ჩხოროწყუ დღეს თანამედროვე ქალაქია, რომელსაც დიდი ისტორია აქვს.
თუ ჩხოროწყუში მოხვდები, მისი გაცნობა დაიწყე ქალაქის ცენტრალური პარკიდან. აქ გინკგოს ხეები (Ginkgo biloba) იზრდება - ეს არის იურული პერიოდის მცენარე, ანუ იმდროინდელი, როცა დედამიწაზე დინოზავრები ცხოვრობდნენ და ყვავილებიანი მცენარეები ჯერ კიდევ არ არსებობდა. მართალია, საქართველოში XIX საუკუნეშია შემოტანილი, მაგრამ ის IUCN-ის წითელ ნუსხაშია შესული, როგორც გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარე, და აუცილებლად სანახავია.
სიტყვა ჩხოროწყუ მეგრულად ცხრა წყაროს ნიშნავს. გადმოცემის თანახმად, ამ ადგილას ცხრა წყარო ჩამოდიოდა - ერთი მჟავე, ერთი ცხელი, ერთი მარილიანი და ექვსი ცივ-ცივი და ანკარა. სახელწოდებაც აქედან წამოსულა.
ერთ-ერთი სამკურნალო წყარო, ლუგელა, ჩხოროწყუსთან ახლოს, სოფელ მუხურშია. ლუგელა მინერალური წყალია 99,5% კალციუმის შემცველობით, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის. აქვე სასტუმროა მოწყობილი. შეგიძლია დაისვენო, ლუგელას წყლის აბაზანები მიიღო, ივარჯიშო, ცხენებით ისეირნო, ბავშვებთან ერთად მდინარე ხობისწყალში იბანაო.
თუ ბუნებაში ხეტიალი გიყვარს, მდინარე ხობისწყლის ხეობას უნდა აუყვე, სადაც ნახავ შურუბუმეს მღვიმეს, გვალაშარისა და ღუნჯის ჩანჩქერებს, ალპური ზონის ტბებს... სწორედ ამ გზის გავლით მოვხვდები ტობავარჩხილის ცნობილ ტბებთან.
ხობისწყლის სათავემდე ბევრი მარშრუტია - მარტივიც და რთულიც, სადაც უკვე გიდები გაგიძღვებიან.
ზაფხულში ეს მდინარე კაიაკინგის მოყვარულებისათვის შესანიშნავი საწვრთნელი ობიექტია. თუ ექსტრემალი არ ხარ, მაშინ მდინარეში უბრალოდ გაგრილდები, მწვანე მოლზე პიკნიკს მოაწყობ და სამახსოვროდ ულამაზეს ფოტოებს გადაიღებ.
ჩხოროწყუს ირგვლივ მრავლადაა ხუროთმოძღვრების ძეგლები, ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობები, ტურისტისთვის საინტერესო ადგილები.
მაგალითად, მათ შორის არის: ლეგერსამეს წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც IX საუკუნეშია აგებული, მის უკან კი მწვერვალი ცაშკიბული - „კიბე ცისკენ“ მოჩანს; სოფელ ახუთში კუხალეიშვილების ისტორიული ოდა - ტიპური მეგრული ოდა, რომელიც აგებულია მე–19 საუკუნეში;
ასევე, ჩხოროწყუს ტერიტორია ძალიან საინტერესოა სპელეოლოგიის მოყვარულთათვის. მაგალითად, სოფელ თაიაში ოცინდალეს მონასტრის ქვეშ და მიმდებარედ 30-მდე მღვიმეა გამოკვლეული, რომელთაგან ერთ-ერთი კავკასიის უდიდეს მღვიმეთა ნუსხაშია შეტანილი.
მონასტრის უკან კი მთა მიგარიის მასივია. მიგარიის კირქვულ მასივში როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური ტიპის ათობით მღვიმეა აღმოჩენილი. ამ ტერიტორიაზე მიწისქვეშეთის მოყვარულებს საინტერესო და ემოციური თავგადასავალი ელით.