KA
Kolkheti National Park

კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკის დაცული ტერიტორიის ფლორა და ფაუნა საოცრად მრავალფეროვანია, რაც ტურისტებს, მეცნიერებსა და უბრალოდ, თავგადასავლების მოყვარულ ადამიანებს განსაკუთრებით იზიდავს.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
ფოთი

რა უნდა იცოდე კოლხეთის ეროვნულ პარკზე?

კოლხეთის ეროვნული პარკი ხუთი ადმინისტრაციული ერთეულის - ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზე, პალიასტომის ტბის აუზისა და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლის 44 000 ჰექტარ ფართობზე არსებული ეკოსისტემაა. 

აქ შემონახულია კოლხეთისთვის დამახასიათებელი ჭაობისა და დაბლობი ტყეების ლანდშაფტი; აგრეთვე, საქართველოს წითელ ნუსხაში შესული კოლხური მუხა, ლაფანი და კოლხური ბზა; ტერიტორიაზე იხილავ დაზიანებული ფლორის წარმომადგენლებსაც - იფანს, ქართულ მუხასა და თხმელას; აქ შეგხვდება გადაშენების პირას მისული მცენარეთა ორი სახეობაც - ყვითელი ყაყაჩურა და ზღვის შროშანი. სასეირნო ბილიკებზე კი შეიძლება შველმა, ნუტრიამ ან წავმა გადაგირბინოს.

კოლხეთის ეროვნული პარკის ფაუნა

ფრინველების მიგრაციით პარკი მსოფლიოში მესამე ადგილზეა. წყლის ფრინველებზე დაკვირვება აქ წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, საამისოდ არაერთი კოშკურაა მოწყობილი, ცაში კი 194 სახის ფრინველი დაფრინავს, რომელთაგან წითელი იხვი, კუდსადგისა და ექვსი სახეობის არწივი “წითელ წიგნშია” შეტანილი. 

პარკში წყლისპირა კოტეჯშიც შეძლებ ღამის გათევას, ხოლო კოცონზე მეთევზეების მიერ დაჭერილი თევზის შეწვის შესაძლებლობაც გექნება.

2021 წელს კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ სახელით  UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა და ღირსეული ადგილი მოიპოვა ისეთი ცნობილი ბუნებრივი მემკვიდრეობების გვერდით, როგორებიცაა ამაზონის ტყე, შვეიცარიის ალპები, გრანდ კანიონის ეროვნული პარკი და სხვა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა