მარშრუტი კურორტ ლებარდეში იწყება, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე მდებარეობს. ლებარდე ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია, სადაც მიწის ზედაპირზე თვითდინებით ამოდის სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყალი.
ლებარდედან გზა ტბებისკენ ჯერ ტყეში გადის, შემდეგ ალპურ მდელოზე გრძელდება. კურორტიდან 10 კილომეტრით არის დაშორებული დიდი ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს, მისგან 3 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2400 მეტრზე პატარა ტბაა. ტბების მიმდებარე ტერიტორია იდეალურია კემპინგისთვის.
ტურის შემდეგი გაჩერება ასხის კირქვული მასივია, რომელიც დასავლეთ სამეგრელოსა და ლეჩხუმის საზღვარია. პლატოზე ასვლისას გზად მწყემსების საზაფხულო სადგომებია, სადაც ღამის გათენება შეიძლება.
პლატო 2000-2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს. აქ ულამაზესი სუბალპური და ალპური მდელოებია და კარვებით დასარჩენად პოპულარული ადგილია.
ასხის მასივიდან 30 კილომეტრში და ზღვის დონიდან 640 მეტრზე, მდ. ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ზუბი. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია შუა საუკუნეების, თითქმის მიუვალი ციხესიმაგრის ნანგრევები. ზუბი განსაკუთრებით ცნობილია იმით, რომ აქ იშვიათი ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში უსახელოური ხარობს.