KA

სრიალი მესტიაში (ჰაწვალი და თეთნულდი)

სვანეთი სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია, რადგან მის ალპურ ზონასა და ტყეში შესაძლებლობა გაქვს, თავისუფალი სრიალით, ლაშქრობებით, ალპინიზმით, „ჰელი სკით“, „სკი ტურით“, პარაპლანითა და სხვა აქტივობებით დაკავდე.

რას ნახავ ჰაწვალზე?

ჰაწვალი პირველი სასრიალო მიმართულებაა მესტიაში, სადაც საშუალო სირთულის ტრასებზე სრიალის გარდა, ტყეში გაუკვალავ თოვლში სრიალი - „ფრი რაიდინგია“ შესაძლებელი. სვანეთის ხშირ ტყეებში თოვლი დიდხანს ინარჩუნებს სიმშრალეს, გვიან იწყებს დნობას, რაც თავისუფალი სრიალისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. „ფრი რაიდინგის“ მარშრუტები მარკირებული არ არის და სასრიალოდ სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად უნდა წახვიდე. 

ჰაწვალზე ასვლა მოსახერხებელია საბაგირო გზით, რომელიც ცენტრიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა. აქ ორი საბაგიროა. პირველ საბაგიროს ჰაწვალზე აჰყავხარ, მეორეს - ჰაწვალიდან - ზურულდზე. საბაგირო “ჰაწვალი” სავარძლის ტიპისაა, საბაგირო “ზურულდი” - გონდოლას ტიპის. დაშვება ხდება ზურულდიდან. 

აქ არის სამანქანო გზაც. მისი დაფარვა ზამთარში მაღალი გამავლობის ავტომობილითაა შესაძლებელი. ჰაწვალზე ასულს კიდევ ერთ საბაგირო დაგხვდება, რომელიც სასრიალო ტრასის დასაწყისამდე აგიყვანს. გაითვალისწინე, რომ ბილეთები ორივე საბაგიროსთან იყიდება.  

კურორტზე ორი რესტორანია, ერთი - საბაგიროსთან, მეორე - ჰაწვალის საბაგიროს ბოლო სადგურზე. რესტორანი „ზურულდი“, რომელიც ზედა სადგურთან მდებარეობს, ვიზიტორების უსაყვარლესი ადგილია. მისი ტერასიდან უმშვენიერესი ხედები იშლება უშბასა და სხვა მყინვარებზე.

რას ნახავ თეთნულდზე?

ჰაწვალისგან განსხვავებით, თეთნულდი ალპურ ზონაში მდებარეობს და მოსახერხებელია როგორც პროფესიონალი, ისე დამწყები მოთხილამურეებისთვის. აქ ოთხი საბაგირო გზაა. პირველი ზღვის დონიდან 2260 მეტრზე მდებარეობს, ბოლო კი - 3160 მეტრზე.

თეთნულდის ჩრდილოეთ ფერდზე „ფრი რაიდის“ რამდენიმე ზონაა. აქედან დაშვება ზღვის დონიდან 1400 მეტრამდეა შესაძლებელი. განსაკუთრებით პოპულარულია ორი მარშრუტი, რომელიც მულახისა და ადიშის თემებს უერთდება. ეს მარშრუტები პირდაპირ საოჯახო სასტუმროებამდე მიგიყვანს, სადაც კუბდარით, ჭვიშტარით, თაშმიჯაბითა და სხვა უგემრიელესი ტრადიციული კერძებით გაგიმასპინძლდებიან.

თეთნულდი სვანეთის ახალი კურორტია. ის მესტიიდან 17 კილომეტრში მდებარეობს და იქ მოსახვედრად მაღალი გამავლობის ავტომობილია საჭირო. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა