KA
2024-12-11T16:29:36.000000Z
საქართველოს სახალხო დღესასწაულები

საქართველოს სახალხო დღესასწაულები

ყველაზე კარგად ქვეყანას საკუთარ სახალხო დღესასწაულებზე გაიცნობ. ამ დროს გარეთ არის გამოტანილი, ფაქტობრივად, ყველაფერი, რითაც ქვეყანა, ქალაქი თუ კონკრეტული დარგი თავს იწონებს - რისიც ეამაყება.
სარჩევი

საქართველოში სახალხო დღესასწაულების მთელი რიგია, რადგან ქართველებს უყვართ ზეიმი და ერთად ყოფნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენ საქართველოს, ქართველების უკეთ გაცნობის კარგი შესაძლებლობა გეძლევა.

ეროვნული დღესასწაული

საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულითა და მასშტაბურობით სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 26 მაისი  ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს. საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად სწორედ 1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს დადგენილებით გამოცხადდა. 

ამ დღეს იმართება სამხედრო აღლუმი. თბილისში, ქალაქის მთავარ გამზირზე - რუსთაველზე, ღია ცის ქვეშ საოცარი გამოფენა ეწყობა - ყველა უწყება ხალხს წლის განმავლობაში გაწეული შრომის შესახებ ანგარიშს ფოტოების საშუალებით აბარებს. ირგვლივ კი ინტერაქტიური თუ გასართობი კუთხეებია მოწყობილი ბავშვებისთვის, რომლებიც მშობლების მხრებზე მოკალათებულები თუ მათთან ხელიხელჩაკიდებული სიამოვნებით ათვალიერებენ ყველაფერს. 

დღე მდიდარია პერფორმანსებით, თეატრალური წარმოდგენებით, კონცერტებით და ასეა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქვეყნის ყველა ქალაქში. საღამოს ღია ცის ქვეშ იმართება გალაკონცერტი, რომელიც გვიან ღამემდე გრძელდება. 

რა თქმა უნდა, ამ დღეს ოჯახებში იშლება სუფრები და განსაკუთრებული სიყვარულით ისმება ყველაზე ძვირფასის - სამშობლოს სადღეგრძელო.

თბილისობა 

თბილისობა დღესასწაული

ეს არის საყოველთაო დღესასწაული, რომელშიც მთელი საქართველოა ჩართული, და ის თბილისში 1979 წლიდან, ოქროსფერი შემოდგომის დღეებში აღინიშნება. „თბილისობაზე“ ყოველწლიურად უამრავი ღონისძიების ნახვა შეიძლება - იქნება ეს კულტურული თუ სპორტული შეჯიბრებები, ქართული თუ ეთნიკური უმცირესობების ხალხური შემოქმედების კონცერტები და გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები და სხვა. ღონისძიებების ეპიცენტრი დედაქალაქის ისტორიული ნაწილი - ძველი თბილისია. ამ დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭებათ.

ბათუმობა

სექტემბრის დასაწყისში ბათუმელები თავიანთი საყვარელი ქალაქის დღესასწაულს "ბათუმობას" აღნიშნავენ. ფერადი გირლანდებითა და სპეციალური დეკორაციებით გაფორმებულ მემედ აბაშიძის გამზირსა და ევროპის მოედანზე სტუმრებს საინტერესო გასართობი პროგრამა ელოდებათ. ღონისძიება სასულე ორკესტრის მსვლელობითა და კოსტიუმირებული წარმოდგენებით იწყება. ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბათუმის ისტორიის ფოტოგამოფენა. ტარდება კოსტიუმირებული, თოჯინების თეატრის წარმოდგენები, საბავშვო გასართობი თამაშები, ადგილობრივი მუსიკალური ბენდების კონცერტები და ა.შ.

ქუთაისობა  

2 მაისს საქართველოს „მეორე დედაქალაქი“ ქუთაისობას, ანუ „გვირილობას“, ზეიმობს.  ტრადიციულად, ქალაქის ცენტრალურ ბაღში, ბულვარში, ქუთაისელი ჩოხოსნები იკრიბებიან და, პატარებთან ერთად, გამვლელებს ქუთაისობას ულოცავენ, გიმნაზიელების სამოსში გამოწყობილი გოგონები კი გვირილებს ჩუქნიან. ეს ტრადიცია XX საუკუნის 20-იან წლებს უკავშირდება, როდესაც გიმნაზიელმა გოგონებმა დაკრეფილი გვირილები გაყიდეს და ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს დაეხმარნენ. ამ დღეს ქუთაისში იმართება სახალხო სეირნობა, სხვადასხვა სახის საკონცერტო და სპორტული ღონისძიება, მესხიშვილის სახელობის თეატრი კი შემოქმედებით საღამოს მასპინძლობს.

ფაზისობა

ფოთელების საყვარელი სახალხო დღესასწაული „ფაზისობა“ ფოთში 1992 წლიდან აღინიშნება. ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას ქალაქის ქუჩებში დიდი ხალხმრავლობაა, იმართება სხვადასხვა სახის გამოფენები, კონცერტები, ადგილობრივი მხატვრების, შემოქმედებითი კოლექტივების ნამუშევრების ჩვენება, გასაყიდად არის გამოტანილი ნაირფეროვანი ადგილობრივი პროდუქტი და ეწყობა სახალხო სეირნობა.

ზეკარობა

იმერეთში საერთო სახალხო დღესასწაულ „ზეკარობაზე“ უამრავი ადამიანი იყრის თავს.  ღონისძიება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე ტარდება. საპატიო სტუმრები ე.წ. „ქვასაყდარას“ ბორცვზე იკრიბებიან.  იმართება დოღი, ეწყობა ადიგენისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ეთნოკუთხეები, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ტრადიციული კერძები და სასმელი დააგემოვნონ. წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთები, მათ შორის - ხეზე კვეთის ოსტატების მიერ შექმნილი ნამუშევრები. „ზეკარობა“ საზეიმო კონცერტით სრულდება. სახალხო დღესასწაული აღდგენილი „მწყემსის დღის“ ახლებური ვარიანტია.

შუამთობა

აჭარის მთიანეთში აღინიშნება სახალხო დღესასწაული „შუამთობა“. მისი ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. ამბობენ, რომ ის მთობის შუა პერიოდს - იალაღებზე ყოფნას უკავშირდება. ბოლო წლებში სახალხო დღესასწაულს ოფიციალური სახე მიეცა და მთავარ სანახაობას კურორტი ბეშუმი მასპინძლობს. იმართება კონცერტი, წარმოდგენები, ეთნოგრაფიული გამოფენა, რაც კულინარიულ ნიმუშებსაც მოიცავს. შესაბამისად, სტუმრებს უგემრიელესი აჭარული კერძების დაგემოვნებაც შეუძლიათ. შუამთობა სრულდება დოღით, რომელიც ნამდვილი სანახაობაა.

ფუძეობა და ონელობა

რაჭაში, ამბროლაურის ცენტრში, სახალხო დღესასწაულ „ფუძეობას“ ყოველწლიურად ზეიმობენ. ღონისძიების ძირითადი გზავნილი რაჭიდან წასული რაჭველების საკუთარ ფუძეზე დაბრუნებაა. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ამბროლაურში იმართება ფოლკლორის ფესტივალი, სპორტული თამაშები, თეატრალური დადგმები, წიგნებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილია სხვადასხვა მუნიციპალიტეტის კუთხეებიც. 

ასეთივე დატვირთული პროგრამით იმართება შემოდგომის პირველ თვეს ონის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი „ონელობა“. მას რაჭველები 2008 წლიდან აღნიშნავენ.

დუშეთობა

28 სექტემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული დუშეთობა იმართება,  რომლის ფარგლებშიც მრავალი ტრადიციულ-კულტურული და სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი: ქალაქის ცენტრალურ მოედანსა და შემოსასვლელში წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის კუთხეების - ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის ეთნოგრაფიული სახლები, მათი ყოფითი კულტურა, ხალხური რეწვის ნიმუშები და ტრადიციული სამზარეულო. ყოველწლიურად ქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივებისათვის იგეგმება ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, რესტორნებისა და ლუდის კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია და სხვა ღონისძიებები.

კასპობა 

ქართლში სახალხო დღესასწაულ „კასპობას“ ოქტომბრის მესამე კვირას ზეიმობენ. ქუჩებში გამოფენილია ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები, სუვენირები, მოწყობილია ცნობილი ადამიანებისა და შემოდგომის კუთხეები, გამართულია ქართული ოდასახლები, ფაცხები. წარმოდგენილია მუნიციპალიტეტში მოქმედი საწარმოების პროდუქცია. ადგილობრივი კოლექტივებისა და შემსრულებლების კონცერტების ფონზე იმართება სახალხო სეირნობა.

ჰერეთობა 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჰერეთობის დღესასწაულს, ტრადიციულად, შემოდგომაზე ზეიმობენ. ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად იმართება ფესტივალი, სადაც წარმოდგენილია ქართული ხალხური ფოლკლორი, ტრადიციული კერძები და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები. ღონისძიებაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან ერთად, აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტებიც მონაწილეობენ. იმართება ასპარეზობები ნარდში, ჭადრაკსა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

მცხეთობა, იგივე სვეტიცხოვლობა

ეს დღე საქართველოში განსაკუთრებულად აღინიშნება. ეს უფლის კვართის დღესასწაულია. ამიტომ მცხეთის საკათედრო ტაძარში 14 სექტემბერს სადღესასწაულო წირვა აღევლინება. ამავე დღეს აღინიშნება მეფე მირიანის, დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენების დღეც.

გადმოცემის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს - ელიოზსა და  ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. უფლის კვართი ელიოზმა მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას - მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა. სიდონიამ იესოს სამოსი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა იგი კვართთან ერთად დაკრძალა. სიდონიას საფლავზე თურმე მშვენიერი ხე ამოვიდა. ოთხი საუკუნის შემდეგ, მეფე მირიანის ბრძანებით, სწორედ ამ ხისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი ეკლესიის ასაშენებლად. ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, მშენებლებს ვერ აღუმართავთ. მხოლოდ წმინდა ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა სვეტი იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.

მცხეთობას ხალხური სეირნობა და ზეიმი იმართება ქალაქის ქუჩებში.

ვლაქერნობა

15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვლაქერნის ღვთისმშობლის კვართის დადების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს განსაკუთრებით ზუგდიდში ზეიმობენ. დადიანების სასახლის მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართსა და რამდენიმე წმინდანის წმინდა ნაწილს გამოაბრძანებენ. სიწმინდეებს სამღვდელმთავრო წირვისთვის მსვლელობით ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საეპისკოპოსო ტაძარში გადაასვენებენ. ამ დღეს მომლოცველებს სიწმინდეებთან მიახლების შესაძლებლობაც აქვთ.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდში მოხვედრის ორი ვერსია არსებობს. პირველი გვეუბნება, რომ კვართი საქართველოში VIII საუკუნეში ბიზანტიის მთავარი ქალაქიდან - კონსტანტინოპოლიდან ჩამოაბრძანეს. მეორე ვერსიით, ღვთისმშობლის კვართი საქართველოში XV საუკუნეში, თურქეთის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ მოხვდა.

ალავერდობა

კახეთის ალავერდის ტაძრის კარის, ნაყოფიერებასა და მოსავლის აღება-დაბინავებასთან დაკავშირებული დღესასწაული - ალავერდობა მონასტრის დამაარსებლის, იოსებ ალავერდელის სახელს უკავშირდება. ძველად დღესასწაული 29 სექტემბერს იწყებოდა და სამ კვირას გრძელდებოდა. თავი ალავერდობა, შუა ალავერდობა და ბოლო ალავერდობა - ასეთი იყო სამსაფეხურიანი ციკლი, რომელიც სინკრეტულ წარმოდგენებს ეფუძნებოდა და წინაქრისტიანულ და ქრისტიანულ ელემენტებს შეიცავდა. 

ალავერდობაზე ღამის თევით მოდიოდნენ საქართველოს ყველა კუთხიდან. ამ დღესასწაულთან დაკავშირებული იყო ტრადიციული ბაზრობა, რომელმაც XIX საუკუნის II ნახევრიდან ფართო ხასიათი მიიღო. გასაყიდად გამოჰქონდათ სამრეწველო საქონელი, შინასამრეწველო ნაწარმი, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების პროდუქტები.

ლაშარობა

ლაშარის ჯვარი ფშავის მთავარი სალოცავია და მისი დღესასწაული 1-ელ ოქტომბერს იმართება. საკულტო ცენტრი არაგვის ხეობის ზედა წელში, სოფელ ხოშარის მომიჯნავე „ლაშარის გორაზე“ მდებარეობს. ლაშარის ჯვარი მოლაშქრე ღვთაებად მიიჩნეოდა, რომელიც „გიშრის ფრთიანი ნისლა ცხენით“ წინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს. 

როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს, მას შესთხოვდნენ სახნავ-ნათესის ბარაქიანობას, ადამიანთა კეთილდღეობას, ავადმყოფობისა და ზიანისაგან დაცვას. მას ძვირფასეულობას სწირავდნენ საქართველოს მეფეები, მფლობელობაში გადასცემდნენ ადგილ-მამულებსა და ზვრებს.

ლაშარობა თიანეთში, ხევსურეთსა და ფშავში აღინიშნება. ძველი ტრადიციით, მსხვერპლშეწირვის რიტუალიც ტარდება (სწირავენ პირუტყვს). ხევისბერი წმინდა დროშას გამოაბრძანებს და საყოველთაო ლოცვა აღევლინება. 

ამ დღეს, ტრადიციულად, იმართება დოღი და კულტურული ღონისძიებები.

დიდგორობა

ეს სახალხო დღესასწაული 12 აგვისტოს აღინიშნება და მას ქართველებისთვის დიდი დატვირთვა აქვს - 1121 წელს 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში ქართველებმა, მეფე დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით, სასწაულებრივად დაამარცხეს მტერი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.  

ამ დღეს დიდგორის მთის ძირში, „მისალოცავში“ საკულტო წესები სრულდებოდა. აქვე კლავდნენ შესაწირს, ნათლავდნენ ბავშვებს და მართავდნენ პურობას. დიდგორის მთის წვერზე შემონახულია წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები, რომლის საკურთხეველთან ადრე აღმართული ყოფილა ფალოსის ქვის გამოსახულება (ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). დღეობაზე იმართებოდა ჯირითი. „დიდგორობა“ ძირითადად ქართლსა და ხევსურეთში აღინიშნებოდა.  

დიდგორი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. თანამედროვე დიდგორობაზე აქ ტარდება კულტურული და სპორტული ღონისძიებები: საკონცერტო წარმოდგენა, შეჯიბრი ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში, იმართება დოღი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა