თუ გინდა კავკასიის ერთ-ერთ უძველეს დასახლებას - უფლისციხეს ესტუმრო, კლდოვანი მთის წვერზე არსებული ჯვრის მონასტერი მოინახულო, ისტორიული ციხესიმაგრე დაათვალიერო და გამორჩეული ქართული ტაძარი - სვეტიცხოველი იხილო, მაშინ შიდა ქართლისა და მცხეთის ერთდღიანი ტური აუცილებლად უნდა დაგეგმო.
მანძილი
95კმ
დრო
6-8სთ
სირთულე
საშუალო
1გორის ციხე
საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ციტადელი - გორის ციხე ქალაქის ცენტრში, კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. ციხესიმაგრე „გორის ციხედ“ წყაროებში XIII საუკუნიდან მოიხსენიება, თუმცა შემორჩენილი ნანგრევები ძვ. წ. I ათასწლეულით თარიღდება.
სვეტიცხოველი საქართველოში დღემდე მოღწეულ უძველეს ტაძართა შორის ყველაზე დიდი საეკლესიო ნაგებობაა და ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ურთულესი ძეგლია. არსებობის დღიდან ის ქართული მართლმადიდებელი სარწმუნოების უმთავრესი ტაძარია.
ქალაქ მცხეთის აღმოსავლეთით, მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე აღმართულია ჯვრის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი. ტაძრის სახელი და ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ - სწორედ აქ, წარმართული კერპის სკულპტურის ადგილას, IV საუკუნეში წმინდა ნინომ ხის ჯვარი აღმართა.
საქართველოს ბუნება მრავალფეროვან სანახაობას გთავაზობს, თუმცა ეს ერთ-ერთი ნამდვილად გამორჩეული ხედია - ადგილი, სადაც ორი დიდი მდინარე ერთმანეთს უერთდება. სწორედ ამ შესართავთან მდებარეობს ქალაქი მცხეთა - საუკუნოვანი ისტორიითა და გასაოცარი ძეგლებით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, უწყვეტად დასახლებული ქალაქია.
საქართველოში ბევრ საოცარ ადგილს შეხვდები, რომელიც მოგხიბლავს და ჩვენი ქვეყნის შთამბეჭდავ წარსულში გამოგზაურებს. ერთ-ერთი ასეთი სანახაობა უფლისციხის ნასოფლარია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო.