KA
2024-12-14T00:14:25.000000Z
სად შევიძინოთ ქართული სუვენირები თბილისში

სად შევიძინოთ ქართული სუვენირები თბილისში

თბილისი მულტიკულტურული დედაქალაქია. აქ ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ძველი და ახალი, დასავლური და აღმოსავლური, ანტიკური და თანამედროვე ცხოვრების სტილი, ტრადიციები, არქიტექტურა, ფერები და ხასიათი.
სარჩევი

თბილისი საუკუნეებია, თავს უყრის სხვადასხვა ეთნოსის, რელიგიისა თუ მისწრაფებების ხალხს. 

მრავალი კულტურის თანაარსებობა ყოფით ნივთებშიც იდეალურადაა ასახული. ამის მაგალითია სუვენირები, რომლებიც მოკლედ გიყვება დიდ ისტორიას და ნათლად გაჩვენებს იმას, როგორია ცხოვრება ამ ქალაქში. 

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, იცოდე ქართულ სუვენირებზე და იმ ადგილებზეც, სადაც მათ შეძენას შეძლებ.

ტრადიციული ქართული მაგიდის გადასაფარებელი - სუფრა

ტრადიციული მაგიდის გადასაფარებელი, უფრო ზუსტად - ლურჯი სუფრა, საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეს ერთ-ერთი ნიმუშია საქართველოში გავრცელებული ტრადიციული სუფრისა, სადაც გამოსახულია მცენარეების, ციური სხეულების, ტანსაცმლისა თუ ადამიანების სახეებთან და ფორმებთან მიმსგავსებული ორნამენტები. ისინი შესანიშნავად გადმოსცემს ქართველი ხალხის უძველეს მსოფლმხედველობასთან დაკავშირებულ წარმოდგენებს. ლურჯი სუფრა უფრო მეტად აღმოსავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. დღეს ტრადიციული, ულამაზესი ლურჯი სუფრის თანამედროვე ანალოგებს დიდ სავაჭრო ცენტრებსა და ტურისტულ უბნებში გახსნილ არაერთ მაღაზიაში შეხვდები. 

კავკასიური ხალიჩები

კავკასიელი ხალხი მრავალი საუკუნეა, ფარდაგებსა და ხალიჩებს ქსოვს. ამას ძველად ხელს უწყობდა ვრცელი საძოვრები, სადაც მეცხვარეობას მისდევდნენ, და ამ მინდვრებზე აყვავებული ფერად-ფერადი მცენარეები, რომლებითაც ძაფებს ღებავდნენ. კავკასიურ ხალიჩებში თითოეულ ორნამენტს საკუთარი მნიშვნელობა აქვს და უძველეს ისტორიებსა და ტრადიციებზე გვიყვება. ამიტომაცაა, რომ მათ მიმართ ინტერესი XXI საუკუნეშიც არ ქრება და მეტიც, ის მნიშვნელობას იძენს, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და მეხსიერება. თანამედროვე ინტერიერში საოცარი სიმყუდროვე და შინაარსი შეაქვს ტრადიციული ორნამენტებით ნაქსოვ ხალიჩებს, რომლებსაც  თბილისის ძველ უბნებში ბევრ მაღაზიაში ნახავ.

ქართული მინანქრის სამკაულები

საქართველოში დაახლოებით 13 საუკუნეა, მინანქარზე მუშაობენ და მას იყენებენ როგორც საეკლესიო ნივთებში, ისე საერო სამკაულებში. ქართულ ტიხრულ მინანქარს განსხვავებული ფერები აქვს — ულამაზესი ღვინისფერი და გამჭვირვალე მწვანე ჭარბობს, მასალა კი შეიძლება იყოს ოქრო, ვერცხლი ან სპილენძი. ზოგადად საიუველირო ხელოვნებას და, მათ შორის, ტიხრული მინანქრის ურთულეს ტექნიკას საქართველოში I საუკუნიდან იცნობენ.

ხელნაკეთი ნივთები

ხელნაკეთი ქართული ნივთები

როცა ხელნაკეთ ნივთებზე ვსაუბრობთ, ამ კატეგორიაში იმდენი დასახელების პროდუქტი შეიძლება იპოვო, რამდენსაც შენი ფანტაზია გასწვდება. ჭურჭელი, აქსესუარები, ჩანთები, სამკაულები, დეკორაციები მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც ღია ბაზრობებსა  თუ სუვენირების ან ანტიკვარის მაღაზიებში შეხვდები.

ქართული ტრადიციული სამოსი

თუკი რამე გამოხატავს ქართველის ესთეტიკასა და ხასიათს, ეს, პირველ რიგში, ქართული სამოსია. ქართული ქსოვილი და ორნამენტები ოდითგანვე ხელით იქმნებოდა, სახლში მზადდებოდა ათასგვარი მატერია — აბრეშუმი, შალი, სელი თუ ბამბა, მოსართავად კი მარგალიტებს, ნახევრად ძვირფას, ფერად ქვებს იყენებდნენ, მეტიც, ოქროსაც კი. რაც მთავარია, თითოეულ რეგიონში ტანსაცმელი იქაურ კლიმატსა თუ ყოფა-ცხოვრებაზე იყო მორგებული და სწორედ ასე შეიქმნა ჩოხა, ახალუხი, ნაბადი, ტყაპუჭი თუ სხვა სამოსი. დღეს ტრადიციული ტანსაცმელი ძირითადად ეროვნულ ცეკვებში და საზეიმო ღონისძიებებზე გამოიყენება.

ქართული ხანჯლები

ხანჯალი ქართველი ადამიანის ყოველდღიურ ატრიბუტებში ქვეყნის მუდმივმა ომიანობამ შეიტანა. ქართული ხანჯლის ისტორია უძველესი დროიდან იწყება, რასაც არაერთი არქეოლოგიური აღმოჩენა მოწმობს. ის საბრძოლო იარაღია, რომელიც ტარის, პირისა და ქარქაშისგან შედგება. მას ძვლისგან, ფოლადისა და ტყავისგან ამზადებდნენ. ამასთანავე, ოსტატები მასზე სხვადასხვა ორნამენტს გამოსახავდნენ. ხანჯლის წარმოება მთელი საქართველოს მასშტაბით იყო გავრცელებული. თბილისი კი გასულ საუკუნეებში ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქი იყო და თბილისელი მჭედლები მთელი კავკასიისა და სამეზობლო ქვეყნებისთვის ქმნიდნენ იარაღს. 

ანტიკვარიატი თბილისში

თბილისში არაერთ ანტიკვარულ მაღაზიას შეხვდები, სადაც უიშვიათესი ნივთები იყიდება  — ავეჯი, ჭურჭელი, აქსესუარები, ჭაღები, მუსიკალური საკრავები, მონეტები, ქანდაკებები თუ საკოლექციო მარკები. ეს ნივთები აუცილებლად მოხიბლავს ნებისმიერს, ვინც კარგად იცის სიძველის ფასი.

მშრალი ხიდის ბაზრობა — საუკეთესო სუვენირები თბილისში

მშრალი ხიდის ბაზრობა

ქალაქის ცენტრში, დედაენისა და 9 აპრილის ბაღებს შორის მოქცეულ მშრალ ხიდზე, ყოველდღიურად ღია ცის ქვეშ იმართება სუვენირებისა და ანტიკვარული ნივთების ბაზრობა. აქ უკვე ათწლეულებია, ადგილობრივებს საკუთარი ნივთები გამოაქვთ გასაყიდად. სწორედ აქ შეიძლება იპოვო ისეთ რამ, რაც თბილისს სამუდამოდ სასიამოვნოდ დაგამახსოვრებს.

მშრალ ხიდზე ვაჭრობა აქტიურია 12:00-17:00 საათებში. ბაზრობა, დიდი დღესასწაულების გარდა, წელიწადის ნებისმიერ დროს „ღიაა“, მათ შორის - სამუშაო დღეებშიც.
აქაურობა რამდენიმე სექციად იყოფა - ძველმანები, ხელოვნების ნიმუშები, ანტიკვარიატი და წიგნები. მშრალ ხიდზე, ტრადიციული სუვენირების გარდა, მრავლად ნახავ საბჭოთა პერიოდის ნივთებს.

სუვენირების მაღაზიები და ბაზრობები თბილისში

თბილისში სუვენირებსა და საჩუქრებს შეიძენ მუზეუმებში, გალერეებში, ადგილობრივ მაღაზიებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში, უმეტესად ისეთ უბნებში, როგორებიცაა მეიდანი, აბანოთუბანი, სოლოლაკი და მთაწმინდა

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა