მთავარი სიძნელე ისაა, რომ გზად არ გხვდება საბანაკე სივრცე. მანძილის დასაფარად კი 10-12 საათია საჭირო.
ამის მიუხედავად, ლაშქრობის მოყვარულს წინ ბევრი თავგადასავალი და დაუვიწყარი შთაბეჭდილება გელის, რადგან ულამაზეს ადგილებს გაივლი და მათი ზემოდან დანახვა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებს.
მარშრუტი იწყება უშგულის თემში, სოფელ სოფ. ჩაჟაშში, ხიდთან დადგმული რკინის სანიშნე ბოძიდან (2100 მ.). სახელი ჩაჟაში სვანურად ცხენების სადგომს (ჩაჟ „ცხენი“) ნიშნავს. ხალხური გადმცემის თანახმად, როცა თამარ მეფე უშგულში ადიოდა, ცხენებს ამ სოფელში აჩერებდა. სოფელი ჩაჟაში მუზეუმად არის გამოცხადებულ და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.
სალაშქრო ბილიკი გაივლის ეთნოგრაფიულ მუზეუმთან, მდ.ენგურის გასწვრივ და ეშვება სოფ.მურყმელისკენ (2040მ). გზა, სულ რაღაც, 1 კმ-ია.
მურყმელი სვანურად კოშკების სოფელს ნიშნავს. ძველად აქ 80-მდე საბრძოლო კოშკი მდგარა, დღეს 10 კოშკია შემორჩენილი.
ამ სოფლიდან გზა ლატფარის უღელტეხილზე ადის. ის ორი მდინარის - ლამუშურისწყლისა (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) და ვალეეშის (ენგურის მარცხენა შენაკადი) სათავეებში მდებარეობს. უღელტეხილზე სუბალპური და ალპური მდელოებია. ის ზემო და ქვემო სვანეთს ერთმანეთთან აკავშირებს.
როცა უღელტეხილის უმაღლეს წერტილს მიაღწევ, იცოდე, რომ ზღვის დონიდან 3050 მეტრზე ხარ. შენ თვალწინ გადაშლილი ულამაზესი ხედები კი ქვემო სვანეთია.
შესვენებისა და სანახაობით ტკბობის შემდეგ დაეშვები ბილიკზე ქედის სამხრეთით. ბილიკი კლდოვან რელიეფს მიუყვება. სამხრეთით მდ. ცხენისწყლის ხეობა და ქვემო სვანეთის სოფლები მოჩანს. რამოდენიმე ღელეს გადაკვეთის შემდეგ ტყეში შედიხარ. ტყის შესასვლელშივე ხელმარჯვნივ არის წყარო. დაბლა მინდორზე მწყემსების 2 საზაფხულო ქოხი დგას. ტყიდან ბილიკით ჩადიხარ სოფელ მამისთან - უღელტეხილიდან სოფლამდე გზას, დაახლოებით, 1 სთ-ში დაფარავ.
ბოლო გაჩერებაა სოფელი მამი, რომელიც ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარეობს.