უამრავი მდინარის მიერ დაღარული, მწვანე ხავერდით დაფარულ მთათა სისტემა - ეს საქართველოა, დედაქალაქით – თბილისი. ქვეყნის ტერიტორიის სიმცირიდან გამომდინარე, დედაქალაქიდან ყველაფერი ახლოსაა – ზღვის სანაპიროც და დათოვლილი მწვერვალებიც. ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის მცხეთა-მთიანეთის რეგიონია.
თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით გასასვლელთან რამდენიმე წუთში გზაგასაყარია: მარცხნივ წახვალ და საქართველოს ისტორიულ დედაქალაქ მცხეთაში აღმოჩნდები, რომელიც, თავის მხრივ, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავშია განლაგებული და დასავლეთიდან მაღალი მთებითაა დაცული. მცხეთა დედაქალაქის სტატუსს ჩვ. წ. V საუკუნემდე ინარჩუნებდა, მანამ, სანამ სამეფო ტახტი მეფე ვახტანგ გორგასალმა თბილისში არ გადაიტანა;
მარჯვნივ თუ გადაუხვევ, ჯვრის მონასტრის გზას დაადგები, რომელიც მთავარი ავტომაგისტრალიდანაც ძალიან კარგად მოჩანს მთის წვერზე. ეს კულტურულ-რელიგიური ძეგლიც V საუკუნეს ეკუთვნის და ძალიან კარგად არის შემორჩენილი თავისი მონუმენტური არქიტექტურით. ჯვრის მონასტრიდან საუცხოო ხედი იშლება მცხეთაზე, მტკვრისა და არაგვის ხეობებზე და მთების დაუსრულებელ ჰორიზონტებზე.
ჯვრის მონასტრიდან მთავარ მაგისტრალზე დაბრუნების შემდეგ რამდენიმე წუთში კიდევ ერთ გზაგასაყარს შეხვდები, საიდანაც მარჯვნივ უნდა აიღო გეზი და არაგვის ხეობის ზიგზაგებს გაუყვე. დაახლოებით 30 წუთში ჟინვალის უზარმაზარ წყალსაცავთან აღმოჩნდები, რომელსაც წყლით ორი მდინარე – თეთრი და შავი არაგვი ამარაგებს. თუმცა ეს ფერები წყალსაცავში საერთოდ არ ჩანს – მწვანე გოლიათებში ჩაფლული ხელოვნური ტბის სარკე ზუსტად იმ ფერისაა, რა ფერისაც ცა არის კონკრეტული ამინდის პირობებში.
წყალსაცავზე ნავითაც შეიძლება გასეირნება. არის ადგილები, სადაც სეზონზე ცურვასაც შეძლებ და ასევე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ თვეებში საკუთარი ძალები ანკესით თევზაობაშიც შეგიძლია მოსინჯო.
ჟინვალის შემდეგ არაგვის ხეობა სულ უფრო ვიწროვდება და პატარა ქალაქ ფასანაურში ჩახვალ, სადაც სადილად შეგიძლია რესტორანში შეჩერდე და ხინკალი დააგემოვნო. ფასანაურიდან იწყება სერპანტინი, რომლის ავლის შემდეგაც გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე აღმოჩნდები.
ზღვის დონიდან 2200 მეტრი, ალპური ზონა, უზარმაზარი მთები, დაქსელილი თანამედროვე საბაგიროებით, კეთილმოწყობილი სასტუმროები და აპარტამენტები, რესტორნები და ბარები – ეს ყველაფერი მათთვისაა, ვინც ზამთრის სპორტის სახეობებითაა გატაცებული. პროფესიონალი და მოყვარული მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისთვის აქაურობა განუმეორებელი ადგილია, სხვადასხვა სირთულის ტრასებით. ზაფხულში გუდაური პარაპლანერების მიზიდულობის ცენტრია. საქართველოს ამ მხარის ღრმა ხეობებზე გადაფრენით (პროფესიონალ ინსტრუქტორებთან ერთად) მიღებული შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრება გაგყვება.
გუდაურიდან დაახლოებით 30 წუთში პატარა ქალაქ სტეფანწმინდას მიადგები. ეს საქართველოს საზღვრისპირა ქალაქია და სულ რამდენიმე კილომეტრშია რუსეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი. სტეფანწმინდაში ასევე უხვადაა სხვადასხვა კლასის სასტუმროები, შეგიძლია საოჯახო სასტუმროშიც გაჩერდე.
ამ ქალაქში შესვლისთანავე შენი მზერა სულ ზემოთ იქნება მიმართული 3600-ით. ყველაზე დიდხანს კი შენს ყურადღებას მთის წვერზე აღმართული გერგეტის სამების ეკლესია და მყინვარწვერი მიიპყრობს.
აქ მთები დღის ყოველ მონაკვეთში იცვლის ფერებსა და ჩრდილებს – მზის სხივის დახრის კუთხის შესაბამისად და არასოდეს მოგწყინდება აქაურობა. ზეაპყრობილი მზერის გამო თუ კისერი დაგეღალა, დროა, არწივების სიმაღლეზე თავად ახვიდე და გერგეტის ეზოდან გადმოხედო მდინარე თერგის ხეობაში გაშლილ ქალაქსა და მიმდებარე დაბლობებს. გერგეტამდე საკმაოდ კომფორტული გზა მიდის – რამდენიმეკილომეტრიანი სერპანტინი. ფიზიკურად კარგად მომზადებული ტურისტები ხშირად ფეხითაც ადიან გერგეტზე.
პატარა ქალაქის ზედხედით ტკბობის შემდეგ, მარცხნივ უნდა გაიხედო და მყინვარწვერის უზარმაზარ კლდოვან კალთას თვალით შეეხო.
კიდევ უფრო ზემოთ კი საუკუნეების განმავლობაში თოვლითა და ყინულით დაფარული მყინვარწვერი ჩანს, რომელიც ერთ-ერთი რაკურსით ჩაძინებულ თეთრწვერა მოხუცს მოგვაგონებს. სხვათა შორის, კარგ ამინდში მყინვარწვერი მთელი თავისი სიდიადით თბილისიდანაც მოჩანს.
დავბრუნდეთ ჟინვალთან და მარჯვნივ გადაუხვიე – ფშავ-ხევსურეთისკენ. ამ მხარეში, რომელმაც დღემდე უცვლელად შემოინახა უხსოვარი დროიდან ჩამოყალიბებული გარემო, წეს-ჩვეულებები, ბევრ საინტერესო ადგილს ნახავ – როგორც ბუნებრივ ძეგლებს, ისე უნიკალურ ქართულ არქიტექტურას.
ამ მხარის ერთ-ერთი საოცრება შატილია, რომელიც მთიელი ქართველების არქიტექტურული შესაძლებლობების ყველაზე ნათელი მაგალითია. ამ ადგილის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 1400 მეტრია და კავკასიონის წყალგამყოფის გადაღმა, ჩრდილოეთ კალთაზეა შეფენილი. სოფელი შატილი თითქოს იმ კლდოვანი მთების გაგრძელებაა ცისკენ, რომლებზეც ის თავის დროზე ააგეს. შატილში ფიქლით ნაგები ციხესიმაგრე ძველ დროში მრავალფუნქციური იყო და როგორც თავდაცვით, ისე საცხოვრებელ ობიექტს წარმოადგენდა. ეს არის ტერასულად, ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ აშენებული 3 და 5-სართულიანი შენობები. ეს ძეგლი იუნესკოს დაცვის ქვეშ 2007 წელს მოექცა.
კიდევ ერთი უძველესი საცხოვრებელი და თავდაცვითი კომპლექსია მუცო, რომლის ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებებს ვერასოდეს დაჩრდილავს მსოფლიოს ვერცერთი საოცრება. ზღვის დონიდან 1800 მეტრზე, მაღალ ციცაბო კლდეებზე შეფენილი ეს უძველესი დასახლება მდინარე არდოტის ხეობაში მდებარეობს. როგორც შატილი, მუცოც დიდი კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზეა შეფენილი და საქართველოს ჩრდილოეთიდან მომხდურებისგან იცავდა. უკვე 100 წელზე მეტია, მუცოში არავინ ცხოვრობს. დღემდე კარგად შემორჩენილი 40-ამდე სხვადასხვა დანიშნულების შენობაში თავს შუა საუკუნეებში იგრძნობ.
ჩრდილოეთით ინგუშეთთან მოსაზღვრე არხოტი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებს დღემდე საცალფეხო ბილიკებით უკავშირდება და ძველი დრო აქ ყველაფერში იგრძნობა. ამ მხარეში სულ სამიოდ სოფელიღაა შემორჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობით. აქაურების მთავარი სალოცავი ახიელის მიქაელ მთავარანგელოზის ჯვარია.
ხევსურეთის ერთ-ერთი უძველესი დასახლება როშკა პირიქითა ხევსურეთში მდებარეობს. ოდესღაც ხალხმრავალ სოფელში დღეს მხოლოდ რამდენიმე მუდმივად მცხოვრები ოჯახიღაა. სოფელში შემორჩენილია ძველი არქიტექტურა და სალოცავებიც – დიდგორის ჯვარი და მთავარანგელოზის ჯვარი.
აბუდალაურის სიტყვებით გადმოუცემელი სილამაზის ტბებზე ზაფხულში მოხვედრილს, როცა წყლის დონე მაქსიმუმს აღწევს, იმედია, ყინულივით ცივ წყალში შესვლის სურვილი არ გაგიჩნდება. ერთმანეთთან ახლოს აქ სამი ტბაა: ერთი მწვანე, მეორე თეთრი და მესამე ლურჯი. დარწმუნებული ვარ, ეს ტბები სიერა-ლეონეს ტრიკოლორის ინსპირაცია არ იქნებოდა, მას არ უნდა სცოდნოდა აბუდელაურის ტბების შესახებ, მაგრამ შენთვის ჭაუხების თვალუწვდენელი კლდოვანი მასივის ძირში მდებარე ეს საოცრებები აუცილებლად გახდება წარუშლელი შთაბეჭდილებების შთაგონების წყარო.
ამოდი მთაში – დაინახე ნამდვილი საქართველო.