KA
2024-12-12T10:41:52.000000Z
მსოფლიო მნიშვნელობის მემკვიდრეობა

მსოფლიო მნიშვნელობის მემკვიდრეობა

იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში, მსოფლიოს მასშტაბით, 1153 ძეგლია შეტანილი. მათ შორისაა ქართული ანბანი და ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი.
სარჩევი

ისინი იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კიდევ ბევრი რამაა, კაცობრიობა რომ შეცვალა და მსოფლიოს განვითარებას ხელი შეუწყო.

ზეზვა და მზია

1991 წელს საქართველოში, დმანისში აღმოჩენილმა პირველმა თავის ქალამ, რომელიც 1.8 მილიონი წლით დათარიღდა, კაცობრიობის ისტორია ლამის ამოატრიალა. ეს იყო პირველი ადამიანი ევროპაში, რომელსაც მეცნიერებმა „ადამიანი საქართველოდან“ – „ჰომო გეორგიკუსი“ უწოდეს. დმანისი კი, სადაც იმ პერიოდის კიდევ ხუთი თავის ქალა იპოვეს, პირველი ევროპელი ადამიანის საცხოვრებლად გამოაცხადეს. 

ასე დაინგრა მრავალწლიანი ისტორია აფრიკიდან ჰომინიდების პირველი განსახლების შესახებ და ევრაზიის კოლონიზაციის თარიღმაც ასობით ათასი წლით უკან გადაიწია.

პირველმა ევროპელებმა, რომლებსაც ზეზვა და მზია უწოდეს და რომელთა სახეები რეკონსტრუირებულია, მრავალ ქვეყანაში „იმოგზაურეს“ და მსოფლიოს პირველი ევროპელი ადამიანის სახე, მათი აღნაგობა და ცხოვრების წესი ხილულად გააცნეს.

პირველი ევროპელების - ზეზვასა და მზიას ნახვა მათ სამშობლოში, საქართველოში, ეროვნული მუზეუმის დმანისის მუზეუმ-ნაკრძალშია შესაძლებელი.  

ქართული დამწერლობა

რა ენაზე საუბრობდნენ საქართველოში მცხოვრები პირველი ევროპელები, მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ, თუმცა ვიცით, რომ ქართული დამწერლობა ძვ. წ. III საუკუნეში უკვე სახელმწიფო დამწერლობად იყო გამოცხადებული. 

თუკი ნეკრესის ნაქალაქარზე მოხვდები, აუცილებლად დააკვირდი სამარხზე აღმოჩენილ წარწერას. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ის შესაძლოა, წინაქრისტიანული პერიოდით დათარიღდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული დამწერლობის ნიმუში იქნება. 

მსოფლიოში რამდენიმე ათეული დამწერლობაა მათ შორის სამი ქართულია - ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ისინი ერთ-ერთ უძველეს დამწერლობად მიიჩნევა და, როგორც „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“, იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია შეტანილი.

მსოფლიო მნიშვნელობის ქართული ძეგლები

საქართველოს ტერიტორია, რომელიც ადამიანის ცხოვრების მილიონ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიას ინახავს, ბუნებრივია, არქიტექტურული ძეგლების სიძველითა და მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. 

ამ ეტაპისთვის იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში ხუთი ძეგლია შეტანილი: XI საუკუნის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, VI საუკუნის მცხეთის ჯვრის მონასტერი, XI საუკუნის სამთავროს მონასტერი, XII-XIII საუკუნეების გელათის სამონასტრო კომპლექსი და უშგულის თემის სოფლები (ლამჯურიში, მურყმელი, ჟიბიანი, ჩაჟაში და ჩვაბიანი) თავიანთი უნიკალური სვანური ციხე-კოშკებით.

ეს ძეგლები საქართველოს უძველეს ისტორიას მოგითხრობს, არქიტექტურული მრავალფეროვნებით, ფრესკებით, ჩუქურთმებითა და წარწერებით.  

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები და არც აქ მოგზაურობა უნდა გამოტოვო. სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს დაუვიწყარი თავგადასავალი ელით ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებში, რომლებიც შავი ზღვის ზომიერად თბილი და ნოტიო აღმოსავლეთ სანაპიროს 80 კილომეტრზეა გადაჭიმული. 

ქართული ქვევრის ღვინო

საქართველოში მოგზაურობა ისე არ უნდა დაასრულო, რომ ქართულ მარანში ქვევრის გახსნის რიტუალი არ ნახო, მერე ამ ქვევრის თავზე გაშლილ სახელდახელო სუფრასთან, შოთის პურთან და გუდის ყველთან ერთად, ქვევრში დაყენებული ღვინო არ დააგემოვნო, არ დაილოცო და მრავალხმიანი სიმღერით - „მრავალჟამიერით“ არ დატკბე.

ქვევრის ღვინო იმ მეთოდითაა დაყენებული, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში აქვს შეტანილი, როგორც „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვევრის ღვინის დაყენების რვა ათასწლიან ისტორიას სათავე საქართველოში დაედო და რომ ღვინის სამშობლო საქართველოა.

იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაშია ქართული მრავალხმიანობაც, რომელიც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად არის აღიარებული. 

ეს იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიულად პატარა საქართველო ის ქვეყანაა, სადაც რომელიმე ქართული ოჯახის მარანში, ქვევრის თავზე სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან ერთდროულად მსოფლიოს რამდენიმე საგანძურთან შეხება შეგიძლია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა