KA
ცხრაჯვარი საქართველო

ცხრაჯვარი

ცხრაჯვარი ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური მოსალოცი ადგილია საქართველოში. წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი იმერეთისა და რაჭის საზღვარზე, ნაქერალას უღელტეხილთან მდებარეობს და ცნობილია როგორც თავისი გამორჩეული ფორმით, ისე მასთან დაკავშირებული ლეგენდით. ადგილი ყოველწლიურად ათასობით მომლოცველსა და ტურისტს იზიდავს, განსაკუთრებით მაისის ბოლო შაბათს, როდესაც აქ ტრადიციული დღესასწაული - ცხრაჯვარობა აღინიშნება.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ტყიბული

სად მდებარეობს ცხრაჯვარი?

ცხრაჯვარი იმერეთის მხარეში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1500 მეტრის სიმაღლის მთის წვერზეა აშენებული. თუმცა აშენებული ხმამაღლა ნათქვამია: სალოცავი სწორედ იმით გამოირჩევა, რომ არ წარმოადგენს ტრადიციული ტიპის შენობას, სადაც ხატები და სიწმინდეები ასვენია, არამედ ღია ცის ქვეშ განთავსებული სხვადასხვა ზომის ჯვრების კომპლექსია. ჯვრებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა კლდოვან ლოდზე აღმართული მასიური ოქროსფერი ჯვარი, რომელიც ქართული ტრადიციებისთვის დამახასიათებელი შროშანისებრი დაბოლოებებით არის შესრულებული. დანარჩენი ჯვრები კი სადა, მუქი ფერის მეტალისგანაა ჩამოსხმული და გაცილებით უფრო მარტივი ფორმა აქვს.

 

მთის წვერი რომელზეც ცხრაჯვარია აღმართული პოპულარულია როგორც მომლოცველებს, ისე ჩვეულებრივ მოლაშქრეებს შორის - აქედან იშლება ულამაზესი ხედები დასავლეთ საქართველოზე. მზიან ამინდში შესაძლებელია კოლხეთის დაბლობის, შავი ზღვის და კავკასიონის მუდმივთოვლიანი მწვერვალების დანახვა. თუმცა ეს მაღლობი ცნობილია იმით, რომ ამინდს აქ სწრაფი ცვალებადობა ახასიათებს, და ხშირად ნისლი გაუფრთხილებლად წვება ხოლმე, თან ისე, რომ არავინ იცის რამდენი ხანი გასტანს. თუმცა ნისლში გახვეული ჯვრებიც არანაკლებ შთამბეჭდავი სანახაობაა.

სალოცავთან ახლოს მდებარეობს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა - ცხრაჯვარის მღვიმე. მღვიმე რამდენიმე დარბაზს მოიცავს, მისი ჯამური სიგრძე 460 კი მეტრს აღწევს. შიდა სივრცე გამოირჩევა სახასიათო ფორმის სტალაქტიტური და სტალაგმიტური წარმონაქმნებით. მეცნიერებმა კვლევისას აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი პალეოზოოლოგიური მასალაც, რაც თავად მღვიმის და მთლიანად ცხრაჯვარის უღელტეხილის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

ვინ აღმართა ცხრაჯვარი? - სალოცავის მოკლე ისტორია

ზუსტად არავინ იცის ვის ეკუთვნის ცხრაჯვარის შექმნის იდეა - ისტორიამ ზუსტი ინფორმაცია არ შემოგვინახა. ადგილობრივებში კი სალოცავთან დაკავშირებული ორი ლეგენდაა გავრცელებული.

პირველი ლეგენდის თანახმად, ერთ მამას ომში ცხრა ვაჟი გაუგზავნია. მამა ყოველდღე გულმხურვალედ ლოცულობდა მათი მშვიდობით დაბრუნებისთვის. ერთ დღესაც გადაწყვიტა შესაწირი გაეკეთებინა და მათ სახელზე სალოცავი აეგო. ამისთვის საკუთარი მხრებით აიტანა რიგრიგობით ცხრა ჯვარი მთის წვერზე - თითო ჯვარი თითო შვილის სახელზე. უფალმა შეისმინა მისი ვედრება და ყველა ვაჟი შინ უვნებლად დაბრუნდა. რა გვარის იყო ან თუნდაც რომელი სოფლიდან იყო ოჯახი და რომელ ომზეა საუბარი ამ ლეგენდაში ნახსენები არაა, თუმცა როგორც წესი ამბავს მეორე მსოფლიო ომის პერიოდს უკავშირებენ - ცხრაჯვარი შედარებით ახალი სალოცავია და ამიტომ ნაკლებსავარაუდოა უფრო ადრინდელ ომზე იყოს საუბარი.

მეორე ლეგენდა უფრო ტრაგიკულია. მისი მიხედვით იყო ერთი სოფრომიანების ოჯახი, რომლებმაც სვანეთში თავადი მოკლეს. სისხლის აღების წესის ეშინოდათ, ამიტომ სვანეთიდან გაიქცნენ და რაჭაში, ამბროლაურის მხარეში დასახლდნენ. გვარიც შესაბამისად შეიცვალეს და სოფრომაძეები გახდნენ. მაგრამ სადაც ადამიანის ხელი ვერ მისწვდა, ღვთის რისხვა დაატყდათ თავზე - ოჯახში დაბადებული ყველა ბიჭი ისე იღუპებოდა, ზრდასრულ ასაკს ვერ აღწევდა. ერთ დღესაც შეწუხებული ოჯახი შეკრებილა და ღმერთს შევედრებია ვაჟი გაგვიზარდე, და სალოცავს იქ ავაშენებთ სადაც მტრედი დაფრინდებაო. მტრედი სწორედ ამ მთაზე დაფრინდა.

სოფრომაძეებმა პირობა შეასრულეს და საკუთარი ხელით აზიდეს ქვები მთის წვერზე სალოცავის ასაშენებლად. მშენებლობის დასრულების შემდეგ ნადიმი გამართეს, დათვრნენ, იჩხუბეს და სისხლი დაღვარეს. გამოფხიზლებულები სინანულში ჩავარდნიან და აღთქმა დადეს, რომ მაისის ბოლო შაბათს ხორცს არ ჭამდნენ და ერთად ილოცებდნენ. ამ ფიცს დღემდე იცავენ - სწორედ მაისის ბოლო შაბათს აღინიშნება ცხრაჯვარობის დღესასწაული.

როგორ მივიდეთ ცხრაჯვარამდე

თუ თბილისიდან მიემგზავრებით, გზას სადღაც 4 საათი დასჭირდება - მანძილი დედაქალაქის ცენტრიდან სალოცავამდე თითქმის 240 კმ-ია. მარშრუტი ს1 გზატკეცილზე გადის, რომელსაც თბილისიდან ზესტაფონისკენ უნდა გაჰყვეთ, შემდეგ კი ტყიბულისკენ გადაუხვიოთ. გზის უმეტესი ნაწილი ასფალტით არის დაფარული და ადვილი სასიარულოა, თუმცა ბოლო მონაკვეთზე სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში.

ქუთაისიდან ცხრაჯვარამდე დაახლოებით 55 კმ-ია და საშუალოდ 1.5 საათს მოითხოვს. ყველაზე მოკლე და მოსახერხებელი მარშრუტი ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზატკეცილია. გზა სრულიად მოასფალტებულია და მარშრუტი მთელი წლის განმავლობაში გამართულად ფუნქციონირებს.

ბათუმის ცენტრიდან მგზავრობას კი სადღაც 3.5 საათი დასჭირდება - მანძილი სადღაც 210 კმ-ია. ჯერ გეზი სამტრედიისკენ უნდა აიღოთ, შემდეგ კვლავ ს1 გზატკეცილზე გადახვიდეთ და კვლავ ტყიბულისკენ გადაუხვიოთ. 

ნებისმიერი მიმართულებიდან მანქანის გაჩერება ასასვლელის ძირში მოგიწევთ, უშუალოდ ცხრაჯვარამდე მისასვლელად კი რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლაა საჭირო. აქედან ნაწილი გრუნტის გზაა, ნაწილი კი საშუალო სირთულის სალაშქრო ბილიკი, რომელიც კლდის ქარაფს მიუყვება. ასვლას საშუალოდ 1 საათი სჭირდება.

ახლომდებარე სანახაობები

მართალია თავად ცხრაჯვარი კლდის თავზეა წამოჭიმული, მაგრამ რაჭისა და იმერეთის ბევრი ცნობილი ისტორიული თუ ბუნებრივი ძეგლი მასთან საკმაოდ ახლოსაა განლაგებული:

ნიკორწმინდის ტაძარი - XI საუკუნის ქართული არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუში. გამოირჩევა უნიკალური ორნამენტებით და ფასადის დეკორით. შიგნით შემორჩენილია XVI-XVII საუკუნეების მხატვრობა. 2007 წლიდან ნიკორწმინდის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი. ცხრაჯვარიდან ტაძრამდე მანქანით მგზავრობას 20-30 წუთი სჭირდება.

ნიკორწმინდის საყინულე - სოფელ ნიკორწმინდასთან ახლოს მდებარე ბუნებრივი გამოქვაბული, სადაც წლის ნებისმიერ დროს ნახავთ ყინულის სტალაქტიტებს და სტალაგმიტებს. ზოგიერთი სვეტის სიმაღლე 8 მეტრს აღწევს, გარშემოწერილობა კი - 20 მეტრამდეა. ცხრაჯვარიდან მანქანით დაახლოებით 30 წუთია სამგზავრო.

სიყვარულის ჩანჩქერი - ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილი რაჭაში. გულის ფორმის ქვაბულის მქონე სიყვარულის ჩანჩქერი ამბროლაურის შესასვლელში მდებარეობს. ქვაბულის ფორმა ბუნებრივი არ არის, ის ხელოვნურად გამოკვეთეს კლდეში. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ის ვინმე ლევან მურუსიძემ საკუთარი ცოლისთვის გამოკვეთა. ქვაბულში შესასვლელი სუროთი არის დაფარული, ხოლო წყლის წვეთები ფარდასავით ეშვება. მანქანით მისასვლელად საშუალოდ 40 წუთია საჭირო.

შაორის ტბა - შაორის ტბა სინამდვილეში რეგიონის უდიდესი წყალსაცავია, რომელიც შერეული ფოთლოვანი ტყით დაფარულ ქვაბულშია მოქცეული. შაორის წყალსაცავი პოპულარულია მშვიდი დასვენების მოყვარულებში - აქ ძირითადად სათევზაოდ და საპიკნიკოდ დადიან. წყალსაცავი განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომასა და გაზაფხულზე, როდესაც გარშემო არსებული ტყის ფერები ტბის ზედაპირზე ირეკლება, ამ დროს მას ხშირად სტუმრობენ ფოტოების გადასაღებად. მანქანით მისასვლელად საჭიროა 10-15 წუთი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა