KA
ერთდღიანი ტური რაჭაში
ადგილები, რომლებსაც ამ ტურის განმავლობაში მოინახულებ, თავისი დიდებულებით ნამდვილად გაგაოცებს - სხვადასხვა პერიოდის მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, უძველესი ფრესკები, მომნუსხველი ბუნება და კლდეებში ჩუმად ჩამალული ტბები - თუ ხეტიალი გიყვარს, აქაურობა, სულ რაღაც ერთ დღეში, თავს შეგაყვარებს.
მანძილი
50კმ
დრო
8-12სთ
სირთულე
ადვილი
1ნიკორწმინდის საკათედრო ტაძარი
მდიდრული ჩუქურთმებით ნაქსოვი არშიები, მრავალფეროვანი სიუჟეტის მქონე ფრესკები, ცადაწვდენილი, მაღალყელიანი გუმბათი - ეს ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრად აღიარებული ნიკორწმინდის ტაძარია. 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში შეტანილი ამ ძეგლის ნახვა რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში შეგიძლია.
2ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია
რაჭა, მწვანე მთებით გარშემორტყმული სოფელი წესი, მდინარეების - ლუხუნისა და რიონის შესართავი, ხეობაში შეყუჟული სახლები, შემაღლებულზე კი მარადისობის ნიშანივით მდგარი ბარაკონი - ეს ქართული ხუროთმოძღვრების ცოცხალი ძეგლია. როცა მას დაინახავ, აუცილებლად დაფიქრდები, რეალურია თუ არა ის.
3შაორის ტბა
რაჭაში, თოვლით დაფარული მწვერვალების, უღრანი ტყეებისა და ყვავილებით მოჩითული მდელოების გულში ხელოვნური წყალსაცავი მდებარეობს - შაორი, რომელიც გართობისა და დასვენებისთვის ზღაპრულ გარემოს შეგიქმნის.
4ამბროლაური
მდინარეების - რიონისა და კრიხულის შესართავთან 550 მეტრ სიმაღლეზე გაშენებული პატარა ქალაქი XVII საუკუნეში იმერეთის მეფეების ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. ეს ამბროლაურია - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრი, ცივი ზამთრის, მშრალი და ცხელი ზაფხულისა და ულამაზესი ხედების ადგილი.
5ონი
თბილისიდან 210 კმ-ში, რაჭაში, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ღრმა ხეობაში გაშენებულია მყუდრო ქალაქი ონი. ისტორიულ წყაროებში ონი პირველად XV-XVI საუკუნეებშია მოხსენიებული, მაგრამ ქალაქის ტერიტორიაზე ადამიანები ბრინჯაოს ხანიდან ცხოვრობდნენ. საკუთრივ ქალაქი ძვ. წ. II საუკუნეში იბერიის მეფე ფარნაჯომს დაუარსებია. ამას ონში აღმოჩენილი ძვ. წ. VI-III საუკუნეების ბრინჯაოს ხანის ნივთები ადასტურებს.
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა