KA

იჯარეთი - თრიალეთის ტბა - ზარზმა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონს გამორჩეული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა აქვს. ის ისტორიული მნიშვნელობის მხარეა და მდიდარია ბუნების ძეგლებით, წიაღისეულითა და კურორტებით. ამ ადგილების დასათვალიერებლად რამდენიმე დღე აუცილებლად დაგჭირდება, ზღაპრულ ხედებსა და გამაოგნებელ კულტურულ ძეგლებს კი, ალბათ, ვერასდროს დაივიწყებ.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ადიგენი

შენი მარშრუტი სოფელ იჯარეთიდან იწყება, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს.

პირველი დღე: იჯარეთი და თრიალას ტბები

XIII საუკუნის ეკლესიის ნაშთს იჯარეთში აუცილებლად გადააწყდები, მის გვერდით კი საქართველოში ყველაზე ძველ სამრეკლოს შეხვდები, რომელსაც XIII საუკუნის შუა წლებს მიაკუთვნებენ. ძეგლამდე მისვლას სამანქანო გზით შეძლებ.

სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით გრუნტის გზას თუ გაუყვები, მალევე მიადგები ტყეში თრიალას ტბებს, რომლებიც ზღვის დონიდან 1620 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

მარშრუტზე პირველი ყველაზე დიდი ტბა შემოგხვდება, მისგან კვლავ სამხრეთ-დასავლეთით კი მეორე ტბასთან აღმოჩნდები, რომელიც ყველაზე პატარაა, თანაც თევზებით სავსე და ძალიან ლამაზი. 

დასავლეთით მესამე ტბა უკვე თრიალაა, რომლის ნაწილიც ჭაობში გადადის.

ადგილობრივების თქმით, თრიალას მეოთხე ტბაც არსებობს, რომელიც რთულად მისაგნებია და „უძირო თრიალას“ სახელით იცნობენ. 

შებინდებისას შეგიძლია, კარვის გაშლაზე იფიქრო და ღამე ბუნებაში გაატარო, ან მწყემსების საზაფხულო სადგომებს მიაკითხო. 

არ დაგავიწყდეს, რომ ეს ტბები განსაკუთრებით ლამაზი გაზაფხულსა და ზაფხულშია, როდესაც წყლის დონე მატულობს. ზამთარში კი ისინი მთლიანად იყინება.

დღე მეორე: თრიალას ტბები, იჯარეთი, ზარზმა

შენი მოგზაურობის მეორე დღეს ტბიდან შეგიძლია, ისევ იჯარეთში დაბრუნდე და ცენტრალური გზიდან დაახლოებით 10 კმ-ში სოფელ ზარზმას ესტუმრო. აქ ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ზარზმის მონასტერია. სამწუხაროდ, ძველ ეკლესიას ჩვენს დრომდე არ მოუღწევია, ხოლო ახლანდელი მთავარი ტაძარი XIII -XIV საუკუნეთა მიჯნაზეა აგებული. ზარზმის სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში.

იქვე „თამარის წყაროსაც“ შეხვდები, რომლის სახელიც შემთხვევითი ნამდვილად არ არის - სოფლის წყაროებს ეს სახელი თამარ მეფის გამო დაარქვეს. ძველი ამბების თანახმად კი, თამარ მეფეს ამ წყაროსთან ჩაუვლია და წყაროს წყალი დაულევია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს წყარო, მინიმუმ, რვა საუკუნეს ითვლის.

Powered by Wikiloc
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა