ბახმარო კლიმატური კურორტია, რომელსაც ზაფხულში ძირითადად ჰაერის სამკურნალო თვისებების გამო სტუმრობენ, ზამთარში კი სრულიად განსხვავებულ სახეს იძენს და აქტიური დასვენების ენთუზიასტებისთვის საყვარელი დანიშნულების ადგილი ხდება. ბახმაროს განსაკუთრებულობა მის ხელშეუხებელ ბუნებასა და ავთენტურ გარემოშია. აქ არ არის მოწყობილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც პოპულარულ სათხილამურო კურორტებზე გვხვდება, რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ფრირაიდის ენთუზიასტებსა და სპორტის სხვა ექსტრემალური სახეობების მოყვარულთათვის
ბახმაროს განსაკუთრებულობას მისი გეოგრაფიულ მდებარეობა განაპირობებს. კურორტი მესხეთის ქედზე მდებარეობს, შავი ზღვიდან მხოლოდ 50 კილომეტრითაა დაშორებული და დამსვენებელს უნიკალურ კლიმატურ პირობებს უქმნის. ზღვასთან განსაკუთრებული სიახლოვის გამო საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს შორისაც კი ბახმარო უხვთოვლიანობითა და თოვლის საფარის განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა. ზამთარში აქ თოვლის საფარი სტაბილურად ინარჩუნებს 4-5 მეტრ სიმაღლეს და იდეალურ პირობებს ქმნის ფრირაიდისთვის.
კურორტს გარს აკრავს ხშირი ნაძვნარი და სოჭნარი. ტყე ბუნებრივ დამცავ ზოლს ქმნის, რომელიც ხელს უწყობს თოვლის საფარის შენარჩუნებას და კურორტს ძლიერი ქარებისგან იცავს. ტყის მასივი ხელს უწყობს ფრირაიდისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას და ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ბახმაროს გრძელი ზამთრის სეზონის - აქ ხელუხლებელი თოვლით დაფარულ მარშრუტებზე სრიალი, როგორც წესი, უფრო დიდი ხანია შესაძლებელი ვიდრე სხვა კურორტებზე. ამას გარდა, ბუნებრივი გარემო არა მხოლოდ პრაქტიკული თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი - თოვლით დაფარული ხშირი ტყეები ესთეტიკურ სილამაზესაც მატებს ადგილს და ისეთ დამსვენებელსაც იზიდავს, რომელიც ნაკლებადაა დაინტერესებული კონკრეტულად სპორტული აქტივობებით.
ამასთან ბახმაროს კლიმატი შედარებით ლმობიერია - მაგ. იანვარსა და თებერვალში, ყველაზე ცივ თვეებში, საშუალო ტემპერატურა დაახლოებით -5.5°C-ია. აღსანიშნავია, რომ იანვარ-თებერვალი სეზონის პიკია, ამ პერიოდში თოვლის ხარისხი განსაკუთრებით მაღალია.
როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ვიზიტორთა თვალში ბახმაროს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა თანამედროვე ინფრასტრუქტურის სიმწირეა. მაგალითად, კურორტზე ჯერაც არ მოქმედებს ერთი საბაგიროც კი. ეს ფაქტი, რომელიც ერთი შეხედვით თანამედროვე კურორტისთვის სავალალო ნაკლია, რეალობაში დიდწილად განაპირობებს ბახმაროს რეპუტაციასა და აქცია ის საქართველოს ყველაზე საინტერესო საზამთრო კურორტად კონკრეტული ტიპის დამსვენებლებს შორის. აქ ჩამოდიან ის მოთხილამურეები, რომლებიც ნამდვილ თავგადასავლებს ეძებენ და კეთილმოწყობილ ტრასებზე სრიალის მაგივრად სურთ თავად გაიკვალონ გზას მწვერვალისკენ. დღესდღეობით ბახმაროს მთავარი აქტივობა სწორედ სკიტურინგია - სპეციალური აღჭურვილობით აღმართზე ასვლა და შემდეგ თავისუფალ თოვლში დაშვება.
ბახმაროს რელიეფის მრავალფეროვნება სხვადასხვა სირთულის მარშრუტების არჩევის საშუალებას იძლევა. დამწყები ფრირაიდერებისთვის ხელმისაწვდომია შედარებით დაბალი და ნაკლებად დამრეცი ფერდობები, გამოცდილ მოთხილამურეებს კი უფრო რთული მარშრუტების ფართო არჩევანი აქვთ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილი გადრეკილის მთაა - მის წვერზე ასვლა და იქიდან დაშვება განსაკუთრებით პოპულარულია გამოცდილ მოთხილამურეებს შორის.
თუმცა კურორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი საინტერესო მარშრუტია, სადაც ნებისმიერი გამოცდილების მოთხილამურე იპოვის თავისთვის შესაფერ ვარიანტს, როგორც შედარებით უკეთ დაცდილს, ისე თითქმის ველურს. მაგალითად, საქორნიის მთის მხარე ცნობილია თავისი გრძელი დაშვებებით, ხოლო ბახმაროს ქვაბულის შიდა ფერდობები იდეალურია მოკლე, ინტენსიური სრიალის მოყვარულთათვის.
უსაფრთხოება ბახმაროში უმთავრესი პრიორიტეტია. კურორტზე საკმაოდ მაღალია ზვავსაშიშროების რისკი, განსაკუთრებით უხვი ნალექის შემდეგ. ტურის დაგეგმვისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ბახმაროს მაღალმთიანი მდებარეობა და კლიმატური პირობები დამატებით გამოწვევებს ქმნის. ნებისმიერი ტური აუცილებლად გამოცდილი გიდის თანხლებით უნდა ჩატარდეს, რომელიც ყველაფერ დანარჩენთან ერთად დარწმუნდება, რომ ყველა მოთხილამურეს აქვს შესაბამისი სპეციალური აღჭურვილობა.
აუცილებელი აღჭურვილობის სიაში სტანდარტული საგნების გარდა შედის ზვავში მოხვედრის შემთხვევაში გამოსაყენებელ საშუალებებს: სანათს, ზონდსა და ნიჩაბს. მნიშვნელოვანია თან იქონიოთ თერმული ტანსაცმელი და სათადარიგო აღჭურვილობა. რასაკვირველია, კურორტზე მოქმედებს ადგილობრივი სამაშველო სამსახური, რომელიც საგანგებო სიტუაციებში დახმარებას გაწევს, მაგრამ ნებისმიერმა ვიზიტორმა უნდა მიიღოს პრევენციული ზომები და უპირობოდ დაიცვას უსაფრთხოების წესები რისკების შესამცირებლად.
მაგალითად, ყოველი გასვლის წინ აუცილებელია ამინდის პროგნოზის მონიტორინგი და ზვავსაშიშროების დონის შეფასება. მნიშვნელოვანია ჯგუფური სრიალის წესების დაცვა - ჯგუფის წევრები უნდა ინარჩუნებდნენ ვიზუალურ კონტაქტს და იცავდნენ უსაფრთხო დისტანციას. ასევე რეკომენდებულია სათანადო კომუნიკაციის საშუალებების ქონა, რადგან მობილური კავშირი შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი ყველაზე მოშორებულ წერტილებში.
ზამთარში ბახმარომდე მისვლა შესაძლოა გარკვეულ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული, ამიტომ წინსწრებით დაგეგმვას მოითხოვს.
თბილისის ცენტრიდან ბახმარომდე დაახლოებით 350 კილომეტრია, ბათუმიდან 130 კილომეტრი, ხოლო ქუთაისიდან - 120 კილომეტრი. უახლოესი მჭიდროდ დასახლებული პუნქტი დაბა ჩოხატაურია, რომლისგანაც კურორტ ბახმაროს დაახლოებით 52 კილომეტრი აშორებს. ჩოხატაურამდე მისვლა შედარებით მარტივია - მარშრუტები საერთაშორისო მნიშვნელობის გზატკეცილებზე გადის, მაგრამ ჩოხატაური-ბახმაროს მონაკვეთი შედარებით რთული გასავლელია მიუხედავად იმისა, რომ გზა ასფალტირებულია, ზამთრის პერიოდში ხშირად იფარება თოვლით, რაც სულ მცირე მაღალი გამავლობის მანქანას საჭიროებს. მგზავრობის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია, რომ ამინდის პირობებმა შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს მგზავრობის ხანგრძლივობა.
ჩოხატაურში შესაძლებელია ბურანის ან თოვლის მანქანის დაქირავება. ეს სერვისი, მართალია, დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ უსაფრთხო გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა. რეკომენდებულია მგზავრობის დაგეგმვა დღის საათებში, რადგან ღამით გადაადგილება დამატებით რისკებთანაა დაკავშირებული.
ბახმაროს ხიბლი მხოლოდ სათხილამურო შესაძლებლობებით არ შემოიფარგლება. მაგალითად, ვიზიტორებს ასევე იზიდავს კურორტის რუსტიკული ატმოსფერო - ბახმაროს ადგილობრივი არქიტექტურის მთავარი სახასიათო დეტალია ხის სახლები, უნიკალური დიზაინით, რომლებიც ქართული ხის არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია. ეს სახლები ზაფხულში ფერად-ფერადი ფასადებით იქცევს ყურადღებას, ზამთარში კი, როდესაც თოვლით იფარებიან ზღაპრულ გარემოს ქმნიან. ამ დროს ბახმარო საშობაო ბარათის პეიზაჟს ემსგავსება.
ბახმაროს ზამთრის კურორტი უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ამოწურა სტანდარტული ზამთრის კურორტის შესაძლებლობები და ეძებს ახალ, გამორჩეულ სათხილამურო გამოცდილებას. გაუკვალავი თოვლი, მრავალფეროვანი რელიეფი და ადგილობრივთა უშუალო დამოკიდებულება ქმნის იდეალურ კომბინაციას მათთვის, ვისაც სურს ზამთრის სპორტი თავიდან აღმოაჩინოს.