KA
2024-12-13T18:15:14.000000Z
გასეირნება ძველ თბილისში

გასეირნება ძველ თბილისში

ქალაქის ამ უბანს 1936 წლამდე „ტფილისი“ ერქვა, ახლა „ძველი თბილისია“ - ქალაქის ისტორიული ნაწილი და 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა წევრობის კანდიდატი.
სარჩევი

თბილისის დაარსება - მეფური გადაწყვეტილება

თბილისის დაარსების ლეგენდა, უფრო კი მიზეზი, რამაც თბილისის დაარსება განაპირობა, ნამდვილად საოცარი ისტორიაა, თუკი ისტორია გხიბლავს და ადრეული საუკუნეების ამბები გაინტერესებს. თბილისის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული, რასაც ქალაქში აღმოჩენილი საკმაოდ მრავალფეროვანი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს - ენეოლითიდან (ძვ.წ. IV-III ათასწლეულიდან) ანტიკური ხანამდე (ძვ.წ. I ათასწლეული - ახ. წ. III საუკუნე). 

ამ ტერიტორიაზე მომავალი  დედაქალაქის გაშენება V საუკუნის მეორე ნახევარში ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალმა დაიწყო, ლეგენდა კი ასეთია: მეფე ვახტანგი სანადიროდ იყო. მისმა მონადირე მიმინომ ხოხობი დაიჭირა და მიწისკენ დაეშვა, მაგრამ ნადავლიანად ხევში გაუჩინარდა.

მეფე, თანმხლებებთან ერთად,  ხევში ჩავიდა, სადაც ნახა, რომ მიმინოცა და ხოხობიც ცხელ წყალში ჩაცვენილიყვნენ. მეფეს ადგილი მოეწონა და მეფური გადაწყვეტილებაც მიიღო - იქ ქალაქის გაშენება ბრძანა. ქალაქს თბილი წყლების აღსანიშნავად თბილისი დაერქვა.

გასეირნება მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე

რუკას, მარშრუტებსა და ძველი თბილისის დათვალიერების რაციონალურ გეგმას ბევრგან წააწყდები, ისტორიულ-მხატვრული ჩანახატებით თბილისის გაცნობა კი ნამდვილად კარგი გამოცდილება იქნება. 

თბილისს  მდინარე მტკვარი მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად ყოფს. ჩვენ  ორივე სანაპიროზე ვივლით, ზოგჯერ ისტორიისა და ზოგჯერ სანახაობის გათვალისწინებით.

მტკვრის მარჯვენა სანაპირო

თავდაპირველად თბილისი სამი დასახლებისგან - ქალაქისგან შედგებოდა: ტფილისი, კალა და ისანი.   

ძველ თბილისს ძალიან საინტერესო ქალაქგეგმარება ჰქონდა, დღევანდელი გადასახედიდან - გამართული. V საუკუნეში ქალაქის ცენტრად კლდისუბანი მიიჩნეოდა - დღევანდელი გორგასლის მოედნის ზედა ნაწილი. 

„მსოფლიოში არცერთ კუთხეში არ მოიძებნება იმდენი სხვადასხვა ჯურის უცხოელი, რამდენიც აქ... შეხვდებით სომხებს, ბერძნებს, ებრაელებს, სპარსელებს, ინდოელებს, თათრებს, ევროპელებს“, - წერდა XVII საუკუნეში ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი  დღევანდელი ვახტანგ გორგასლის მოედნის შესახებ. 

ეს ადგილი დღესაც ისევე იზიდავს ტურისტებს, როგორც მაშინ იზიდავდა საქმიან უცხოელებს.  ისტორიულად V საუკუნიდან აქ იყო სავაჭრო ცენტრი - ბაზარი, სადაც სხვადასხვა წარმოშობის პროდუქციის ყიდვა-გაყიდვა იმართებოდა. 

ამ უბანში თავს იყრიდნენ ვაჭრები და ხელოსნები. ქუჩებისა და მოედნების სახელებიც, რომლებიც დღესაც შენარჩუნებულია, სწორედ საქმიანობის მიმანიშნებელია: ვერცხლის ქუჩა, ოქრომჭედლების ქუჩა, მღებავების ქუჩა, პურის მოედანი, ღვინის აღმართი, ბამბის რიგი და რკინის რიგი. 

აი, „შარდენიც“, ქუჩა თავისი ცნობილი კაფე-რესტორნებითა და  სალონებით!  სხვაგან სად უნდა იყოს მოგზაურ ჟან შარდენის სახელობის ქუჩა, რომელმაც ისე აღწერა და საქვეყნოდ გააპიარა თბილისი, რომ არავის შეუკვეთია.

ძველ თბილისში უბნების დასახელება მოსახლეობის უმრავლესობის ეთნიკურობასაც ასახავდა: „ქართველთა უბანი“, „მოგვთა უბანი“ და „ურიათა უბანი“.

ძველი თბილისის ზოგიერთ ნაწილს ნაგებობების მიხედვით დაერქვა სახელები: ანჩისხატის უბანი, სიონის უბანი, ციხის კარის უბანი, ზოგიერთს კი - იქ მცხოვრებთა ვინაობის მიხედვით: ყორღანაათ უბანი, ორბელიანთა უბანი... 

მოედანი ქალაქისთვის ადრეც და ახლაც სასიცოცხლო სივრცეა და მის არქიტექტურულ გადაწყვეტას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. 

დღეს კალას დათვალიერება და ისტორიის აღდგენაც შესაძლებელია. ციხე-გალავნით შემოზღუდული ქალაქი კალა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მოიცავდა. აქ იყო სამეფო რეზიდენცია, სასახლეები, ეკლესიები, აბანოები. 

კალას ზემო და ქვემო უბნები თბილისის ძირითადი ნაწილი გახლდათ და დღესაც ასეა -  არა მხოლოდ თავისი ისტორიის გამო, არამედ  ურბანული თვალსაზრისითაც. თუმცა ის, რასაც დღეს ნახავთ, უფრო XIX საუკუნეშია ჩამოყალიბებული. ამ უბანშია ქართული და სომხური ეკლესიებიც, მეჩეთიც და კათოლიკური ეკლესიაც. 

ბევრი რამ ვერ გადაურჩა მტრისგან თბილისის ბოლო აოხრებას - 1795 წელს.

მტკვრის მარცხენა სანაპირო

ისტორიული უბანი ისანი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილშია. 

აქ არაბთა ბატონობის ხანაში ქვითკირის გალავნითა და თხრილით გაამაგრეს დასახლება და არაბული სახელი ჰისნი - ისანი უწოდეს. შემდეგ ქალაქის ამ ნაწილს ავლაბარი დაერქვა. 

აქ მდებარეობს მეტეხის ტაძარი და ტაძრის ეზოდან, კლდიდან თბილისს გადმოჰყურებს ხელაღმართული მბრძანებელი, ქალაქის დამაარსებელი მეფე ვახტანგ გორგასალი. 

ამ უბანშია: დედოფალ დარეჯანის სასახლე, სამების ტაძარი, მეტეხის ხიდი, რიყის პარკი, მინის მშვიდობის ხიდი... ეს უბანი, ძველ მოხატულ სადარბაზოებთან ერთად, სასიამოვნო თავგადასავალს გპირდება. 

ავლაბარში ქართული ხალხური საცხოვრებელი სახლის უნიკალური ნიმუში - ფორაქიშვილების დარბაზია. ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, რომელიც თბილისს XVII საუკუნიდან შემორჩა. მისი დათვალიერების შემდეგ ქართულ სოციალურ სურათს მხატვრულად აღადგენ. მეტეხის ხიდით ისევ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე თუ გადმოხვალ და მეტეხის ტაძრის ქვევით კლდეს შეხედავ, კლდეში გამოკვეთილი წმინდა დოდო გარეჯელის სენაკი დაგხვდება.

ხიდები ძველ თბილისში

ძველი თბილისის ხედი

ნებისმიერ ქალაქში, სადაც მდინარე მოედინება, ხიდები საინტერესო სანახაობაა. თბილისში არც ისე ბევრი ხიდია - სულ ათი  და არცერთი არაა ისეთი, უძველესიაო, რომ იტყვიან; ისეთი, როგორიცაა რიალტოს ხიდი ვენეციაში ან მირაბოს ხიდი პარიზში, თუმცა მეტეხის ხიდზე ხომ გადმოვედით, მის ადგილას ისტორიულად ბევრი ხიდი ჩანგრეულა. ახლანდელი რკინა-ბეტონის ნაგებობა 1951 წელს გაიხსნა. მის გვერდით კიდევ ერთი ხიდი ყოფილა, სასაცილო სახელით: „ვირის ხიდი“ - გადატანითი მნიშვნელობით ამბობდნენ: „აქ ერთი ვირი თუ გაივლიდა, პატრონთან ერთადო“.

ბარათაშვილის ხიდი თბილისში ის მოხერხებული ადგილია, საიდანაც შეგიძლია, ქალაქის დათვალიერება დაიწყო.
ბარათაშვილის ხიდზე იოლად მიხვდები, რომელ მხარეს უნდა გადახვიდე, თუ ქალაქის წარსულის ნახვა გინდა, და რომელ მხარეს გაემართო თანამედროვე თბილისის გასაცნობად. არჩევანი შენზეა.

აუცილებლად გაიარე ბარათაშვილისა და მეტეხის ხიდებს შორის მდებარე საფეხმავლო მინის ხიდზე, რომელსაც მშვიდობის ხიდი ეწოდება. ის იტალიელი არქიტექტორის შექმნილია, ასაკით სხვა ხიდებზე გაცილებით უმცროსია, მაგრამ უკვე ცნობილია და ქალაქის სავიზიტო ბარათებზეც ხშირად ნახავ.

სეირნობა მოკირწყლული ქუჩებით

ბარათაშვილის ქუჩაზე სტილიზებული ვაგონი დგას, რომელსაც „კონკა“ ეწოდება - გასულ საუკუნეში კონკა თბილისურ ტრამვაის ერქვა. 

აქედანვე რამდენიმე ნაბიჯშია „მარიონეტების თეატრი“, ზღაპრული საათის კოშკი და კაფე გაბრიაძე, სადაც უგემრიელეს ყავას ადუღებენ - ეს შავთელის ქუჩაა. ამ პატარა ქუჩაზე თუ გახვალ და აუყვები, მერე გვერდითაც საინტერესო თავგადასავალს წააწყდები, ასე ნელ-ნელა კი საოცრად მშვიდ, თან სიცოცხლით სავსე ძველი თბილისის ქუჩებს მთლიანად მოივლი, რასაც, სავარაუდოდ, ხშირად გაიმეორებ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა