KA
Black Rock Lake

შავი კლდეების ტბა

შავი კლდეების ტბა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, კახეთში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარეობს, რომელიც ასევე „გრძელისა“ და „ხელახელის“ სახელებითაც არის ცნობილი. შავი კლდეების ტბის ბილიკი კი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სალაშქრო მარშრუტად მიიჩნევა.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
ლაგოდეხი

შავი კლდეების ტბის ტურები

შავი კლდეების ტბა ბუნებრივი საზღვარია საქართველოსა და დაღესტანს შორის და უმჯობესია, მას გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე ესტუმრო. ტბა ლაგოდეხის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა და ის თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს.

ადგილობრივი გიდები აქ სამდღიან ტურებს უწევენ რეკომენდაციას. ტური ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება - წიფლნარისა და შერეულ ხელუხლებელ ტყეს რომ გაივლი, სუბალპურ სარტყელში აღმოჩნდები, სადაც ღამის გათევას ტურისტულ თავშესაფარ „მეტეოში“ შეძლებ. მეორე დღეს გზას ქოჩალოს ქედზე გააგრძელებ, ალპურ ზონაში ახვალ და ჯიხვების საძოვრებს, გამყინვარების დროინდელ პატარა ტბებსა და ჭაობებს გადააწყდები. 15 კმ-ის გავლის შემდეგ კი შენ წინ, ზღვის დონიდან 2700 მეტრზე, შავი კლდეების ტბის საოცარი პეიზაჟი გადაიშლება. 

შავი კლდეების ტბის გამორჩეული ბუნება

მიუხედავად იმისა, რომ მარშრუტის განმავლობაში ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედები შეგხვდება, წინ კიდევ ბევრი რამ გაგაოცებს, მათ შორის შავი კლდეების ტბის ველურ ბუნებაში, ჯიხვების გარდა, შესაძლოა, სხვა იშვიათი ჩლიქოსანი ცხოველებიც იხილო - ირემი და არჩვი. ასევე ფრინველები - შურთხი, არწივი, როჭო და სხვა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა