მუზეუმ-ნაკრძალი 1981 წლიდან ფუნქციონირებს და მის არეალში იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული, არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლები შედის. მათ შორისაა XI საუკუნის ბაგრატის საკათედრო ტაძარი და XII საუკუნის გელათის სამონასტრო კომპლექსი, ასევე, XII საუკუნის მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი, ამავე პერიოდის მეფეთა სასახლე გეგუთში და XVI საუკუნის იმერეთის მეფეთა სასახლე – „ოქროს ჩარდახი“.
ამჟამად ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალში 805 ძეგლი შედის.
გელათთან ახლოს სოხასტერის მონასტერი მდებარეობს, რომელიც ტურისტებისთვის საკმაოდ საინტერესო ადგილია. ამ მხარეში მოგზაურობისას ასევე უნდა ეწვიო: საგვარჯილის მღვიმეს, შორაპნის ციხეს, ნიკორწმინდას, კულაშს, ლაილაშს, ონსა და მათ სინაგოგებს.
ამის შემდეგ კი შეგიძლია კაცხის სვეტს ეწვიო და ბუნების ეს საოცრება ფოტოაპარატზეც აღბეჭდო. თუკი ვანის ანტიკური ნაქალაქარშიც ჩახვალ, კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რომ საქართველო მართლაც უნიკალური ქვეყანაა.