გორი შიდა ქართლის ადმინისტრაციული ცენტრია და თბილისიდან დასავლეთით, 80 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ქალაქში 50 ათასი ადამიანი ცხოვრობს და აქ თითქმის ყველა შენობა საბჭოთა ეპოქას ეკუთვნის, რისი მიზეზიც 1920 წლის მიწისძვრაა, რომლის დროსაც ქალაქის შედარებით ძველი შენობები დაინგრა.
გორის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას 3000 წლის კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე, ანუ ღმერთის (ბატონის) ციხე მდებარეობს. ის იყო ძველი იბერიის მთავარი საკულტო ცენტრი, უნიკალური მრავალსართულიანი ქალაქი, რომელიც საქართველოს გაქრისტიანების შემდეგ წარმართული სარწმუნოების ციხესიმაგრედ იქცა.
გორის ცენტრში, კლდოვან ბორცვზე კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი, XIII საუკუნის ციხესიმაგრე - გორის ციხე მდებარეობს. ისტორიული მნიშვნელობის გარდა, გორის ციხე საინტერესო და იშვიათი ხედებითაც გაგაოცებთ. ციხის გადმოსახედიდან გორი და კავკასიონის უზარმაზარი ქედები და მთაგრეხილები ხელისგულივით მოჩანს. ციხის ქვემოთ კი შეგიძლია სკულპტურული კომპოზიცია ნახო, სადაც მებრძოლები ერთმანეთის მოპირდაპირედ სხედან. ძეგლი 2010 წელს დაიდგა და საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დროებით დაკარგვის სიმბოლოა.
გორის ღირსშესანიშნაობებს შორის აღსანიშნავია თანამედროვე არქიტექტურის იუსტიციის სახლი, ასევე კულტურისა და დასვენების პარკი გასართობი ატრაქციონებით. ქალაქის სტუმრებს აინტერესებთ სტალინის სახლ-მუზეუმიც, რომელიც უზარმაზარ შენობაშია განთავსებული. აქვეა პაწაწინა სახლიც, სადაც იოსებ სტალინმა ბავშვობის რამდენიმე წელი გაატარა. აქ ნახავთ სტალინის მატარებლის ტყვია და ცეცხლგამძლე ვაგონს, რომლითაც ის იალტის, თეირანისა და პოტსდამის კონფერენციებზე გაემგზავრა. მთლიანობაში, სახლ-მუზეუმში 60 000 ექსპონატი ინახება.
გამორჩეული ნაგებობაა გორიჯვრის XII საუკუნის ეკლესიაც, რომელიც გორის ცენტრიდან 4 კმ-ში მდებარეობს. გორიჯვარი, VII საუკუნის ატენის სიონთან ერთად, შიდა ქართლის მხარის მთავარი მართლმადიდებლური სალოცავია. ეს ძეგლები აუცილებლად უნდა მოინახულო, რადგან თითოეული მათგანი განსაკუთრებულია და საოცარი შთაბეჭდილებებით აგავსებს.