ბეჩოს თემის ერთ-ერთი უძველესი სოფელი მაზერი მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე დოლრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1660 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ამ სიმაღლიდან კარგად მოჩანს უშბა და მიმდებარე ტერიტორიები.
მაზერი მესტიიდან 25 კილომეტრშია. აქ ბევრი მარშრუტია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის ტურებისთვის. ეს კონკრეტული მარშრუტი გაივლის სოფლის თავზე, ტყეში მდებარე X საუკუნის ნასოფლარს, რომელსაც გული ჰქვია. ის ცნობილია ამავე საუკუნის სალოცავით, სადაც ბეჩოს მცხოვრებლები დღესასწაულებს აღნიშნავენ.
მარშრუტს სოფელ მაზერიდან ვიწყებთ. გავდივართ ტყის მასივს, გულის ნასოფლარს და ალპურ ზონას მივაღწევთ. აქედან გულის უღელტეხილისკენ მივემართებით. ასავლელი ვერტიკალი 1340 მეტრია.
უღელტეხილის უმაღლეს წერტილამდე არ ავდივართ, დაშვებას დაახლოებით 3000 მეტრი სიმაღლიდან ვიწყებთ. ჩავდივართ სოფელ მაზერში.
აღნიშნულ მარშრუტზე წამსვლელებს განთავსება შეუძლიათ როგორც მესტიაში არსებულ სასტუმროებში, ისე სოფელ მაზერში და მის მიმდებარე სოფლებში არსებულ საოჯახო სასტუმროებში.
სასტარტო ადგილას მისვლა მაღალი გამავლობის ავტომობილითაა შესაძლებელი.
გამოცდილი გამყოლის დაქირავების გარდა, მნიშვნელოვანია, სრულყოფილი აღჭურვილობა გქონდეს: სპეციალური თხილამურები, საზვავო ჩანთა, გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი, სხვა საჭირო ნივთები.
სკიტურებისთვის კარგი ფიზიკური მომზადებაა საჭირო. თუკი ამ თვალსაზრისით დახმარება გჭირდება, ორკვირიან მომზადებას ადგილობრივი სერტიფიცირებული სპეციალისტები გაგატარებენ.