემოგარენის უმშვენიერესი ხედები იშლება. 

შეგიძლია, პლაჟზე ფეხბურთისა და ფრენბურთის თამაშით გაერთო, აქვეა წყლის გასართობები და მცირე ზომის ნავები, წყლის ველოსიპედები და სხვა. 

მახინჯაური შესანიშნავი ადგილია ოჯახთან ერთად დასასვენებლად. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა