ტაბაწყურის ტბა სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე მდებარეობს და ორივე მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ტბა სამსარის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1991 მეტრ სიმაღლეზეა. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლებით და არაერთი ყურე, ასევე კუნძული აქვს. ტბას აკრავს მცირე ზომის ვულკანური წარმოშობის მთები. მის ნაპირებზე არის ლამაზი დასახლებები.
მარშრუტზე დაბა ბაკურიანიდან გადიხარ. ეს არის სათხილამურო კურორტი, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ბორჯომიდან ბაკურიანამდე 30 კმ-ია. რაც შეეხება საბოლოო წერტილს - ტაბაწყურს, იქამდე ბაკურიანიდან 27 კმ იქნება დასაფარი.
ბაკურიანიდან ტაბაწყურისკენ გზად ეგზოტიკური ხედები იშლება - გადათეთრებული ალპური მდელოები და მთები. ტურის გამორჩეული სანახაობაა ტაბაწყურის გაყინული ტბა. მას შეგიძლია ირგვლივ შემოუარო, შემდეგ კი ადგილობრივებს ესტუმრო, მათ კულტურას გაეცნო და სამცხე-ჯავახეთის არაჩვეულებრივი კერძები დააგემოვნო.
უკან იმავე გზით დაბრუნდები.
ტურის დასაჯავშნად წინასწარ უნდა დაუკავშირდე შესაბამის კომპანიას.
თოვლმავლების რაოდენობა ადამიანების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება, თითო თოვლმავალზე ერთი ან ორი ადამიანი თავსდება, ორი ადამიანის შემთხვევაში შესაძლებელია თოვლმავლის მართვა ერთმანეთში გადაინაწილონ. თოვლმავლები მიდიან კოლონად, ერთმანეთის თანმიმდევრობით, წინასწარ შედგენილი მარშრუტით.
აუცილებელია, გეცვას თოვლმავლებისთვის შესაფერისი კოსტიუმი და გქონდეს საჭირო აქსესუარები: სათვალე, ხელთათმანი, ნიღაბი და სპეციალური ფეხსაცმელი, რაც გაუკვალავ თოვლში გადაადგილებისთვის შესაბამის კომფორტს შეგიქმნის.