თბილისის ცნობილი არქიტექტორი თენგიზ კვირკველია ამბობს, რომ სასახლის მთავარი ნაწილები, როგორიცაა კოშკები, ბურჯები და კედლები, გაკეთებულია რიყის ქვისა და ბრტყელი ქართული აგურების კომბინაციით. თუ კარგად დააკვირდებით, კედლებზე გამოჩნდება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზოლები, რომლებიც ქვის მჭიდრო წყობით არის გამოყვანილი. ისტორიკოსი გიორგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ეს წყობა დაწნული მათრახის ან ვაზის ფორმას იმეორებს, რაც იმ დროის სხვა შენობებსა და ჩუქურთმებში გვხვდება ქართლისა და კახეთის მიდამოებში.
დედოფლის სასახლის ყველაზე ცნობილი ნაწილი არის ცისფერი, მოჩუქურთმებული მრგვალი აივანი, რომელიც წინ წამოწეულ დიდ ბურჯს ეყრდნობა და შენობის "ცხვირს" ქმნის. ამ დიზაინის მიზანი მხოლოდ სილამაზე არ იყო, არამედ პრაქტიკულობაც – აივნიდან კარგად ჩანდა მტკვრის ხეობა და ქალაქის ცენტრი, რაც დედოფლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. სასახლესთან მისვლა აივანზე მდგომი გუშაგის შეუმჩნევლად ძალიან რთული იქნებოდა. ბურჯს გვერდით აქვს დაბალი გალავანი, რომელიც თავდაპირველად დაცვის მიზნით იყო აშენებული, მაგრამ ახლა არქიტექტურული დეტალია.
კომპლექსის შიგნით მთავარი ნაწილებია დედოფლის დარბაზი და სამეფო აპარტამენტები. ასევე შემორჩენილია დამატებითი სათავსოები, რომლებიც დარბაზის გარშემო იყო განლაგებული, და კარის ეკლესია. სასახლის ინტერიერში ყურადღება ძირითადად დეკორაციებზე იყო გამახვილებული, თუმცა ახლა მისი გაფორმება საკმაოდ უბრალოა და ბევრი ნაწილი დაკარგულია. კარგად არის შემორჩენილი ქართული დეტალები, ძირითადად ხეზე ნაკვეთი ორნამენტები, მაგრამ შიდა სივრცეებში ირანული სტილის დეკორაციებიც არსებობს, რაც იმ დროის სპარსული კულტურის გავლენას ასახავს.
სასახლის მშენებლობა დაიწყო 1776 წელს, დარეჯან დედოფლისთვის, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის მეუღლის რეზიდენციად. სამშენებლო პროცესში მნიშვნელოვანი როლი დედოფლის საქმეთა მმართველმა, იოსებ ყორღანაშვილმა შეასრულა, რომელმაც დიდი დახმარება გასწია. 1797 წლის დოკუმენტით დარეჯან დედოფალმა მას მადლობის ნიშნად ავლაბარში ზეთის ქარხანა აჩუქა.
1789 წელს დედოფლის ბრძანებით სასახლეს დაემატა კარის ეკლესია წმინდა ირაკლისა და წმინდა დარიას სახელზე.
სასახლის მნიშვნელობის ზრდა გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ იგი თითქმის დაუზიანებელად გადაურჩა 1795 წლის აღა-მაჰმად-ხანის შემოსევას, როდესაც ისტორიული თბილისის დიდი ნაწილი განადგურდა. სასახლე კი ერთ-ერთი იმ შენობებიდანაა, რომელმაც ძირითადად შეინარჩუნა თავისი პირვანდელი სახე.
1803 წელს, როდესაც დარეჯან დედოფალი პეტერბურგში გადასახლდა, სასახლე რუსმა თეოფილაქტემ შეიძინა და იქ სასულიერო სემინარია გახსნა. შემდეგ, 1824 წელს, მიტროპოლიტმა იონამ ტაძარი მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე აკურთხა და მონასტერი დააარსა. 1862 წელს აქ გაიხსნა სკოლა სამღვდელოების ბავშვებისთვის. 1906-1908 წლებში მონასტრის წინამძღვარი იყო მომავალი პატრიარქი ამბროსი ხელაია.
საბჭოთა პერიოდში სასახლე ჩამოერთვა ეკლესიას და ხშირად შეიცვალა მისი გამოყენება. ჯერ ქალაქელებმა დაიკავეს, რის შედეგადაც შენობა გადაკეთდა და ახალნაშენები დაემატა. მხოლოდ 1970-იან წლებში მოხერხდა მობინადრეების გასახლება და დაიწყო რესტავრაცია, რომელიც 2 წელი გაგრძელდა და აღადგინა შენობის პირვანდელი სახე.
შემდეგი პერიოდი კომპლექსი კულტურული მიზნებისთვის გამოიყენეს. 1987-1988 წლებში, მცირე რემონტის შემდეგ, აქ იყო ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის თეატრი. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა და ახლა აქ ფერისცვალების დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.
2024 წელს კომპლექსის სრული რესტავრაცია დასრულდა და აგვისტოდან სასახლემ სტუმრების მიღება დაიწყო.
სასახლისკენ ორი ძირითადი გზა არსებობს.
პირველი გზა: წადით თავისუფლების მოედანზე, შემდეგ ბარათაშვილის ქუჩას მიჰყვებით მეტეხის ხიდისკენ. ხიდი გადაკვეთეთ და აღმართზე ასვლისას კიბეები გამოჩნდება, რომლებიც სასახლემდე მიგიყვანთ.
მეორე გზა: თუ უკვე მარცხენა სანაპიროზე ხართ, მიჰყევით რიყის პარკს. ეს გზა უფრო სასიამოვნოა და პარალელურად რამდენიმე საინტერესო ადგილის მონახულებასაც შეძლებთ.
თუ ტრანსპორტით მიდიხართ, ავლაბრის მეტრო სადგური აიღეთ ორიენტირად. სადგურიდან სასახლემდე 10 წუთში მიაღწევთ.
დარეჯანის სასახლე ისტორიულ უბანში მდებარეობს და ქალაქის ცენტრიდან 15-20 წუთის დაშორებითაა. მასთან ახლოსაა: