კალაური კახეთის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. მისი სახელი ისტორიულ წყაროებში პირველად XIV საუკუნეში გვხვდება.
სოფლის შემოგარენში, ულამაზეს ფოთლოვან ტყეში შენს ყურადღებას შუა საუკუნეების ეკლესია-მონასტრების სიმრავლე მიიქცევს. აქ თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეგხვდება ეკლესია ან ეკლესიის ნაშთი.
მათ შორის არის:
იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი - აშენებულია IX საუკუნეში. მონასტრის მთავარი ნაგებობა ნათლისმცემლის ეკლესიაა. ტაძრის გვერდით, სამხრეთ სამლოცველოში კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის საფლავია.
წმინდა გიორგის ეკლესია - აშენებულია VI-VII საუკუნეებში.
სოფლის ცენტრში კი წმინდა ნინოს დარბაზული ეკლესია დგას, რომელიც გვიან შუა საუკუნეებს განეკუთვნება.
სოფლიდან ტყემდე გზა და შემდეგ ტყის ბილიკები იდეალურია ფეხით ლაშქრობისთვის.
ეკლესია-მონასტრებს რომ მოივლი, ამის შემდეგ აქაური ღვინოც უნდა დააგემოვნო.
სოფელში უძველესი დროიდანაა განვითარებული მევენახეობა-მეღვინეობა და დღესაც თითქმის ყველა ოჯახში აყენებენ ღვინოს.
კალაურში ნახავ ავთენტიკური სახით შემორჩენილ, XVII საუკუნის „პაპოაანთ“ მარანს (ჯანიაშვილების მარანს), რომელიც კალაურის ერთგვარი სავიზიტო ბარათია.
კალაური გურჯაანი-თელავის ცენტრალურ გზაზე მდებარეობს და სოფელში სტუმრობა წელიწადის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლია.