სვანეთის თითოეულ სოფელსა და თემში „სკი ტურის“ ათობით მარშრუტია, სადაც შესაძლებლობა გეძლევა, შენს პროფესიონალიზმსა და პროფესიონალ გამყოლზე დაყრდნობით, თავად აირჩიო სასურველი მათგანი. გაითვალისწინე, რომ პროფესიონალი გამყოლის ყოლა მთებში აუცილებელია, რადგან მათ კარგად იციან გზები და მოსალოდნელი საშიშროებების შესახებაც აქვთ ინფორმაცია.
როგორც წესი, „სკი ტურისთვის“ სვანეთს 7-9 დღის განმავლობაში სტუმრობენ და გაუკვალავ თოვლში თითქმის ყველა მთასა და უღელტეხილზე სრიალებენ. დაგჭირდება სპეციალური აღჭურვილობა, ფეხსაცმელი, სათვალე, ბაფი და „სკი ტურის“ მინიმალური ტექნიკის ცოდნა შესაძლო ტრავმების თავიდან ასაცილებლად.
ბეჩო მესტიის თემია, რომელიც უშბის ძირას მდებარეობს. „სკი ტურის“ ერთ-ერთი მარშრუტით შესაძლებელია მესტიისა და ბეჩოს გამყოფ - გულის უღელტეხილზე, 1300 მეტრ სიმაღლეზე მოხვდე. ტურის მოწყობა, აგრეთვე, შესაძლებელია ბეჩოს თემის სოფელ ტვებიშში, მთა დეცილის ჩრდილოეთ კომპოზიციის ფერდებზე, სოფელ ეცერამდე, ასევე - ლაილას მასივში.
ბეჩოში „სკი ტურისას“ შენ წინ გადაიშლება ხედები უშბაზე, კავკასიონზე, სვანეთის ქედსა და ბეჩოს სოფლებზე.
უშგული ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია „სკი ტურის“ მოყვარულებისთვის. აქედან მარშრუტები მთავარი გზიდანვე იწყება და ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლეზე ადის. აქ ყველა სირთულის სასრიალო გზაა. უშგულში მაღალი ხარისხის თოვლი და უძველეს კოშკებსა და დასახლებაზე გამაოგნებელი ხედები იშლება.
მესტიის ირგვლივ მდებარე სოფლებიდან „სკი ტურის“ უამრავი მარშრუტია, მათ შორის გამორჩეულია სოფლების - მაზერისა და ცხუმარის ტურები. მესტიიდან შესაძლებელია „სკი ტურისთვის“ თეთნულდსა და ჰაწვალსაც ესტუმრო.