თუმცა საფოსტო მისამართი აუცილებლად მისათითებელი იყო იმ დოკუმენტაციაში, რომელიც ამ ღვინის ექსპორტისთვის გახდა საჭირო - არც მეტი, არც ნაკლები, საფრანგეთში, პარიზში, სადაც ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე წარდგენილმა ოჯალეშმა უმაღლესი ჯილდო - „დიდი ოქროს მედალი“ დაიმსახურა.
საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ის დის შვილიშვილს, პრინც აშილ მიურატსა და მის მეუღლეს სალომე დადიანს უდიდესი წვლილი მიუძღვით ოჯალეშის განვითარებასა და ინდუსტრიალიზაციაში. ფრანგი დიდგვაროვნისა და ქართველი პრინცესის წყვილმა რადიკალურად შეცვალა სალხინოში მევენახეობა-მეღვინეობის ტრენდი და იქ არსებულ ტრადიციაზე ინდუსტრიული მეღვინეობა დააშენა – მათ ოჯალეშის ვაზი ხურმის ხეებიდან კლასიკურ მწკრივებში ჩამოიყვანეს და ამის შემდეგ დაიწყო თითქმის მივიწყებული ჯიშის ღვინის წარმოება და ექსპორტი ზემოხსენებულ საფრანგეთში.
წითელი, ნახევრად ტკბილი სუფრის ღვინო „ოჯალეში“ ოჯალეშის ჯიშის ყურძნისაგან ყენდება. ღვინო მუქი ლალისფერია, ნაზი ბუკეტითა და მდიდარი ჰარმონიული გემოთი.
ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი (სწორედ მისი სახელის მატარებელია დღეს თბილისის ერთ-ერთი პოპულარული ქუჩა, რომელიც ტურისტებით მუდამ სავსეა) XVII საუკუნეში საქართველოს შემოვლის შემდეგ დიდი ქებით იხსენიებს სამეგრელოს ღვინოებს: „სამეგრელოს ღვინო საუცხოოა, იგი მაგარი და ბლანტია, მეტად სასიამოვნოა სასმელად და კუჭისთვისაც მარგებელია“.
სალომე დადიანის მამის, ბატონ დავით დადიანის 1852 წლით დათარიღებულ წერილში კი იკითხება: „უპირველესი ღვინო არის ოჯალეშისა, რომელიც მოდის სალხინოს მაღალს ხურმის ხეებზე შეშვებული ვენახის ნაყოფთაგან“.
1848 წლის აღდგომას დადიანებთან სტუმრად მყოფი ფრანგი ქართველოლოგი მარი ბროსე (მისი სახელობის ქუჩა თბილისის ცენტრში მდებარეობს) აღნიშნავს: „არც დარბაზში, არც ბაღში, არსად მე არ შემინიშნავს ერთი კაციც, რომელსაც ღვინოში დაეხრჩოს თავისი ჭკუა-გონება და ღმერთმა კი იცის, რა ნექტარიც რამ არის ოჯალეში… სასმელად ცოტა მაგარი, მაგრამ კარგი. მე არ შემიძლიან არ შევადარო ის საუკეთესო ბორდოს, საქართველოში იმის მეტოქედ მე არ ვიცნობ სხვა ღვინოს, გარდა ატენის ღვინისა. მთელ დედამიწაზე იმას მარტო ტოკაის ღვინო თუ სჯობია“.
მიურატების მიერ დაყენებული ღვინო ადგილობრივ ბაზარზეც იყიდებოდა და რუსეთსა და ევროპაშიც იგზავნებოდა. საფრანგეთში გასაგზავნი ოჯალეშის ბოთლის ეტიკეტები დადიანების სასახლეშია დაცული. ეს ეტიკეტები საფრანგეთში იბეჭდებოდა.
ზოგადად, საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში მეცხრამეტე საუკუნეში თავისი წვლილი უდავოდ შეიტანა ოჯალეშის ექსპორტმა და ამ ღვინის ბოთლებისთვის ეტიკეტების იმპორტმა, რასაც დადიანებმა ჩაუყარეს საფუძველი და შემდეგ მიურატებმა გლობალური მასშტაბები შესძინეს.
ქართველი აკადემიკოსის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის კვლევის თანახმად, რომელიც მან ქართული ვაზის ჯიშებს მიუძღვნა, „ჯა“ ნიშნავს ხეს, ხოლო „ოჯა-ლეში“ - ხეზე ასაშვებ ვაზს, ანუ სახეივნოს. ამ ვაზის წარმოშობის პერიოდი ისტორიულ წყაროებში არ იძებნება, მაგრამ მისი თვისებებიდან და ბიოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უძველესი ქართული ვაზის ჯიშია.
ღვინო ოჯალეში შესანიშნავად ეწყობა ტრადიციულ მეგრულ ხორციან კერძებს: შემწვარ თიკანს, კუჭმაჭს, კუპატსა და შემწვარ გოჭს ყველის სატენით.
დაბოლოს, ოჯალეში კეთილშობილ ქართულ ღვინოთაგანია, რომლის დაგემოვნება საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეგიძლია, მაგრამ თუ სამეგრელოს ესტუმრებით, აუცილებლად მოინახულეთ სალხინოს მარანი, აქ უკეთ შეიგრძნობ დადიანებისა და ოჯალეშის დიდებულებას.