KA

3-დღიანი ჯიპ-ტური გურიაში

ამ მარშრუტის გზა გრძელი არ არის, თუმცა წარმოუდგენელია გურიის კურორტებზე - ბახმაროსა და გომისმთაზე ახვიდე და იქ ერთი ღამე მაინც არ გაათენო. ამიტომ გირჩევ, 3-დღიანი მოგზაურობა დაგეგმო.
რეგიონი
გურია

I დღე: ოზურგეთი-ბახმარო

ტური იწყება ოზურგეთიდან, გაივლი კურორტ ნაბეღლავს და ახვალ ბახმაროში, რომელიც კლიმატური მაღალმთიანი კურორტია და ზღვის დონიდან 1950 მ-ზე მდებარეობს.

ბახმაროში ორი ადგილია, საიდანაც მზის ამოსვლასა და ჩასვლას აკვირდებიან და ეს აუცილებლად უნდა ნახო. „მზის ამოსვლის“ მთას ლენჭის სერს (2505 მეტრი) ეძახიან, რომელიც ბახმაროს აღმოსავლეთიდან დაჰყურებს.

ბახმაროს სამხრეთ-დასავლეთით კი საქასრიის ქედია ბახმაროს მწვერვალით, რომელსაც „მზის ჩასვლის“ გორას (2250 მ) უწოდებენ. აქედან, როცა უღრუბლო ამინდია, განსაკუთრებით შთამბეჭდავია მზის ჩასვლა შავ ზღვაში.

ღამის თევა ბახმაროში, სასტუმრო კოტეჯებში შეგიძლია.

II დღე: ბახმარო-მერიაყელი-გომისმთა

ბახმაროდან მერიაყელის მიმართულებით გაემგზავრები, გაივლი ზოტიყელს (2300 მ), რომელიც მესაქონლეების საზაფხულო სოფელია, გზა ჭიდილას უღელტეხილისკენ (2372 მ) მიემართება, სერპანტინით ადის უღელტეხილზე და მიდის მერიაყელამდე. აქედან გადადიხარ გომის მთაზე. 

გზად ნახე ჭინჭაოს ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2500 მ-ზე მდებარეობს.  

ღამის გათევას გომისმთაზე, სასტუმრო კოტეჯებში შეძლებ.

III დღე: გომისმთა-ლანჩხუთი

გომისმთიდან ლანჩხუთის მიმართულებით დაეშვები.

საყურადღებო ინფორმაცია

სეზონია - ივლისიდან აგვისტოს ჩათვლით.

მარშრუტისთვის საჭიროა შესაბამისად აღჭურვილი SUV ან მსგავსი ტიპის ავტომობილი.

რეკომენდებულია A/T ან M/T საბურავი. 

სასურველია იქონიო GPS ნავიგატორი.

საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში აკრიფეთ 112.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა