საქართველო ძველთაძველი კულტურის ქვეყანაა და მდიდარი ფოლკლორი აქვს - მრავალხმიანი სიმღერები, უნიკალური ცეკვები, საინტერესო მითოლოგია, საბრძოლო ხელოვნება და ხალხური რეწვა.
ეს ყველაფერი საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა, საფუძვლად კი ხალხის ცხოვრების თავისებურებები, ხასიათი, რწმენა და წარმოდგენები ედო.
ფოლკლორს ქართველები განსაკუთრებით უფრთხილდებიან, თაობები ერთმანეთს გადასცემენ და სურთ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს.
სწორედ ეს არის არტ-გენის მიზანი, რომელიც 2004 წელს როკმუსიკოსმა ზაზა კორინთელმა დააფუძნა.
როდის იმართება Art Gene?
ფესტივალი ყოველ წელს ივნისის ბოლოს იღებს სტარტს და თითქმის ერთი თვე გრძელდება. ჯერ რეგიონებს მოივლის, სადაც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები და ხალხური ხელოვნების გამოფენები ეწყობა, შემდეგ კი თბილისში ჩამოდის და ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ ერთკვირიანი დღესასწაული იწყება.
აქ შეგიძლია მთელი მინიატიურული საქართველო მოიარო - ქართლი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, სვანეთი, ხევსურეთი, კახეთი, მესხეთი, ჯავახეთი, გურია, იმერეთი, რაჭა და ლეჩხუმი. მოუსმინო, როგორ მღერიან ამ მხარეებში, ნახო მათი ცეკვები, ტრადიციული ქართული საბრძოლო ხელოვნება, შეიძინო ქართული ხელნაკეთი ნივთები და სამკაულები, გასინჯო ქართული კერძები, ღვინო, ლუდი და სრულიად უცნობ ადამიანებსაც დაუმეგობრდე. ფესტივალის საღამოები კი ცოცხალ კონცერტებს ეთმობა.
ფესტივალში მონაწილეობისთვის სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოდიან - კავკასიიდან, ევროპიდან (ლიეტუვა, საფრანგეთი, პოლონეთი, შოტლანდია, ინგლისი და სხვა), ასევე აფრიკიდან და მადაგასკარიდანაც კი.
ამიტომაც არის არტ-გენი დიდი ეთნოგრაფიული თავგადასავალი და თუ ზაფხული თბილისში უნდა გაატარო, ეს ფესტივალიც აუცილებლად შეიტანე შენს ტურისტულ გეგმაში.