KA

მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

საქართველოს მდიდარი არქეოლოგიური ფონდები საშუალებას გაძლევს, ქვეყნის უძველეს ისტორიაში იმოგზაურო და ადრეული ქვისა და ბრინჯაოს ხანიდან გაეცნო ადამიანთა ყოფას. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არქეოლოგიური მასალაც.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მარტვილი

მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ისტორია

მუზეუმი 1957 წელს ისტორიკოსმა გივი ელიავამ დააარსა და მის მიერ არის მოპოვებული მუზეუმის ექსპოზიციის ძირითადი ნაწილი. დღეისათვის მუზეუმში 53 ათასამდე არტეფაქტია თავმოყრილი სამეგრელოს ოთხი რაიონიდან: მარტვილიდან, აბაშიდან, სენაკიდან და ჩხოროწყუდან. 

რას ნახავ მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში?

კოლექცია, რომელიც მარტვილის რაიონის უმდიდრეს ისტორიას მოგვითხრობს, მოიცავს ადრეული ქვისა და ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ არტეფაქტებს, სამუშაო და საბრძოლო იარაღს, სარიტუალო ქვებსა და სამკაულებს. 

მუზეუმში შეგიძლია ნახო მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა: ძვ. წ. IV-II საუკუნეების ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი, X-XVIII საუკუნეების ვერცხლის მონეტების კოლექცია, XVIII-XIX საუკუნეების ხელნაწერები, სიგელები და სხვა. 

აქ ინახება სამარხებში აღმოჩენილი მძივების უნიკალური კოლექცია. ადგილობრივი მასალით დამზადებული მძივების გარდა, არქეოლოგებმა სამარხებში განსხვავებულ სამკაულებსაც მიაგნეს - ქარვის ნატეხებსა და ეგვიპტური ფაიანსს, რაც იმას მოწმობს, რომ ადგილობრივებს სავაჭრო კონტაქტები ჰქონდათ უცხო ქვეყნებთან. 

მუზეუმის ექსპონატებს შორის არის ბალახისმჭამელი მარტორქის ქვედა ყბისა და მენჯის ძვლები, რომელთა ასაკი დაახლოებით 11-14 მილიონი წელია! ექსპოზიციაში წარმოდგენილია მცენარეთა გაქვავებული ნიმუშებიც და მათი ასაკი 11-13 მილიონი წლით განისაზღვრება.  

მარტვილის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს აღმოჩენილია ბრინჯაოს ზოდები, ქურის შელესილობა, კერამიკული მილები და მეტალურგიული წარმოების სხვა ნაშთები, რაც ამ ადგილებში მეტალურგიის მძლავრი კერის არსებობას ადასტურებს.

საინტერესო ექსპონატებია ძველი კოლხური ხორბლისა და ღომის მარცვლეული კულტურების ნიმუშები.

ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მუზეუმში დაცული ფრესკები, რომლებიც 60-იან წლებში მარტვილის ტაძრიდან გადმოიტანეს. მათ შორისაა: „ბზობა/იერუსალიმში შესვლა“, „მთავარანგელოზი გაბრიელი“, „წმინდა ლუკა მახარობელი“ და „წმინდა მათე მახარობელი“.

მარტვილის მუზეუმში ყურადღებას იქცევს ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის ძვირფასი ხალიჩა, რომელიც ერეკლე მეფის თელავის სასახლეში გაჩენილი ხანძრის შემდეგ გადმოუტანიათ. საინტერესოა ორნამენტებით დაფარული ვერცხლის სურებიც, რომლებზედაც თამარ მეფის სახეა აღბეჭდილი. ასევე აქ იხილავ ქართველი მხატვრების, ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის ფერწერულ ნამუშევრებს.

მუზეუმის ეზოში დარგულია კოლხური ვაზის უნიკალური, გადაშენების პირას მყოფი ჯიშები. მუზეუმს საკუთარი მარანიც აქვს, სადაც ყურძენს წურავენ და სტუმრებს საკუთარი ღვინით უმასპინძლდებიან.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა