სვანურად უშბა „ქარიშხლიან მთას“ ნიშნავს და გასაკვირი არაა, რომ მწვერვალის „ორ თავს“ შორის ყოველთვის ძლიერი ქარი უბერავს.
უშბა მსოფლიოს ყველაზე რთულად დასალაშქრი 100 მწვერვალის სიაშია. ციცაბო ფერდობებისა და განსაკუთრებული მიკროკლიმატის გამო, მთამსვლელებს ის კავკასიაში ყველაზე ძნელად დასაძლევ მწვერვალად მიაჩნიათ. ექსტრემის მოყვარულებს უშბა თავისი იდუმალებითა და მიუდგომლობით იზიდავს.
უშბაზე ასვლა პირველად 1868 წელს ინგლისელმა ალპინისტებმა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. პირველი წარმატებული ასვლა უშბაზე უკვე სხვა ინგლისელმა მთამსვლელებმა 1888 წელს, მეოთხე ცდაზე განახორციელეს. 1934 წელს უშბაზე პირველი ქართული ჯგუფი ავიდა და-ძმა ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეების, გიო ნიგურიანისა და იაგორ კაზალიკაშვილის შემადგენლობით. ალექსანდრა ჯაფარიძე იყო პირველი ქალი, რომელიც უშბის პიკზე დადგა ფეხი.
უშბა განსაკუთრებით ლამაზი ზამთარშია, როდესაც მარადიული თოვლის სამოსელში გახვეულს მზის ჩასვლისას ალისფერი ედება.