KA

ადიგენი

უმშვენიერესი და უძველესი ტყეები, ალპური მინდვრები, ტბები, ჩანჩქერები და კულტურულ-ისტორიული ძეგლები - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ღირსშესანიშნაობებისა, რომლებსაც სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში შეხვდები, ამიტომ აქ აუცილებლად უნდა იმოგზაურო.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
3:45 სთ
ბათუმი
4:45 სთ
ქუთაისი
3:40 სთ

რას ნახავ ადიგენში?

ადიგენი ცნობილია გოდერძის ნამარხი ტყით, რომელიც პლიოცენის პერიოდით თარიღდება. ეს პერიოდი 5,332 მლნ წლის წინ დაიწყო და 2,588 მლნ წლის წინ დასრულდა. ტყე ტროპიკული მცენარეების ანაბეჭდებს ინახავს, რომლებიც მძლავრი ვულკანური ამოფრქვევების შედეგად ფერფლში ჩაიმარხა.

ადიგენში ბუნების სხვა საოცრებებსაც შეხვდები - ჯაჯის ტბას, საზღვრისპირა საზაფხულო იაილებს, თრიალას ტბებს, ჭულის ჩანჩქერსა და კოტატბას. აქ მიღებული შთაბეჭდილებები ნამდვილად განუმეორებელი იქნება.

სამთო-ბალნეოლოგიური კურორტი აბასთუმანი

დასვენებისთვის ასევე იდეალური ადგილია სამთო-ბალნეოლოგიური კურორტი აბასთუმანი, რომელიც ფთიზიატრიული და ართროლოგიური პროფილით ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან არის ცნობილი. 

აბასთუმანში ასტროფიზიკურ ობსერვატორიასაც შეხვდები, რომელიც უამრავი მსოფლიო დონის აღმოჩენის ადგილადაა მიჩნეული. აქ ტელესკოპიდან მთვარისა და პლანეტების დანახვას შეძლებ, რაც როგორც დიდებისთვის, ისე ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება იქნება.

ადიგენის კულტურული ძეგლები 

ახალი შთაბეჭდილებებით აგავსებს ადიგენსა და მის შემოგარენში არსებული სხვა კულტურულ-ისტორიული ძეგლებიც: 

  • ზარზმის მონასტერი, რომლის ახლანდელი ტაძარიც XIV საუკუნეშია აგებული და ის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია; 

  • XIV საუკუნის მეორე ნახევრის ჭულევის მონასტერი; 

  • სოფელ იჯარეთის ეკლესია, რომლის სამრეკლო XIII საუკუნით თარიღდება და ერთ-ერთი უძველესია საქართველოში; 

  • ოქროს ციხე - ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ციხე საქართველოში, რომელიც სოფელ ბოლაჯურის მახლობლად, შემაღლებულ კლდოვან მასივზეა აგებული; 

  • ზანავის ციხე - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, რომელიც ციცაბო კლდეზეა  აღმართული.

  • ღვთისმშობლის ეკლესია სოფელ უდეში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა