ადმინისტრაციული ცენტრიდან - ქედიდან, სულ რაღაც, 13 კილომეტრი უნდა დაფარო და სოფელ მერისში აღმოჩნდები. სამანქანო გზის დასრულებიდან 100 მეტრს მშვენიერ ბუნებაში ფეხით გაივლი და მწვანეში ჩაფლულ ჩანჩქერსაც მიადგები ირგვლივ მოწყობილი კიბეებითა და მოაჯირებით, ულამაზესი ხედების ყურებით რომ დატკბე. თუ ამისთვის მეტი სიმაღლე გჭირდება, საბაგიროც აქვეა.
მერისის ჩანჩქერში ბანაობა დაშვებულია. ჩანჩქერი წყალუხვია და კამკამა წყლის ბუნებრივ აუზს ქმნის. მის მახლობლად მოსასვენებელი ქოხები დგას, იქვეა კაფეც. ჩანჩქერის მიმდებარედ შესაძლებელია პიკნიკის მოწყობა და, ადგილობრივებთან ერთად, გემრიელი აჭარული კერძებისა და ღვინის დაგემოვნება.
მერისს განსხვავებული საოჯახო სასტუმროებიც გამოარჩევს. მეტიც, აქაურობა ფოლკლორის მოყვარულებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა - სასტუმროები ფოლკლორის მასტერკლასებსაც შემოგთავაზებენ.
საინტერესოა მერისის შემოგარენიც. ირგვლივ მრავალ ღირსშესანიშნაობას ნახავ. აქაა გუნდაურის სამკურნალო-მინერალური წყლები და ზენდიდის უძველესი ციხესიმაგრის ნანგრევები, საიდანაც ქედის სოფლებზე გასაოცარი ხედები იშლება.