KA

ასვლა პატარა უშბაზე - კლასიკური მარშრუტი

მწვერვალ პატარა უშბაზე დამოუკიდებლად ასვლა მხოლოდ გამოცდილმა მთამსვლელებმა უნდა დაგეგმონ. ისისნი, ვისაც საკმარისი გამოცდილება არ გააჩნიათ, უშბაზე მხოლოდ პროფესიონალ გამყოლთან ერთად უნდა ავიდნენ. მარშრუტის სირთულე - 2ბ.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

მწვერვალის დახასიათება

მწვერვალი პატარა უშბა მესტიის მუნიციპალიტეტში, ბეჩოს თემის სოფელ მაზერში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის პატარა შტოზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 4250  მეტრია.  მისკენ მიმავალ მარშრუტზე გვხვდება ნაშალი ქვების რელიეფი, ყინულისა და თოვლის საფარი, ნაპრალოვანი ყინული, კლდოვანი ქედი. 

პირველი დღე 

მარშრუტი სოფელ მაზერიდან იწყება, ზღვის დონიდან 1672 მეტრ სიმაღლეზე. საფეხმავლო ბილიკით უშბის მყინვარისკენ მივემართებით. შდუგრას ჩანჩქერების გავლით მყინვარამდე 6 კილომეტრს გავდივართ როგორც ტყეში, ისე ქვიან რელიეფზე. შემდეგ იწყება მყინვარი.

მყინვარის გავლით პირველ საბანაკემდე მივალთ, რომელიც ზღვის დონიდან 3500 მეტრ სიმაღლეზე, ე.წ. კლდის თაროზე, უსაფრთხო, მშრალ და ქარისგან დაცულ ადგილას მდებარეობს. საბანაკესთან არის წყალი. ასავლელი ვერტიკალი 1828 მეტრია. პირველ საბანაკემდე მისასვლელად 8-9 საათია საჭირო.

მეორე დღე

პირველი საბანაკედან მყინვარის ლაბირინთის გავლით თოკში ჩაბმულები ვინაცვლებთ მეორე საბანაკესკენ, უშბის პლატოზე, რომელიც 4100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ასავლელი ვერტიკალი 600 მეტრია. მისი დაფარვის დრო მყინვარის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.  

მესამე დღე 

მწვერვალისკენ გასვლა გამთენიის 03:00 საათზე იწყება. ცოცვით ავდივართ 250-მეტრიან კლდეზე, რაც კარგ ფიზიკურ მომზადებასა და გამძლეობას საჭიროებს. მწვერვალზე 5 წუთის დაყოვნების შემდეგ ისევ ცოცვით ვეშვებით მეორე საბანაკესკენ. ასავლელი ვერტიკალი 250 მეტრია, საშუალო დრო - 5-7 საათი. 

მეოთხე დღე

მეორე საბანაკედან პირდაპირ სოფელ მაზერში ვეშვებით. უამინდობისა და რთული აკლიმატიზაციის შემთხვევაში დღეების რაოდენობა შესაძლოა, 1-2 დღით გაიზარდოს. 

დამატებითი ინფორმაცია

პატარა უშბაზე ასვლა რეკომენდებულია ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე.

მესტიის ცენტრიდან მარშრუტის საწყის წერტილამდე 27 კმ-ია. ადგილზე მისასვლელად ნებისმიერი გამავლობის ავტომობილი გამოდგება. მისი დაქირავება მესტიის ავტოსადგურზეა შესაძლებელი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა