KA

დუშეთი

დუშეთი მცხეთა-მთიანეთის მხარეში ყველაზე დიდი, მრავალფეროვანი და საინტერესო ადმინისტრაციული ცენტრია გამორჩეული ბუნებით, ისტორიით, არქიტექტურით, უგემრიელესი სამზარეულოთი და მისტიკამდე აყვანილი წეს-ჩვეულებებით.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
1:05 სთ
ბათუმი
5:25 სთ
ქუთაისი
3:15 სთ

სად მდებარეობს დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტი საქართველოს ერთ-ერთი მაღალმთიანი რეგიონია, ქალაქი დუშეთი საშუალო სიმაღლის მთებსა და გორებშია მოქცეული. 

ის თბილისიდან 50 კმ-ში მდებარეობს და ლამაზი ტყეებითა და მინდვრებით გამოირჩევა, რაც შესანიშნავი ადგილია ლაშქრობებისა და სასიამოვნო დასვენებისთვის.   

დუშეთის ისტორია

როგორც არქეოლოგიური გათხრებით დგინდება, დუშეთის ისტორია ადრინდელი ანტიკური ხანიდან იწყება, მაგრამ ისტორიულ წყაროებში ის პირველად 1215 წელს იხსენიება. აქ არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. სწორედ აქ დამკვიდრდა მნიშვნელოვანი კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები და მრავალი ქართველი მწიგნობარი აღიზარდა.

რას ნახავ დუშეთში

დუშეთის ისტორიას მოგიყვება წილკნისა და დუშეთის ეპარქია, რომლის ტერიტორიაზეც, სოფელ წილკანთან ახლოს, ნაქალაქარზე აღმოაჩინეს ადრეული ქრისტიანული (II-III სს.) სამლოცველო, რაც პირველქრისტიანული თემის არსებობას მიანიშნებს. მთის გაქრისტიანების ისტორიაც ამ ადგილს უკავშირდება. საპატრიარქო პირველად აქ V საუკუნის ბოლოს დაარსდა.

საინტერესოა ჭილაშვილების ციხე-დარბაზი და, რაღა თქმა უნდა, გეოფიზიკური ობსერვატორია, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ცენტრია დედამიწის მაგნეტიზმის, ჰიდრომეტეოროლოგიის, ატმოსფერული ელექტრობისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად.    

დუშეთიდან ხუთ კილომეტრში მთებით გარშემორტყმულ სივრცეში ვულკანური წარმოშობის ბაზალეთის ტბაა.

დუშეთი უგემრიელესი სამზარეულოთიც განთქმულია - ფშავური ხინკლით, ყაურმით, დამბალხაჭოთი და სხვა. ის, აგრეთვე, განთქმულია ფერადი, ორნამენტული, ხელით ნაქსოვი ფარდაგებითა და მოქარგული, უნიკალური სამოსით, რომლის შეძენა და სუვენირის სახით სამშობლოში წაღება ყველას შეუძლია.   

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა