KA
2024-12-12T20:24:47.000000Z
არის თუ არა საქართველო უსაფრთხო ქვეყანა?

არის თუ არა საქართველო უსაფრთხო ქვეყანა?

როდესაც მოგზაურობის დაგეგმვას ვიწყებთ, პირველ ყოვლისა, ვფიქრობთ, რომელი ქვეყანა შეესაბამება ჩვენს ინტერესს, სად მივიღებთ სიამოვნებას, რა აღგვაფრთოვანებს და აგვავსებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
სარჩევი

ამ ყველაფრის პარალელურად, ვეძებთ ქვეყანას, სადაც ყველა ჩვენი სურვილი მშვიდად და უსაფრთხოდ ასრულდება - ეს უმთავრესი პირობაა სასიამოვნო მოგზაურობისთვის. ამიტომ, როდესაც უამრავი ქვეყნის ჩამონათვალში ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე საქართველოზე შეაჩერებ არჩევანს, უნდა გახსოვდეს, რომ ეს არის არა მხოლოდ მრავალფეროვნებითა და უნიკალური ბუნებით, ისტორიული ძეგლებით, კულტურით, ეგზოტიკური სამზარეულოთი და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამორჩეული ქვეყანა, არამედ სახელმწიფო, სადაც უსაფრთხო მოგზაურობისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ათეულში

2022 წლის იანვარში მსოფლიო მნიშვნელობის გამოცემა Usebounce-მა დაასახელა სოლო მოგზაურობისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები და ამ ჩამონათვალში საქართველო მეცამეტე ადგილზეა, იტალიასთან ერთად. 

მოგზაურებისთვის პოპულარული საიტის, See.place-ის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს ათ უსაფრთხო ქვეყანას შორისაა, იაპონიის, ტაივანის, ჰონკონგის, სამხრეთ კორეის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, მალტისა და ლუქსემბურგის შემდეგ. See.place-მა ტოპათეულში საქართველო დაბალი კრიმინოგენური ვითარების გამო შეიყვანა. 

კრიმინოგენური ვითარება ციფრებში

შეიძლება უკვე იცი, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ორ რეგიონში - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს იურისდიქცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. შესაძლოა, ამის გამო ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობა საფრთხის შემცველად მოგეჩვენოს, მაგრამ, თუ ბოლო წლებში საქართველოში გატარებულ მრავალმხრივ რეფორმებს გადაავლებ თვალს და სტატისტიკასაც გადახედავ, დარწმუნდები, რომ საქართველო განვითარებული ევროპული ტიპის ქვეყანაა და აქ ცხოვრება და მოგზაურობა სრულიად უსაფრთხოა.  

ეს მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა „Nubeo“-მაც დაადასტურა. 2020 წლის პირველი ნახევრის კვლევის თანახმად, საქართველო კრიმინალისგან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის - მე-4, ევროპაში კი 1-ელ ადგილზე გავიდა.

ქვეყნის ყოველწლიური სტატისტიკა ამბობს, რომ ისეთი დანაშაულების რაოდენობა, როგორებიცაა: ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა, ტერორიზმი, ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ა.შ., ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იკლებს, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი იზრდება.

ყველაფერ ამის საფუძველი ევროპული სტანდარტების ინსტიტუტები და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამართალდამცავი ორგანოებია.

პატრული

საქართველოში მოგზაურობისას თითქმის ყოველ ნაბიჯზე, დასახლებულ პუნქტებსა თუ მაგისტრალებზე, შეგხვდება პატრულის მანქანები. მათი შემჩნევა არ გაგიჭირდება. გახსოვდეს, რომ ისინი შენი მეგობრები და უსაფრთხოების მცველები არიან. 

ეკიპაჟის წევრები, რომლებსაც მაღალი სტანდარტების მომზადება აქვთ გავლილი, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებიან, არ აქვს მნიშვნელობა, სამართლებრივ გაურკვევლობასთან იქნება ეს დაკავშირებული თუ, ელემენტარულად, გზის მისწავლება დაგჭირდება. მათთვის ადამიანის დახმარება მთავარი ამოცანაა. სწორედ ამიტომ საქართველოს პატრული მოსახლეობის ნდობის რეიტინგში მოწინავე ადგილზეა.

უსაფრთხოების მთავარი დამხმარე კი 112-ია. ნომერი, რომელიც აუცილებლად უნდა გახსოვდეს. დანაშაულის, საგზაო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ოჯახში ძალადობის, კრიზისული სიტუაციების პრევენციისა და ჯანმრთელობის მოულოდნელი გართულების შემთხვევებისთანავე ნებისმიერი სატელეფონო ქსელიდან, ფიქსირებული ან მობილური ტელეფონიდან, უფასოდ არის შესაძლებელი 112-ზე დარეკვა, რის შემდეგაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ყველა შეტყობინებაზე, 24/7-ზე ოპერატიულად მოახდენს რეაგირებას. 

საქართველოში ყოფნისას შეგიძლია ჩამოტვირთო მობილური აპლიკაცია „112“, მისცე შენი ადგილმდებარეობის დაფიქსირების შესაძლებლობა და საჭიროების შემთხვევაში, ღილაკზე მხოლოდ თითის დაჭერით, საპატრულო ჯგუფი შენთან გამოცხადდება.   

უსაფრთხოება გზებზე

საქართველოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი აღჭურვილია ვიდეოკამერებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაშია ჩართული. შენს უსაფრთხო მოგზაურობას ერთდროულად 5439 ვიდეოკამერა აკონტროლებს, მათ შორის 1849 ნომრის ამომცნობია, ხოლო 3590 - ზოგადი ხედვის. ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ვიდეოკონტროლის თაობაზე მძღოლები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული.

ვიდეოკამერებია დედაქალაქისა თუ სხვა ქალაქების ცენტრებში, კარგად განვითარებულ ტურისტულ ადგილებში, სასტუმროებში, ისტორიულ ძეგლებთან, მღვიმეებთან თუ ეროვნული პარკების ბილიკებზე.

წითელი ღილაკი - ტრანსპორტში, პატრული - მეტროში

ნებისმიერი მგზავრისთვის და მით უფრო ტურისტებისთვის სრული კომფორტია შექმნილი საზოგადოებრივ ტრანსპორტში. თბილისის მეტროში პატრულის სიმრავლით მიხვდები, რომ შენს გადაადგილებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. არანაკლებ დაცულია უსაფრთხოება ავტობუსებში, რომლებიც აღჭურვილია ვიდეოკამერებით და უსაფრთხოების წითელი ღილაკით.

მოგზაურის მეგობარი - გიდი

ტურიზმის განვითარებასთან ერთად, საქართველოში სრულად დაიხვეწა გიდის ინსტიტუტი. კვალიფიციური და სერტიფიცირებული გიდები ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი ისტორიისა და კულტურის არა მარტო მთხრობელები არიან, არამედ პასუხისმგებლობასაც იღებენ შენს უსაფრთხო მოგზაურობაზე. გასწავლიან და დაგეხმარებიან, როგორ დალაშქრო მშვიდად ჩვენი ქვეყნის მთაგორიანი რელიეფი, მოინახულო კლდის ქიმზე აღმართული ციხე-კოშკები, იმოგზაურო მღვიმეებსა თუ გამოქვაბულებში, დატკბე ულამაზესი ტყეებით, ტბებითა და ჩანჩქერებით. 

ცალკე კატეგორიაა ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულთა თანამგზავრები. მყინვარწვერის, უშბის, თეთნულდისა თუ სხვა მრავალი მწვერვალის დასალაშქრად შენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას კარგად მომზადებული ალპინისტების ჯგუფები იღებენ. 

უსაფრთხოების სპეციალური აღჭურვილობით მომზადებული ინსტრუქტორები დახვდებიან რაფტინგის მოყვარულებს.  

ექსტრემალურ თავგადასავლებს ხშირად თან სდევს უბედური შემთხვევების რისკი, თუმცა, ეს რიცხვი საქართველოში მინიმუმამდეა დაყვანილი.  

ზღვის მაშველები

სანაპირო დაცვის რეფორმა შსს-ს სისტემაში გატარებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შავი ზღვის კურორტები უსაფრთხო სანაპიროებით გამოირჩევა, საქართველოს სანაპიროს 310-კმ-იან ზოლს 320-ზე მეტი მაშველი იცავს. მხოლოდ 2022 წლის საზღვაო სეზონზე შავი ზღვის საქართველოს მცველებმა 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.  

პანდემია - კოვიდ-19

კოვიდპანდემიამ ბოლო წლებში მოგზაურობისას უსაფრთხოებაზე ფიქრი კიდევ უფრო აქტუალური გახადა. თუ საქართველოში ვიზიტს გეგმავ, შეგიძლია ამ მხრივაც მშვიდად იგრძნო თავი. 

ჯერ კიდევ 2020 წელს ევროკავშირმა მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სია გამოაქვეყნა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს: ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთი კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

დღეს კოვიდ-19-ის საფრთხეები მსოფლიოში კიდევ უფრო შემცირებულია და, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ მოგზაურობა ასევე უსაფრთხოა.

სტუმარმასპინძლობა

საქართველოში მოგზაურობის უსაფრთხოების მთავარი გარანტი სტუმარმასპინძლობაა. ტრადიცია, რომელიც ოდითგან მოდის და რომელიც ლამის მისტიკამდეა აყვანილი. ჩვენთან ამბობენ, „სტუმარი ღვთისააო“ და აქ არის ყველა პასუხი შეკითხვაზე: არის თუ არა საქართველო უსაფრთხო ქვეყანა?

საქართველოში ყველა სტუმარს, არ აქვს მნიშვნელობა მის ეროვნებას თუ რელიგიას, ღვთის გზავნილად აღიარებენ, ამიტომ არ გაგიკვირდეს, მოღიმარი სახით სახლში თუ შეგიპატიჟებენ, სუფრას გაგიშლიან და დიდებული ქართული ღვინით გზას დაგილოცავენ. 

ამის გამოა, რომ საქართველოში ერთხელ ჩამოსული სტუმარი თავს უბრალო ტურისტად აღარ გრძნობს. სხვა ღირსებებთან ერთად, სასიამოვნო, მშვიდი და უსაფრთხო გარემო განსხვავებულად აყვარებს ყველას ჩვენს ქვეყანას და საქართველოსთან მომავალი შეხვედრის სურვილით აბრუნებს უკან, სამშობლოში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა