KA

ცაგერი

იდუმალებით მოცული ხვამლის მთა, რომელზედაც, ზევსის ბრძანებით, პრომეთე მიაჯაჭვეს, აქ, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. ხვამლს ბევრი სხვა ლეგენდა უკავშირდება, ისევე, როგორც ცაგერს, რომლის ისტორია ძველი წელთაღრიცხვიდან იწყება.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
5:15 სთ
ბათუმი
3:35 სთ
ქუთაისი
1:30 სთ

ცაგერის ისტორია

მეცნიერები ადასტურებენ, რომ ადამიანები აქ ქვის ხანიდან ცხოვრობდნენ. მეტიც, ბრინჯაოსა და რკინის ხანაში ცაგერი მეტალურგიის ერთ-ერთი მძლავრი კერა იყო. ამაზე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ძვ. წ. X-IX საუკუნეების ბრინჯაოს ნივთების მთელი საგანძური მეტყველებს.  

ანტიკური ხანიდან ცაგერი ლეჩხუმის მთავარი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი გახლდათ. აქ მდებარეობდა მხარის მმართველთა რეზიდენცია და საგვარეულო ციხესიმაგრე. 

ცაგერს აფარებდნენ თავს მტრისგან დევნილი დიდებულების ოჯახები. მას, როგორც ძნელად მისავალ ადგილს, სამეფო განძსაცავადაც იყენებდნენ.

რა ვნახოთ ცაგერში?

ბუნებრივია, დიდი ისტორიის მქონე ცაგერი ისტორიული ძეგლებითაც მდიდარია. 

აუცილებლად უნდა ნახო მურისა და ორბელის ციხესიმაგრეები, გონისა და ცხეთის წმინდა გიორგის ეკლესიები, სოფელ გვესოს ციხის ნანგრევები და უამრავი სხვა ძეგლი. 

შეიარე ცაგერის ისტორიულ მუზეუმში. აქ დაცულია ადრეული ბრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეებამდე პერიოდის არტეფაქტები - ბრინჯაოს ფიგურები, საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, ნუმიზმატიკური ნიმუშები და სხვა ექსპონატები. 

ნახე ქართველი პოეტის, ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი. 

აუცილებლად ეწვიე ცაგერის მწვანე თეატრს, რომელიც მხარის ახალ ისტორიას ქმნის. 

ცაგერის კურორტები

ცაგერი ზღვის დონიდან 475 მეტრზე მდებარეობს და მის კურორტებს - ლაშიჭალასა და ახალჭალას ბალნეოლოგიური მნიშვნელობა აქვს. აქაური მინერალური წყლები დასალევადაც გამოიყენება და აბაზანებისთვისაც.

ცაგერის ბუნება  

საშუალო და დაბალი სიმაღლის ქედები, ქვაბულები, ღრმად ჩაჭრილი ვიწრო ხეობები - ეს არის ნაწილი იმისა, რაც ცაგერში გელოდება. 

თავისთავად სანახავია მითური ხვამლი, ცაგერის უმაღლესი ადგილი - ცეკურის მთა, რომლის სიმაღლე 3173 მეტრია, ასევე ასხის მასივი, რომლის უმაღლესი წერტილი 2519 მეტრია და ულამაზესი ხედები - საირმის სვეტები, ქულბაქის ტბები, რაჩხისა და ჩქუმის ჩანჩქერები.

თბილისიდან - 318 კმ-ის, ქუთაისიდან კი 70 კმ-ის გავლაა საჭირო იმისთვის, რომ ცაგერის სილამაზეს ეზიარო.   

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა