მაზერი მესტიის მუნიციპალიტეტში, ბეჩოს თემში, მდინარე დოლრის ხეობაში მდებარეობს. მესტიის ცენტრიდან იქამდე 25 კილომეტრია. სოფელი ზღვის დონიდან 1660 მეტრ სიმაღლეზეა და მისგან უშბის ულამაზესი ხედები იშლება.
მაზერი ბეჩოს თემის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. აქ, ტყეში, შეხვდები ნასოფლარს, სახელად გულს, სადაც დღემდეა შემორჩენილი საუკუნეების წინანდელი ნასახლარები და ნაკოშკარები.
მარშრუტი ჭალაათისკენ სწორედ ამ ნასოფლარს გაივლის. საკუთრივ ჭალაათი სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით, მყინვარის ძირში მდებარეობს, სადაც მდინარე მესტიაჭალა იღებს სათავეს. მყინვარის სიგრძე 6 კილომეტრია.
მარშრუტი სოფელ მაზერში იწყება. ტყის მასივის გავლით გულის ნასოფლარში ვხვდებით, რის შემდეგაც უღელტეხილის უმაღლესი წერტილისკენ მივემართებით. ის ზღვის დონიდან 3400 მეტრ სიმაღლეზეა. აქედან ვიწყებთ დაშვებას ჭალაათის მყინვარზე.
სრიალს ვასრულებთ ჭალაათის ხეობის ბოლოს, მდინარე მესტიაჭალასთან, რომელიც მესტიის ცენტრიდან 7 კილომეტრში მდებარეობს.
ასავლელი ვერტიკალია +1740, -1750 მეტრი. მყინვარზე სრიალს გარკვეული სპეციფიკა ახასიათებს, უსაფრთხოებისთვის საჭიროა დამატებითი აღჭურვილობა, ასევე სერტიფიცირებული გამყოლის თანხლება.
აღნიშნულ მარშრუტზე წამსვლელებს განთავსება შეუძლიათ როგორც მესტიაში არსებულ სასტუმროებში, ისე სოფელ ბეჩოში მდებარე საოჯახო სასტუმროებში.
სასტარტო ადგილას მისასვლელად მაღალი გამავლობის ავტომობილია საჭირო.
ყურადღება მიაქციე აღჭურვილობას, ის სრულყოფილი უნდა იყოს. თან იქონიე: სპეციალური თხილამურები, საზვავო ჩანთა, გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი, სხვა საჭირო ნივთები.
თუკი ფიზიკურად კარგად არ ხარ მომზადებული, სათანადო ფორმაში ადგილობრივი სპეციალისტები ჩაგაყენებენ.