KA

ბახმაროს დოღი

უკვე თითქმის ერთი საუკუნეა, ყოველი წლის 19 აგვისტოს გურულები და მათი სტუმრები გურიის მთის კურორტ ბახმაროში დოღზე იკრიბებიან. ამ ტრადიციაში მონაწილეობისთვის საუკეთესო მხედრები საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც  ჩადიან. ამ მხარეში ძალიან უყვართ ცხენები და ეს ფაქტი მთელ მსოფლიოში იციან - როდესაც გურიაში მოხვდები, ბევრ ისტორიას მოისმენ გურული მხედრების თავზეხელაღებულ ჯირითზე ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა არენებზე - 1893 წლიდან მოყოლებული თითქმის 30 წლის განმავლობაში. 
რეგიონი
გურია
სოფელი
ბახმარო

სად და როგორ იმართება ბახმაროს დოღი?

ბახმაროს დოღი მდინარე ბახვისწყლის კალაპოტში, ღია სივრცეში, ქვაღორღიან  რელიეფზე ეწყობა. სწორედ ამ დროს მთის ფერდობებზე მაყურებელი გამოეფინება და საკუთარი ფავორიტი მხედრის გამხნევებას ცდილობს. რბოლის ტრასა მდინარე ბახვისწყლის ორივე ნაპირს მიუყვება; მოჯირითეები ორჯერ გაივლიან მდინარეში - ეს აგვისტოში შედარებით უსაფრთხოა, რადგან ამ დროს წყალი დაკლებულია. რბოლა ბაზრის ტერიტორიაზე მთავრდება. შემდეგ კი დაჯილდოების ცერემონია იწყება. 

რაც შეეხება ბაზარს, აქ მეზობელი სოფლებიდან  ჩამოტანილი ადგილობრივი ნაწარმი, მათ შორის, ხისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთები და სუვენირები იყიდება.

დოღით ბახმაროს ზაფხულის საკურორტო სეზონი მთავრდება. თუ ამ ღონისძიებაზე დასწრებას აპირებ, უმჯობესია, ბახმაროში წინა დღით მაინც ახვიდე. ასე უფრო ადვილად შეძლებ, დაბინავდე და დოღისთვის ცხენოსნების მომზადებასაც ადევნო თვალი.  

აღსანიშნავია, რომ ბახმაროს დოღი დაარსებიდან მხოლოდ მეორე მსოფლიო ომისა და კოვიდპანდემიის დროს არ გამართულა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა