ლაშქრობა ზღვის დონიდან 2040 მეტრის სიმაღლეზე იწყება და სწორედ აქ, მესტიიდან 27 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს სოფელი ადიში. გზის პირველი 5,5 კილომეტრი მიწის სწორი ზედაპირია, შესაბამისად, ის მარტივად გასავლელია, თუმცა ჩხუტნერის უღელტეხილის მიდამოებთან პირველი დაბრკოლება დაგხვდება - მდინარე, რომელიც უნდა გადალახო. ცუდ ამინდებში ზოგჯერ წყალი დიდდება, ამიტომ ფრთხილად უნდა იყო და უმჯობესია, მდინარეზე ცხენით გადასვლაში ადგილობრივი მოსახლე დაიხმარო.
სწორედ ამ ადგილიდან დაინახავ ადიშის ხეობის ტიპის მყინვარს, რომელიც შენი მარშრუტის პირველი ღირსშესანიშნაობაა.
მდინარის გადალახვის შემდეგ ციცაბო აღმართით ტყეში ახვალ და ჩხუტნერის უღელტეხილთან მოხვდები. ჩხუტნერი ზვავსაშიშ ზონაშია და მისი გადავლა ივნისის ბოლოდან არის შესაძლებელი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, ეს ნამდვილად ღირს, რადგან აქედან საუცხოო მწვერვალებს - თეთნულდს, შხარას, ჯანღასა და რუსთაველს დაინახავ.
როცა უღელტეხილს უკან მოიტოვებ, გზა ისევ სწორი გახდება, საიდანაც სოფელ ხალდემდე საკმაოდ მალე ჩახვალ. ეს ის ადგილია, სადაც კომფორტულად დაისვენებ და იფრარამდე მისასვლელ გზას ისე დაადგები.
მთელი მარშრუტი 17 კილომეტრამდეა, რასაც დაახლოებით ორ დღეში დაფარავ.
სანამ სტარტს აიღებ, ადიშში კედლის მხატვრობით შემკული საეკლესიო ძეგლები მოინახულე, იფრარში ჩასვლისას კი XI საუკუნის ეკლესიას ესტუმრე. ლაშქრობისას პანორამული ხედების მთელ გალერეასაც გაივლი, რომელიც გულდასმით უნდა დაათვალიერო. მთავარი სანახაობა კი ჩხუტნერის უღელტეხილის გადავლისას გელოდება: უშბის, თეთნულდისა და შხარის დიდებულება - სილამაზე, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებ.