KA
Mother of Georgia Statue

ქართლის დედა

ქართლის დედა მონუმენტურ სტილში შესრულებული 20-მეტრიანი ალუმინის ქანდაკებაა, რომელიც ქალაქს სოლოლაკის ქედიდან გადაჰყურებს.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

ქართლის დედა: თბილისის სიმბოლო

ქანდაკება ასახავს ქალს ტრადიციულ ქართულ სამოსში. მარცხენა ხელში მას ღვინის თასი უჭირავს, როგორც ქართული სტუმართმოყვარეობის სიმბოლო; მარჯვენაში კი ხმალი უპყრია, რომელიც ასახავს ქართველთა მზადყოფნას, მტერს მედგრად დაუდგნენ. ეს დიქოტომიური სანახაობა  ქართული ეროვნული ხასიათის მთავარი მახასიათებლების დემონსტრაციაა - ქართველი კეთილგანწყობილია სტუმრების მიმართ, მაგრამ მზადაა ბოლომდე იბრძოლოს მათ წინააღმდეგ, ვინც მათ სამშობლოს ემტერება.

ქართლის დედის ავტორი გამოჩენილი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი ელგუჯა ამაშუკელია. მონუმენტი 1958 წელს აღიმართა, თბილისის დაარსებიდან 1500 წლის იუბილეს აღსანიშნავად. თავდაპირველად ელგუჯა ამაშუკელმა ქანდაკებას „დედაქალაქი“ უწოდა, მაგრამ ქართველმა ხალხმა მას „ქართლის დედა“ შეარქვა. საბოლოოდ, ეს სახელი იმდენად პოპულარული გახდა, რომ რამდენიმე წლის მერე ხელისუფლებამ ქანდაკებას სახელი ოფიციალურად გადაარქვა.

ამაშუკელის ორიგინალი ნამუშევარი ხისგან იყო დამზადებული, რადგან გეგმის მიხედვით ინსტალაცია დროებითი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ქანდაკება აღმართვის დღიდან ისეთი პოპულარული გახდა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მალევე შეცვალა. 1963 წელს მონუმენტი ალუმინის ფირფიტებით დაფარეს, ბუნებრივი პირობებისა და სხვა საფრთხისგან რომ დაეცვათ. 

1966 წელს ელგუჯა ამაშუკელი “ქართლის დედისთვის” დაჯილდოვდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიით.

1997 წელს, როდესაც პირველი ქანდაკებისთვის მიყენებული დაზიანებების სრულად აღდგენა შეუძლებელი გახდა, იგი დაშალეს და ახლით ჩაანაცვლეს.

ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქართლის დედა იქცა არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთლიანად საქართველოს სიმბოლოდ, რომელშიც გამოხატულია ქვეყნის კულტურა, ისტორია, იდენტობა და გამძლეობა.

როგორ მივიდეთ ქართლის დედამდე

ქანდაკებამდე მისასვლელად ყველაზე მარტივი და სწრაფი გზაა რიყის პარკიდან ნარიყალას ციხემდე საბაგიროთი ასვლა. საბაგირო, როგორც წესი, დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე მუშაობს, მაგრამ ტურისტული სეზონის პიკზე სამუშაო საათები შესაძლოა გაიზარდოს და საბაგირომ 12 საათამდეც იმუშაოს თუ მოთხოვნა საკმარისად მაღალი იქნება (დაეკითხეთ პერსონალს, როდის ჩამოვა ბოლო საბაგირო ზედა სადგურიდან). გზა ნარიყალას ციხემდე დაახლოებით 2 წუთს წაიღებს, შემდეგ კი 5-7 წუთი ფეხით სიარული დაგჭირდებათ თავად ქართლის დედამდე მისასვლელად.

ალტერნატიულად, მათ, ვისაც ფეხით სიარული ურჩევნია და პარალელურად თბილისის დათვალიერება სურს, შეუძლიათ ქანდაკებამდე ბეთლემის ქუჩაზე მდებარე კიბის გავლით ასვლა. გზა ადგილ-ადგილ ციცაბოა, მაგრამ კარგად მოკირწყლული და უსაფრთხოა, ახლო-მახლო კი ბევრი ისტორიული ადგილია სანახავი, მათ შორის ჯუმას მეჩეთი და აბანოთუბნის ცნობილი გოგირდის აბანოები.

შეეცადეთ, ქანდაკების სანახავად ან დილით ადრე, ან შუადღის მერე ახვიდეთ, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში. ასე დიდ ტურისტულ ნაკადებსაც აიცილებთ, ზენიტში მყოფ მწველ მზესაც და საქართველოს დედაქალაქის საუკეთესო ხედების გადაღებასაც საუკეთესო განათებით შეძლებთ.

ღირსშესანიშნაობები ქართლის დედის მახლობლად

ქართლის დედა ქალაქის ისტორიულ ცენტრში დგას, რაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ვიზიტორს, მოინახულოს თბილისის რამდენიმე ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა ისე, რომ ამაზე დიდი დრო არ დაკარგოს:

ნარიყალას ციხესიმაგრე - უძველესი ციტადელი, რომელიც იმავე ქედზე, ქართლის დედას ქანდაკებიდან ხუთი წუთის სავალზე მდებარეობს. ამ ადგილას ციხის არსებობა პირველად IV საუკუნის მოვლენებთან დაკავშირებით გვხდება (იმ დროს მას კალას უწოდებდნენ). ამჟამად არსებული ისტორიული ნაგებობები XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. მათ შორის ციხის კედლის გასწვრივ ვიწრო კიბეები, რომლებზეც ნებადართულია ნაგებობის თავზე ასვლა. ნარიყალას კედლებიდან საუკეთესო ხედები იშლება თბილისის ისტორიულ უბნებზე.

თბილისის ბოტანიკური ბაღი - 128 ჰექტარზე გაშენებული ბაღი სოლოლაკის ქედის სამხრეთით მდებარეობს და რამდენიმე საუკუნეს ითვლის (პირველი ბაღები ამ ტერიტორიაზე XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება). აქ დაცულია 3500-ზე მეტი მცენარე მთელი მსოფლიოდან. მთავარ ღირსშესანიშნაობებშია იაპონური ბაღი, სათბური და ბუნებრივი ჩანჩქერი.

აბანოთუბანი - ეს უბანი ცნობილია გოგირდის აბანოებით, რომლებიც მრავალ საუკუნეს ითვლიან. აბანოები ადვილად ამოსაცნობია თავიანთი უნიკალური არქიტექტურული დეტალის - მიწიდან აწვერილი აგურით მოპირკეთებული მრგვალი აგურის გუმბათების - გამოისობით. 

ძველი თბილისი - ქალაქის ისტორიული ნაწილი, რომელიც ცნობილია გამორჩეული სახასიათო არქიტექტურით, ციცაბო, ვიწრო და ხშირად მოკირწყლული გზებით და აქტიური კულტურული ცხოვრებით. ქალაქის ყველაზე ცნობილი და ხალხისთვის საყვარელი სამხატვრო გალერეების, კაფეებისა და ბარების უმეტესობა სწორედ ამ უბანში მდებარეობს. 

თავისუფლების მოედანი - როგორც წესი, მიიჩნევა ქალაქის ცენტრალურ წერტილად და თბილისის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა. მოედნის ცენტრში 29-მეტრის სიმაღლის კვარცხლბეკზე მოოქრული წმ. გიორგის ქანდაკება დგას. პოპულარული თავშეყრის ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის, რადგან ახლოსაა თბილისის მრავალ ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობასთან.

მშვიდობის ხიდი - თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბნის ყველაზე მოდერნისტული ელემენტი. მინისა და ფოლადისგან დამზადებული ეს საცალფეხო ხიდი, რომელიც მდინარე მტკვარს კვეთს, შექმნილია იტალიელი არქიტექტორის მიქელე დე ლუჩის მიერ. ცნობილია თავისი მშვილდის ფორმის შუშის გუმბათით. საუკეთესო სანახავია ღამით, როცა ხიდი 1208 ფერადი LED ნათურითაა განათებული.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა