სტეფანწმინდის მთავარი მშვენება მყინვარწვერია, იგივე მწვერვალი „ყაზბეგი“, რომელიც ალპინისტებში და, ზოგადად, მთის სპორტის მოყვარულებში დღემდე დიდ ინტერესს იწვევს. მყინვარწვერის უმაღლესი წერტილიდან - 5054 მეტრიდან დანახული სამყარო კი გამაოგნებლად ლამაზია.
სტეფანწმინდა მყინვარწვერის ძირში მდებარეობს, ამიტომ აქ ყოველთვის გრილა და აუცილებლად გაიყოლე თბილი ტანისამოსი. ისიც გაითვალისწინე, რომ გუდაური-კობის საბაგირო გონდოლით დაახლოებით 40 წუთში ჩახვალ კურორტ გუდაურის სასრიალო სივრცეში.
სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) აღმოსავლეთ საქართველოში მდინარე თერგის ხეობაში მდებარეობს, რომელიც საქართველოში სიდიდით მესამე მდინარეა. სტეფანწმინდის დაარსების თარიღი უცნობია, თუმცა აქ ძვ.წ. VI-V საუკუნეების განძია აღმოჩენილი.
ადგილობრივ მოსახლეობას ბევრი დღესასწაული აქვს, მათ შორის ათენგენობა, ყაზბეგობა და გერგეტობა. ამ დღეებში აქ უამრავი ტურისტი იყრის თავს და საზეიმო განწყობაა კაფეებსა და რესტორნებში. სტეფანწმინდაში აუცილებლად უნდა გასინჯო აქაური, განთქმული ხინკალი, ვეგეტარიანელებისთვის კი საინტერესო კერძია ტრადიციული „ფხლოვანა“ - ხაჭაპური მცენარეული გულსართით.
თუ სტეფანწმინდის ცხოვრებაზე, ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებზე მეტის გაგება გსურს, სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმს უნდა ესტუმრო, რომელიც ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის მემორიალურ სახლშია განთავსებული. აქ შეგიძლია არა მარტო ხევის, არამედ კავკასიური კულტურისთვის, რეგიონის ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული მასალა, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრებიც დაათვალიერო.
სტეფანწმინდიდან სხვადასხვა ტურისტული მარშრუტი გადის და შეგიძლია, ფეხით მოაწყო ლაშქრობა, საკუთარი მანქანით იმგზავრო ან ჯიპტურებით ისარგებლო - გააჩნია, რა მიმართულებას აირჩევ. თუმცა არის რამდენიმე ადგილი, რომლებიც არ უნდა გამოტოვო. ესენია:
გერგეტის სამება - სტეფანწმინდის გვირგვინი და ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი. ტაძარი დაახლოებით XIV საუკუნეშია აგებული. ძველად, როცა საქართველოს მტერი შემოესეოდა, აქ ინახავდნენ ეკლესიის საგანძურს გადასარჩენად, რადგან იქამდე მისასვლელად რთული გზა იყო. დღეს სტეფანწმინდიდან გერგეტზე ასასვლელად სამანქანო გზაა, თუმცა შეგიძლია ჯიპტურითა და გიდის მომსახურებითაც ისარგებლო.
ჯუთა - ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი სოფელი. ის ზღვის დონიდან 2 222 მეტრზეა და თანაც აქ მუდმივად ცხოვრობენ ადამიანები. ჯუთამდეც სამანქანო გზა მიდის.
დარიალის ხეობა - ეს ხეობა მდინარე თერგის ერთ-ერთი მონაკვეთი და მოგზაურთა საყვარელი ადგილია. ხეობა მდიდარია ჩანჩქერებითა და ტბებით, რომელთა შორის აღსანიშნავია გველეთის ჩანჩქერი და გულის ფორმის ტბა. აქ უკვე შეგიძლია კარვებით ახვიდე, სპეციალურ საკემპინგო ადგილზე დაბანაკდე, დატკბე შთაბეჭდილებებით, გადაიღო ბევრი ლამაზი ფოტო და აქაური სილამაზე მეგობრებს გაუზიარო.