KA
2025-01-15T21:21:00.000000Z
სრიალი გოდერძიზე: ზემო აჭარის გზამკვლევი

სრიალი გოდერძიზე: ზემო აჭარის გზამკვლევი

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მაღალმთიან აჭარაში მდებარე გოდერძის უღელტეხილი ერთ-ერთი უახლესი ზამთრის კურორტია ქვეყანაში - აქ თანამედროვე სათხილამურო ინფრასტრუქტურა მხოლოდ 2015 წელს მოეწყო.
სარჩევი

ზღვის დონიდან 2027 მეტრის სიმაღლეზე მდებარე დასახლება გამოირჩევა თავისი კლიმატური პირობებითაც. შავ ზღვასთან სიახლოვე განაპირობებს სტაბილურ უხვთოვლიანობასა და თოვლის მაღალ ხარისხს, რაც კურორტის მთავარი უპირატესობებია. კურორტი გოდერძი აღჭურვილია როგორც პროფესიონალი მოთხილამურეებისთვის განკუთვნილი რთული ტრასებით, ასევე დამწყებთათვის განკუთვნილი სასწავლო ზონებით. 

გოდერძი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მოთხოვნადი კურორტია. ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონზე. მაგრამ ფაქტია, რომ ტურისტები, რომლებიც კურორტს სტუმრობენ, პირველ რიგში აქ სათხილამურო სპორტის სიყვარულის გამო ჩამოდიან.

სად მდებარეობს გოდერძი? კლიმატი და გეოგრაფია

გოდერძის უღელტეხილი, არსიანის ქედზე მდებარეობს, სადაც ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკული და მთის კონტინენტური კლიმატი ერთმანეთს ხვდება. კურორტის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2364 მეტრზეა, რაც იდეალურ პირობებს ქმნის მაღალი ხარისხის, სქელი და სტაბილური, თოვლის საფარის ფორმირებისთვის. ზამთრის სეზონზე თოვლის საფარი საშუალოდ 3-4 მეტრს აღწევს, განსაკუთრებულად ხშირი ნალექის პერიოდში კი 6-7 მეტრამდეც კი იზრდება.

რეგიონის კლიმატური თავისებურება განპირობებულია შავი ზღვის სიახლოვით და უზრუნველყოფს სტაბილურ ნალექიანობას მთელი ზამთრის განმავლობაში - ზღვის გავლენით თოვლის ფიფქები უფრო მსხვილი და მკვრივია. ამ მახასიათებლების გამო გოდერძი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთა შორის.

ინფრასტრუქტურა კურორტ გოდერძიზე

პირველი სათხილამურო ინფრასტრუქტურა გოდერძის უღელტეხილზე 2015 წელს მოეწყო - ზამთრის კურორტებს შორის გოდერძი ერთ-ერთი ყველაზე “ახალგაზრდაა” საქართველოს მასშტაბით, და თუმცა სათხილამურო ინფრასტრუქტურა ჯერჯერობით მწირია ბაკურიანთან თუ გუდაურთან შედარებით, ის თანამედროვე, მაღალი სტანდარტების შესაბამისია და ამასთანავე სწრაფად ვითარდება და იხვეწება. 

ამჟამად გოდერძიზე ფუნქციონირებს ორი თანამედროვე საბაგირო სისტემა - 8-ადგილიანი გონდოლა და 6-ადგილიანი ბაბლის ტიპის საბაგირო, რომელთა საერთო სიგრძე 3.5 კილომეტრზე მეტია. 

მიუხედავად სიმწირისა, გოდერძის სათხილამურო ტრასები გამოირჩევა მრავალფეროვნებით - აქ მოწყობილია როგორც სტანდარტული გაკვალულ ტრასებს, ასევე თავისუფალი სრიალისთვის განკუთვნილი ზონები, მათ შორის ზონა წიწვოვან ტყეში, სადაც გამოცდილი მოთხილამურეებისთვის არსებობს ფრირაიდის შესაძლებლობა.

გაკვალული სათხილამურო ტრასების ჯამური სიგრძე დაახლოებით 8 კილომეტრია. ყველაზე ცნობილია ე.წ. "ზანკა" - 2000 მეტრიანი საშუალო სირთულის ტრასა, "ჭანჭახი" - 2300 მეტრიანი რთული ტრასა და "ჭანჭახი 2" - 2400 მეტრიანი საშუალო სირთულის ტრასა. 

დამწყებთათვის ცალკეა მოწყობილია 200-მეტრიანი სასწავლო ტრასა და 80-მეტრიანი "MAGIC CARPET". 

რაც შეეხება საცხოვრებელ აკომოდაციებს - როგორც თავად კურორტზე, ისე მიმდებარე სოფლებში უკვე საკმაოდ ფართო არჩევანია განსათავსებელი ადგილების. უშუალოდ კურორტის ტერიტორიაზე ცხოვრების მსურველებმა უმჯობესია ყურადღება კოტეჯებს მიაქციონ - დღესდღეობით ეს ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ვარიანტია. ეს კოტეჯები აღჭურვილია ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკით, გათბობის სისტემით და უფასო ინტერნეტით, უმრავლესობაში მოწყობილია თხილამურების შესანახი სპეციალური სათავსოებიც. 

მართალია ზემო აჭარაში დასვენება ზამთარში ჯერჯერობით ისეთი პოპულარული არაა, როგორც საქართველოს უფრო ცნობილ კურორტებზე, გასათვალისწინებელია, რომ გოდერძი შედარებით პატარაა, ამიტომ სეზონზე ხშირად სრულად იტვირთება. მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ფარგლებში იგეგმება დამატებით 1500 ახალი საწოლი ადგილის შექმნა, თუმცა ჯერჯერობით საწოლფონდი არსებულ მოთხოვნაზე რამდენადმე მცირეა, ამიტომ უშუალოდ მის ტერიტორიაზე  დასახლება სეზონის პიკზე საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუ საკუთარი ტრანსპორტი გყავთ, გაცილებით ხელმისაწვდომი ვარიანტია რომელიმე ახლომდებარე სოფელში აპარტამენტის ან საოჯახო სასტუმროს ნომრის ქირაობა. მაგალითად, კურორტიდან 3 კილომეტრითაა დაშორებულ სოფელ დანისპარაულში უკვე ფუნქციონირებს მრავალი საოჯახო სასტუმრო, სადაც განთავსების ფასები შედარებით დაბალია და ხშირად მოიცავს ორჯერად კვებასაც.

უსაფრთხოების სტანდარტები

კურორტზე მუდმივად ფუნქციონირებს პროფესიონალი მაშველებით დაკომპლექტებული სამაშველო სამსახური, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. კურორტზე მოქმედებს სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარების საშუალებებით და შეუძლია სწრაფი რეაგირება საგანგებო სიტუაციებში. უსაფრთხოების მიზნით, ყოველ დილით ხდება ტრასების შემოწმება და ზვავსაშიში ზონების მონიტორინგი. ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომია დეტალური რუკები და საინფორმაციო დაფები ტრასების სირთულის დონეების შესახებ.

როგორ მივიდეთ გოდერძიმდე? 

კურორტზე მისვლის რამდენიმე მარშრუტი არსებობს, თუმცა მათი ნაწილი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სეზონზე. 

ბათუმიდან კურორტამდე მანძილი დაახლოებით 109 კილომეტრია და მგზავრობას ზაფხულის სეზონზე 3 საათამდე სჭირდება, თუმცა ზამთარში საგზაო პირობების გათვალისწინებით ეს დრო შესაძლოა 4 საათამდეც გაიზარდოს.

თბილისიდან გოდერძიმდე მისვლის ორი პოპულარული მარშრუტი არსებობს: პირველი დიდწილად ს1 გზატკეცილზე გადის და შემდეგ ბათუმი-ახალციხის გზაზე უხვევს, მეორე E691 გზატკეცილს გაივლის და ისევ ბათუმი ახალციხის გზას უერთდება. მანძილი დაახლოებით 252 კილომეტრია. 

ბათუმიდან გოდერძიმდე დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტიც: სოფელ დანისპარაულამდე მიდის მარშრუტკა, ხოლო დანისპარაულიდან კურორტამდე ადგილობრივ მძღოლებს კერძო გადაყვანის სერვისები აქვთ. ასევე ბათუმიდან ხულომდე დადის ავტობუსი (ფასი 6 ლარი), თუმცა ხულოში უკვე მაღალი გამავლობის ტრანსპორტის დაქირავებაა საჭირო (სეზონზე ფასი 70-100 ლარს აღწევს).

მომავლის პერსპექტივები

კურორტ გოდერძი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი კურორტია ქვეყნის მასშტაბით - ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს აღემატება. პარალელურად ხორციელდება 28 სხვადასხვა ინიციატივა, რომლებიც მიზნად ისახავს როგორც სათხილამურო ინფრასტრუქტურის გაფართოებას, ისე საწოლფონდის გაზრდას მუდმივად მზარდი მოთხოვნის უკეთესად დასაკმაყოფილებლად და დამატებითი სერვისების განვითარებას.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი ტურიზმის პრინციპების დანერგვას. დასრულებულია ბეშუმი-გოდერძის გენერალური გეგმის შემუშავება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტერიტორიის გეგმაზომიერი და გარემოსთვის უსაფრთხო განვითარება.

2019 წლიდან კურორტს მიეწოდება ბუნებრივი აირი, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სასტუმროებისა და კვების ობიექტების ფუნქციონირების სტანდარტები. 2022-2023 წლებში დასრულდა წყალარინების ქსელისა და წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა. უახლოეს მომავალში იგეგმება დამატებითი სათავე ნაგებობებისა და წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ უწყვეტი და მდგრადი წყალმომარაგება.

ასევე იგეგმება ახალი საბაგიროებისა და სათხილამურო ტრასების მოწყობა. ამ ინიციატივების შედეგად კურორტზე უნდა აღმოიფხვრას მთავარი პრობლემები, განიტვირთოს არსებული ინფრასტრუქტურა და გადანაწილდეს დატვირთვა, რის შემდეგაც გოდერძი შეძლებს მიიღოს და მაღალხარისხიანი მომსახურება მიაწოდოს უფრო მეტ ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა