ამ ადგილას, სადაც ახლა ქალაქი თეთრიწყაროა, დაახლოებით 10 საუკუნის წინათ სოფელი გარისი მდებარეობდა. მისგან დღემდეა შემორჩენილი XII საუკუნეში აგებული სამონასტრო კომპლექსი „პირღებული“.
მას შემდეგ ამ დასახლებამ ოთხჯერ შეიცვალა სახელი. თეთრიწყარო კი 1940 წელს ეწოდა და მალევე ქალაქის სტატუსიც მიიღო.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 400-მდე ისტორიული ძეგლია. მათ შორის საინტერესოა: სამშვილდის ნაქალაქარი - ერთ-ერთი უძველესი ციხე-ქალაქი საქართველოში, რომელიც ძვ. წ. IV-III საუკუნეებს მიეკუთვნება; გოხნარის ლოდოვანი - ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მეგალითური ნაგებობა; ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი - XIII საუკუნის ძეგლი, რომელიც გამორჩეულია ქვაზე შესრულებული ჩუქურთმების სიმრავლით; ბირთვისის ციხე - XI საუკუნის უძლიერესი საფორტიფიკაციო ნაგებობა.
ამ მხარეში აღმოჩენილი საინტერესო არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები (11000 ექსპონატი) თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. მუზეუმში დაცულია ძვ.წ. IV-III ათასწლეულის რომის კეისრის ფულის მულაჟები, რაც იმას ადასტურებს, რომ საქართველოს უხსოვარი დროიდან ჰქონდა სავაჭრო ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან.
თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ფუნქციონირებდა თეატრი, სადაც 1837 წლის დეკემბერში საქართველოს ისტორიაში პირველი საოპერო სპექტაკლი დაიდგა.
თეთრიწყაროს მახლობლად მდებარეობს ულამაზესი ლიპის ტბა-წყალსაცავი, რომელიც დაბალი ტყითა და მინდვრებითაა შემოფარგლული. ეს საუკეთესო ადგილია პიკნიკის მოსაწყობად და კარვების გასაშლელად.
თეთრიწყაროში გამგზავრებამდე სეზონი უნდა გაითვალისწინო – ზამთარი აქ მკაცრია, ბარაქიანად თოვს და ყინვაც ძლიერი იცის. ეს ქალაქი ზღვის დონიდან 1180 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და საღამოობით ზაფხულშიც კი გრილა, ოღონდ ძალიან სასიამოვნოდ.