უშბა მესტიის მუნიციპალიტეტში, ბეჩოს თემის სოფელ მაზერში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის პატარა შტოზე მდებარეობს.
უშბის სამხრეთ მწვერვალის სიმაღლე 4700 მეტრია და მისკენ მიმავალ მარშრუტზე გვხვდება ნაშალი ქვების რელიეფი, ყინულისა და თოვლის საფარი, ნაპრალოვანი ყინული, კლდოვანი ქედი.
მარშრუტი სოფელ ბაგვდანარში იწყება, ზღვის დონიდან 1560 მეტრ სიმაღლეზე. აქედან სოფელ გულის გავლით პირველ საბანაკემდე მივდივართ, რომელიც ზღვის დონიდან 2900 მეტრზე, მწვანე საფარზე, მწვერვალ სამხრეთ უშბისა და მწვერვალ გულბის ძირში მდებარეობს. საბანაკესთან ახლოს არის წყალი. ასავლელი ვერტიკალი 1340 მეტრია, საჭირო დრო - 8-10 საათი.
პირველი საბანაკედან მეორე საბანაკესკენ თოკზე ჩაბმულები მივემართებით. ასავლელი ვერტიკალი 1200 მეტრია. საჭირო დრო - 6-8 საათი. მეორე საბანაკე 4100 მეტრ სიმაღლეზე, ურთულესი მონაკვეთის - „გასაღების“ ძირში მდებარეობს.
გამთენიისას იწყება 150-მეტრიანი მთავარი ვერტიკალური კედლის გავლა. მწვერვალს 5ბ კატეგორიას სწორედ ეს კლდოვანი კედელი ანიჭებს. მთლიან მონაკვეთს ცოცვით გავდივართ. მთელი პროცესი ურთულეს სამუშაოს მოითხოვს თოკითა და აღჭურვილობით. კედლის გავლის შემდეგ მწვერვალისკენ მივუყვებით ალესილ ქედს, რომელსაც უკეთეს შემთხვევაში 2 საათში დავძლევთ. მწვერვალზე 5 წუთის დაყოვნების შემდეგ იმავე მარშრუტით მეორე საბანაკეში ვბრუნდებით. ასავლელი ვერტიკალი 600 მეტრია. საჭირო დრო - 6-7 საათი.
მეორე საბანაკედან პირდაპირ სოფელ ბაგვდანარში ვეშვებით. უამინდობისა და გართულებული აკლიმატიზაციის შემთხვევაში შესაძლოა, დღეების რაოდენობა 1-2 დღით გაიზარდოს.
სამხრეთ უშბაზე ასვლა რეკომენდებულია ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე.
მესტიის ცენტრიდან მარშრუტის საწყის წერტილამდე 27 კმ-ია. ადგილზე მისასვლელად ნებისმიერი გამავლობის ავტომობილი გამოდგება. მისი დაქირავება მესტიის ავტოსადგურზეა შესაძლებელი.