ფრინველების ძიებისას ნატურალისტები ხვდებიან ძუძუმწოვრებსაც, მათ შორის - ძალიან იშვიათებსაც. სწორედ ჯავახეთში ბინადრობს ჭრელტყავა - კვერნისებრთა ოჯახის პატარა წარმომადგენელი, რომელიც იმდენად იშვიათია, რომ მისი ფოტოები ინტერნეტშიც კი ძნელად იძებნება.
თუკი მთის მწყერჩიტას, რქოსან ტოროლას ან ჭრელ კლდის შაშვს კავკასიონის მთავარ ქედზეც ყველგან შევხვდები, მხოლოდ ამ მთებშია შესაძლებელი, ნახო რადეს ჭვინტაკა, რომლისთვისაც ეს ზეგანი გავრცელების არეალის უკიდურესი ჩრდილოეთია. ეს პატარა მოუსვენარი ფრინველი ძნელი საპოვნელია, მაგრამ ჯავახეთის მთებში სადღაც უნდა ბუდობდეს კიდევ უფრო იშვიათი ფრთაწითელი კოჭობურაც, რომელიც აქამდე ნატურალისტებმა მხოლოდ რამდენჯერმე ნახეს.
კოჭობურას, ჭვინტაკასა და მთებში ჩაბუდებული სხვა ფრინველების მოსახელთებლად კარგი ფიზიკური მომზადებაა საჭირო. აქაური მორენული ლოდებით დაფარული მთები იოლი სასიარულო არ არის.
ჯავახეთი საქართველოს ყველაზე ცივი კუთხეა. აქ ამინდი ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ, კარგ სამთო ფეხსაცმელთან ერთად, თბილი ტანსაცმელიც დაგჭირდება.
ჯავახეთის მთებისა და ტბების შესახებ მეტ-ნაკლებად სრული წარმოდგენა რომ შეიქმნა, იქ ორი დღე მაინც უნდა გაატარო.
თუკი განსაკუთრებული კომფორტი არ გჭირდება, ნინოწმინდის, ახალქალაქის სასტუმროებსა და სოფლების (განძანი, ჟდანოვი, სულდა) ოჯახურ სასტუმროებში გაჩერდები, სხვა შემთხვევაში აჯობებს, ადგილი ვარძიის სიახლოვეს მდებარე სასტუმროებში დაჯავშნო.