თბილისიდან შატილის გადასახვევამდე მანძილს მანქანით გაივლი. იქიდან კი გზას ველოსიპედით დაადგები.
მთებს შორის მოქცეული მოელვარე წყალი საოცარ ხედებს ქმნის. წყალსაცავის მაქსიმალური სიღრმე 75 მეტრია და ის სასმელი წყლით თბილისის მოსახლეობის ნახევარს ამარაგებს. ჟინვალის წყალსაცავი და მიმდებარე ტერიტორია წლის ნებისმიერ დროს ულამაზესია და ამიტომ აქ უამრავ ადამიანს შეხვდები.
ზამთარში აქაურობა მისტიკურ ელფერსაც იძენს. ამ დროს წყალსაცავში წყლის დონე იკლებს და XII საუკუნის ჯვარპატიოსნის ეკლესია ჩნდება, რომელიც 1985 წელს ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობისას წყლის ქვეშ მოექცა.
ველოტურის ფარგლებში, ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს - ანანურის კომპლექსსაც ნახავ. ანანურის ციხე, რომელიც მრავალი ბრძოლის ადგილი იყო, XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება.
ჟინვალის წყალსაცავიდან უკან იმავე გზით დაბრუნდები: შატილის გადასახვევამდე - ველოსიპედით, იქიდან თბილისამდე კი - ავტომანქანით.