ეროვნული პარკის 35% ტყითაა დაფარული, სადაც 1347 სახეობის მცენარეა გავრცელებული და მათგან 26% ენდემურია. დანარჩენ ფართობზე კი ალპური მდელოები, თოვლიანი მწვერვალები და მიუდგომელი კლდეებია, რომლებიც იშვიათი სახეობის მრავალი ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარია.
1. თრუსოს ხეობა, უძველესი ნასოფლარებით. რამდენიმე მათგანში დღეს მონასტერი ფუნქციონირებს. ხეობა მდიდარია მინერალური წყლებით, მათ შორის საინტერესოა მინერალური წყლებიდან გამოლექილი ტრავერტინები და აბანოს მინერალური ტბა;
2. დარიალის ხეობა, სადაც მდებარეობს სტეფანწმინდა, მყინვარწვერი, გერგეტის სამება, დარიალის ციხე და ასევე არაერთი ბუნების ძეგლი;
3. ხდის ხეობა, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ მიჯნაზე, ლარსის საზღვართან მდებარეობს. ხეობის გზა შავანის ქედის ძირში, ულამაზეს მწვერვალებს შორის გადის, რომელთა სიმაღლე 4000 მეტრს აღემატება;
4. სნოს ხეობა და აქ მდებარე სოფლები სნო და ჯუთა - ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი (2 200 მ) ყაზბეგში; სნოს ხეობაშია ჭაუხის ულამაზესი მთები, სადაც მოლაშქრეთა, მეკლდეურთა, ალპინისტთა და ზამთარში სკიალპინისტთა საყვარელი მარშრუტებია.
შთამბეჭდავი ტურის შემდეგ შეგიძლია, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მაღალი კლასის სასტუმროში ან კომფორტულ საოჯახო სახლში დაისვენო.