KA

სრიალი გოდერძიზე

აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილზე გაშლილი ამავე სახელწოდების კურორტი ზამთრის აქტივობების მოყვარულებს ბევრ შესაძლებლობას აძლევს. გოდერძი ზღვის დონიდან 2025 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ყველაზე მაღალი წერტილი აქ 2350 მეტრზეა. ცალკე თავგადასავალია გოდერძიმდე მისვლა. კურორტზე მოხვედრა ბათუმიდანაც შესაძლებელია (109 კმ) და თბილისიდანაც ზარზმის გავლით (252 კმ). მთავარი ისაა, რომ, ნამქრის გამო, რომლის სიმაღლე 7 მეტრსაც კი უტოლდება, ზამთარში ზარზმის გზის გავლა მხოლოდ თოვლის სატკეპნი მანქანით არის შესაძლებელი.
რეგიონი
აჭარა
სოფელი
გოდერძი

სრიალი ნებისმიერი გამოცდილების მქონე მოთხილამურისთვის

გოდერძიზე სრიალს შეძლებენ როგორც დამწყები, ისე საშუალო და მაღალი დონის მოთხილამურეები. ტრასების 2,5% აქ დამწყებებისთვის გამოდგება, 26% - საშუალოზე მაღალი დონის, 71,5% კი - საშუალო დონის მოთხილამურეებისთვის. აქ არის 200-მეტრიანი ტრასებიც, სადაც მსურველები სრიალის სწავლას შეძლებენ. 

გოდერძი - გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებისთვის

გამოცდილ მოთხილამურეებს გოდერძი გაუკვალავ თოვლში სრიალის შესაძლებლობასაც აძლევს. ამ ადგილებში წლების განმავლობაში მხოლოდ ზაფხულობით ამოდიოდა ხალხი საცხოვრებლად და მდელოებს საძოვრებად იყენებდა. ასე რომ, გოდერძიზე შეგიძლია გაუკვალავი თოვლით დაფარულ სახლებს შორისაც ისრიალო. 

კურორტის ინფრასტრუქტურა

გოდერძიზე ორი საბაგირო ხაზი ფუნქციონირებს. ერთი 8-ადგილიანი გონდოლაა, მეორე - 6-ადგილიანი სავარძელი ბაბლით. აქაც, ისევე, როგორც საქართველოს სხვა სამთო-სათხილამურო კურორტზე, ერთიანი აბონემენტების სისტემა მოქმედებს - ერთი მრავალდღიანი ბილეთით შეგიძლია გოდერძის, მესტიის, სათხილამურო კურორტ გუდაურის და ულამაზესი ბაკურიანის საბაგიროებით ისარგებლო. 

გოდერძიზე არის სასტუმრო, კოტეჯები, მუშაობს სწრაფი კვების ობიექტები და რესტორანი. ახლოს, სულ 3 კმ-შია სოფელი დანისპარაული, სადაც საოჯახო სასტუმროებია.

გოდერძიზე სრიალი შესაძლებელია როგორც ალპურ ზონაში, ისე ხშირ წიწვოვან ტყეებსა და სოფლებში. კურორტი ზღვასთან ახლოსაა და თვალწინ საუცხოო პეიზაჟებსაც გადაგიშლის. 

სათხილამურო სეზონი გოდერძიზე 1-ელი დეკემბრიდან 15 აპრილამდეა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა