ტური იწყება ქუთაისიდან კურორტ საირმის მიმართულებით.
საირმიდან ადიხარ ზეკარის უღელტეხილზე (2180 მ ), რომელიც იმერეთსა და სამცხეს აკავშირებს. ეს გზა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკზე გადის. შემდეგ გზა სამთო-ბალნეოლოგიურ კურორტ აბასთუმანში ჩადის. აქ კი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია უნდა დაათვალიერო.
მარშრუტი გრძელდება ქალაქ ახალციხის მიმართულებით. ამ ისტორიულ ქალაქს ერთი დღე მაინც დაუთმე, დაათვალიერე „ახალციხის (რაბათის) ციხე“, რომლის ისტორია IX საუკუნიდან იწყება.
ღამის გასათევად ახალციხეში ბევრი სასტუმროა, მათ შორის - ქალაქის ისტორიულ უბანშიც.
ახალციხიდან ვარძიისკენ გაემგზავრები. გზად სოფელ რუსთავსა და სოფელ ხერთვისს გაივლი, რომელიც შუა საუკუნეების ციხესიმაგრითაა ცნობილი.
ხერთვისიდან ვარძიამდე გზა მტკვრის ხეობაში გადის. გზად კიდევ ერთ ისტორიულ ძეგლს შეხვდები - თმოგვის ციხესიმაგრეს, რომელიც შუა საუკუნეებში წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოსასვლელ გზას აკონტროლებდა.
შემდეგი გაჩერებაა ვარძიაა - XII-XIII საუკუნეების უნიკალური, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი.
ღამის გასათევად სოფელ ვარძიის სასტუმროში გაჩერდები.
ვარძიიდან ქუთაისისკენ მიმავალ გზაზე კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსს „ვანის ქვაბებს“ დაათვალიერებ - VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების კიდევ ერთ საინტერესო ძეგლს.
ამ მარშრუტზე მოგზაურობისთვის ავტომობილი suv ან cross ტიპის უნდა იყოს და შესაბამისი აღჭურვილობაც უნდა ჰქონდეს.
რელიეფიდან გამომდინარე, რეკომენდებულია უნივერსალური ზედაპირის ან ტალახის საბურავი.
თან უნდა იქონიო GPS ნავიგატორი.
საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს დაუკავშირდე, ნომერზე 112.